სამართალი

რეპორტაჟი: როგორ დატოვეს პატიმრობაში 400-ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები

23 ნოემბერი, 2024 •
რეპორტაჟი: როგორ დატოვეს პატიმრობაში 400-ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები

ჩანიშნული სხდომის სამჯერ გადადების შემდეგ, 22 ნოემბერს, გაიმართა 400-ლარიანი, დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხდომა სამჯერ გადაიდო – სამივე შემთხვევაში მიზეზად მოსამართლის ავადმყოფობა დასახელდა. ნათია გუდაძე 22 ნოემბრის სხდომაზე პირბადით გამოცხადდა. ბრალდებულების ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ სასამართლო განზრახ ჭიანურდება, რათა დაკავებულები დამნაშავედ მას შემდეგ გამოაცხადონ, რაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის მანდატი შეუწყდება, რათა მან შეწყალება ვეღარ შეძლოს.

“მე მხოლოდ ჯანმრთელობას გისურვებთ. იმედი მაქვს, რომ ყველანაირი პრობლემა, რომელიც იწვევს თქვენს შეუძლებლობას, რომ პროცესი ჩაატაროთ, დროულად აღმოიფხვრება. თუმცა, თუკი ასეთი მოცემულობა გაქვს, რომ ამ ადამიანებმა კიდევ მეტი დრო უნდა გაატარონ საპატიმროში იმ მიზეზით, რომ სასამართლოს სხდომის ჩატარება არ შეუძლია, გთხოვთ, რომ განიხილოთ შესაძლებლობა, რომ სხვა მოსამართლემ განიხილოს საქმე. პრინციპი, რომ პატიმრობის საქმეების სწრაფი განხილვა და ამ ახალგაზრდების ციხეში ყოფნის გათვალისწინება, მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ამ საქმის განხილავს თქვენ გააგრძელებთ თუ სხვა მოსამართლეს დაეწერება”, – ასე მიმართა მოსამართეს შოთა თუთბერიძემ, საბა მეფარიშვილის ადვოკატმა.

გარდა ამისა, თუთბერიძემ განმარტა, რომ როცა ბრალდებულები დაპატიმრებულები არიან, სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტად აქციოს ამ საქმის განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიციით, ბრალდებულების პატიმრობა თავიდანვე უსაფუძვლო იყო, თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად თვლის, უნდა იხელმძღვანელოს სწორედ ამ სტანდარტით და ეს საქმე სხვებთან შედარებით სწრაფად განიხილოს.

ამავე თემაზე: SJC ხსნის, რატომ აჭიანურებენ ჯებირის დაზიანებაში ბრალდებული ახალგაზრდების სასამართლოს

შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ სხდომა დანიშნა არა მოსამართლემ, პროკურორმა, ან ადვოკატებმა, არამედ კანონმა – როცა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობაა გამოყენებული, სავალდებულოა ეს საკითხი 2 თვეში ერთხელ გადაისინჯოს, წინა სხდომა კი ზუსტად 2 თვის წინ გაიმართა. შესაბამისად, დაგეგმილი ეტაპის – მტკიცებულებათა გამოკვლევის ნაცვლად დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის გადასინჯვის საკითხი განიხილეს. ეს ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა კვლავ გაჭიანურდა.

ორივე ბრალდებულის ადვოკატები პატიმრობის უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლას ითხოვდნენ. მოსამართლეს შესთავაზეს გირაოს პირობითი რაოდენობაც – 5000 ლარი ომარ ოკრიბელაშვილის შემთხვევაში და 10 000 – საბა მეფარიშვილის შემთხვევაში. თუმცა, მზად იყვნენ დათანხმებოდნენ უფრო მეტი თანხის გადახდას – ადვოკატებს საჭირო თანხის მობილიზებაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.

