ახალი ამბები

SJC ხსნის, რატომ აჭიანურებენ ჯებირის დაზიანებაში ბრალდებული ახალგაზრდების სასამართლოს

21 ნოემბერი, 2024 •
SJC ხსნის, რატომ აჭიანურებენ ჯებირის დაზიანებაში ბრალდებული ახალგაზრდების სასამართლოს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მიიჩნევს, რომ ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო სხდომები ხელოვნურად ჭიანურდება. ორგანიზაციის შეფასებით, გაჭიანურების მიზანია სასამართლო განხილვის გაგრძელება პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, რათა სალომე ზურაბიშვილმა მათი შეწყალება ვერ მოასწროს.

“400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულების პროცესები 2-თვიანი შუალედებით ინიშნებოდა სასამართლოში, ბოლო ორი სხდომა კი მოსამართლის, ნათია გუდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პროცესი 23 სექტემბერს ჩატარდა,  წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ორთვიანი ვადა სასამართლომ სრულად გამოიყენა, რადგან ეს ვადა 23 ნოემბერს იწურება.  სასამართლო განხილვების გადადება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ემსახურება, ვინაიდან სხდომები არ დასრულდეს მანამ, სანამ პრეზიდენტისგან შეწყალების შესაძლებლობა არსებობს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების მიმართ აპირებენ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის გამოყენებას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისა და მოქალაქეების პოლიტიკური აქტიურობისთვის დასჯის მაგალითია.

“ამ საქმეზე ზიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა, 400 ლარია, აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის ღირებულებაა, 150 ლარი კი – მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა. შესაბამისად, მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მკაცრი – საპატიმრო ღონისძიება”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.

ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს [სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი], გასულ წელს გამკაცრდა. წელს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე “ქართული ოცნების” მიერ გამოცემული ამნისტია კი მას არ შეხებია.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე  გამოცემული ფართო ამნისტია არ შეხებია სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების მუხლს. ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება/განადგურებისთვის პასუხისმგებლობა 2023 წლის ივნისში გამკაცრდა, რის შემდეგაც პატიმრობის მაქსიმალურმა ვადა 5 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა. თუმცა ცვლილებების მიზანშეწონილობა და დასაბუთება არც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში არის მოცემული და არც საჯაროდ გაკეთებულა”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს (DGI).

“ეს საქმე კიდევ ერთხელ ააშკარავებს, ერთი