გარდა ამისა, ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ პატიმრობა შეეცვალა აღკვეთის ღონისძიების სხვა ნებისმიერი ფორმით. მათ შორის, ელექტრონულ სამაჯურით, რომლითაც შსს-ს საშუალება ექნებოდა გაეკონტროლებინა ბრალდებულების გადაადგილება; ან, მათი გადაადგილების შეზღუდვით მშობლიური ქალაქის, ან თუნდაც სახლის მასშტაბით.

ნათია გუდაძემ არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, ამის საპირისპიროდ – დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის მოთხოვნა და ორივე ბრალდებული – 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილიც და 23 წლის საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვა.

რას ედავება პროკურატურა დაკავებულებს

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 12 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. სხვისი ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში მყოფი 400-ლარიანი, რკინის დროებითი ჯებირია, რომელიც უწყებას აქციის მონაწილეებისა და პარლამენტის შესასვლელ შორის ჰქონდა აფარებული.

ექსპერტიზის დასკვნის მიხევდით, 400-ლარიდან 250 თავად ნივთის ღირებულებაა, 150 კი მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა. ადვოკატებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზიანი, რომელიც შსს-ს მიადგა, უკვე ანაზღაურებულია, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ბრალი არ დამტკიცებიათ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რისთვისაც ისინი პატიმრობის სხვა ფორმით შეცვლას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულები უარყოფენ, რომ დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინეს, რადგან ისინი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ.

მუხლს, რომლითაც ახალგაზრდებს ასამართლებენ, დამამძიმებელ გარემოებად ქმედების ჯგუფურად ჩადენა გასული წელს, რუსული კანონის პირველად დაინიციირებისას და მისი საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დაემატა. შესაბამისად, გაიზარდა სასჯელიც. სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი საკონსტიტუციოში მიმდინარე წლის მარტში დარეგისტრირდა, თუმცა საქმის წარმოება ამ დრომდე არ დაწყებულა.

რის საფუძველზე ითხოვდნენ ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის გათავისუფლებას

ადვოკატები პატიმრობის სხვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობისას, ყურადღებას ამახვილებდნენ დაკავებულთა ასაკზე, სოციალურ მდგომარეობაზე, მათ წარსულ გამოცილებაზე – არ აქვთ კრიმინალური წარსული, პიროვნულ მახასიათებლებზე, საპატიმრო დაწესებულებაში მათ ყოფა-ქცევაზე და ა.შ. გარდა ამისა მათ დეტალურად განიხილეს ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა გამოც დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოკლე შინაარსს:

  • არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
    ადვოკატებმა განმარტეს, ინციდენტი, რომელთა გამოც ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დააკავეს, მოხდა მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, მათი აღელვების ნიადაგზე. მას ჰქონდა თავისი კონტექსტი. გარდა ამისა, დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან, არის ერთჯერადი ხასიათის და არ აქვს სისტემური სახე. მაგალითად, როცა ადამიანი ბრალდებულია სისტემატურ ოჯახში ძალადობაზე, ლოგიკურია, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეიფარდოს. თუმცა, მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის შემთხვევაში იგივე ქმედების გამეორების არც მიზანი და არც პოტენციალიც აღარ არსებობს.
    იურისტებმა განმარტეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანის პატიმრობაში დატოვე აბსტრაქტული საფუძვლებით – დაშვებით, რომ მან პოტენციურად რაღაც ცუდი შეიძლება გააკეთოს. კონკრეტული რისკები კი ბრალების მხარეს არ დაუსახელებია.
  • არ არსებობს მიმალვის საფრთხე.
    სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყნიდან გაქცევის საფრთხის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა ბრალდებულის კონტაქტები, ან ცხოვრების გამოცდილება სხვა ქვეყანაში. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ დაკავებულებს არც ახლო ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავთ საზღვარგარეთ, რომელთა დახმარებითაც მიმალვა შეეძლებათ. გარდა ამისა, არ აქვთ ამ რისკის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი. მათი ეკონომიკური, ემოციური თუ სოციალური კავშირები უკავშირდება მათ ოჯახის და იმ საცხოვრებელ გარემოს, სადაც დაპატიმრებამდე ცხოვრობდნენ.
  • არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
    როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, ძირითადი მტკიცებულებები – ექსპერტიზის დასკვნა და ვიდეომტკიცებულება სასამართლოსთვის უკვე წარდგენილია და ისინი ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, რისკი იმისა, რომ ბრალდებულები უწყებაში შევიდნენ და ეს მტკიცებულები წამოიღონ, ან სხვა რაიმე გზით გაანადგურონ, ფაქტობრივად არ არსებობს. ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, განემარტა, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების და რა ფორმით განადგურების რისკის გამო შეუფარდა ბრალდებულებს პატიმრობა. თუმცა, ნათია გუდაძეს ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.
  • არ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.
    იგივე ლოგიკა ვრცელდება მოწმეებზე პოტენციურად ზეწოლის რისკებზეც. როგორც აღინიშნა, მოწმეთა უმეტესობა მოქმედი პოლიციელია. მათთან კომუნიკაციის და მით უმეტეს, მათზე რაიმე ზეწოლის შესაძლებლობა და ბერკეტი ბრალდებულებს ფიზიკურად არ აქვთ.
  • ეკონომიკური შესაძლებლობა.
    ადვოკატების მხრიდან განიმარტა, რომ თუ ზემოთ ჩამოთვლილი რისკების დაზღვევის უზრუნველყოფა სხვანაირად შეიძლება, სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს პატიმრობა. მათ თქმით, ბრალდებულების ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხა, რომელსაც ისინი გირაოს ფორმით გადაიხდიან და მისი დაბრუნების გარანტია არის ის ფაქტორი, რომლის გამოც ისინი საკუთარ თავს და ოჯახს რისკის ქვეშ არ დააყენებენ;
  • შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ იმ რისკების გამორიცხვით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ახალგაზრდა ადამიანების ციხეში დატოვება არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ მათი წახალისებაა, ინტეგრირდნენ ციხის კულტურასთან. ადვოკატმა თქვა, რომ გათავისუფლების შემდეგ მათ შესაძლოა გამოჰყვეთ ის უარყოფითი გავლენები, რასაც ციხეში შეიძლება გადააწყდნენ. მით უფრო, რომ ექნებათ უსამართლობის გრძნობა და ნდობას დაკარგავენ როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების მიმართ;
  • ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულები თავს არ აარიდებდნენ სასამართლოში გამოცხადებას და ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან.

საპასუხოდ, პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, რომ ორივე ბრალდებულის შემთხვევაში არსებობდა ყველა ის რისკი, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმის გამოყენება აუცილებელი იყო. მათ შორის, როგორც მიმალვის, ისე განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკები. ამიტომ, ის მან ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

პროკურორის სიტყვით გამოსვლის დროს შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა. მან სასამართლო დარბაზში გონება დაკარგა, რა დროსაც საბა მეფარიშვილი ბრალდებულის სკამიდან წამოდგა და დედისკენ გაემართა. თუმცა, ის ბადრაგებმა შეაჩერეს და მშობელთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

“დედაჩემია, ხელი გამიშვი ბიჭო, დედაჩემია ძმაო, დედაჩემია, არსად არ მივდივარ” – ასე მიმართავდა ის ბადრაგებს, ბაბუა და ოჯახის სხვა წევრები კი, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, მას დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ.

საბოლოოდ, ბადრაგებმა საბა მეფარიშვილს ხელბორკილები გაუკეთეს და დარბაზიდან ძალით გაიყვანეს ისე, რომ დედასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მას შემდეგ რაც ქალი სასამართლოს ექიმმა მოინახულა და განხილვაზე დასწრება მისთვის შესაძლებელი გახდა, სხდომა განახლდა. ის დარბაზში დარჩა იქამდე, სანამ მისი შვილი ბადრაგებმა დარბაზიდან უკვე საბოლოოდ არ გაიყვანეს.

სხდომის განახლების შემდეგ პროკურორმა მოკლედ შეაჯამა სიტყვა და თავისი არგუმენტები არ განუვრცია. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ფორმალური პოზიცია, რომელიც ისეთივე “წარმატებით” მოერგებოდა ნებისმიერი სხვა ბრალდებულის საქმეს.

ამის მიუხედავად, მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან თქვა, მათი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების ფორმის გადასინჯვა არის შესაძლებელი. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით მოსამართლეს დაკავებულები თავიდანვე არ უნდა დაეტოვებინა პატიმრობაში. მისი თქმით, ახალი გარემოებაა ის, რომ ეს ადამიანები უკვე ექვსი თვეა უსამართლოდ და უსაფუძვლოდ იმყოფებიან საპატიმროში და ბრალდების მხარეს ამის გასამართლებელი რეალური არგუმენტები არ აქვს.

მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და საქმის გაყოფა

სხდომის დასასრულს, ომარ ოკრიბელაშვილი ადვოკატებმა, დავით გამყრელიძემ და დავით სანაძემ განაცხადეს, რომ ისინი ბრალდების მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას უდავოდ ცნობდნენ. მოგვიანებით, მათ განმარტეს ამის მიზანი – ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სასამართლოს დასრულების დაჩქარება და განაჩენის იქამდე გამოცხადება, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება. გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ მას მიმართავენ და შეწყალების იმედი აქვთ.

საბა მეფარიშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ გასული 6 თვის პრაქტიკიდან გამომდინარე – როცა სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებდა სხდომებს – არ არსებობს შანსი, განაჩენი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დადგეს. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა დეტალურად გამოიკვლიოს ყველა მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ “ისინი არიან პოლიტიკური ბრალდებულები და პოლიტიკური დევნის მსხვერპლები. ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ ის, რაც მათ მიმართ ხორციელდება, არის უსამართლობა, მიუხედავად იმისა, დანაშაულის ჩაიდინეს თუ არა”.

ამის შემდეგ, ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატებმა საქმეების გაყოფა მოითხოვეს, რათა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით მაინც შესძლებოდათ საკუთარი სტრატეგიით მუშაობა და მცდელობა, რომ დროულად დაესრულებინათ პროცესი. საქმეების გაყოფის მოთხოვნაზე წინააღმდეგობა არ გაუწევია არც საბა მეფარიშვილის ადვოკატს. თუმცა, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. მან თქვა, რომ ერთამნეთის მსგავს საქმეებზე არც პროკურატურას და არც სასამართლოს ორმაგი რესურსი არ უნდა დაეხარჯა და პროცესები უნდა გაგრძელებულიყო ისე, როგორც აქამდე. მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.

მტკიცებულებების უდავოდ ცნობისა და საქმეების გაყოფის საკითხის განხილვისას ბრალდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა ბადრაგებს სთხოვა, დროულად გაეყვანათ დარბაზიდან.

“მთელი დღეებია, მთელი 10 დღეა როგორც ცუდად ვარ, იცით?! თავის ტკივილები მაწუხებს, თავბრუსხვევები მაწუხებს და თვალები მებინდება, იმ ნერვიულობის გამო, რაც გადავიტანე. იმის გამოც ვნერვიულობ, რომ ჩემს ოჯახს აქედან ვამშვიდებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მალე გამოვალ-მეთქი […] გამიყვანეთ, აღარ მინდა ამ სასამართლოში, გამიყვანეთ” – თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ მას როგორც ადვოკატები, ისე მოსამართლე და ოჯახის წევრებიც მოუწოდებდნენ, დარჩენილიყო დარბაზში სხდომის დასრულებამდე, მან ბადრაგებს ხელბორკილების გაკეთება და დროულად გაყვანა სთხოვა. სხდომის ბოლომდე დარბაზში დარჩა საბა მეფარიშვილი.

მომდევნო სხდომაზე, 25 დეკემბერს, ორივე ბრალდებულის საქმის განხილვა კვლავ ერთად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი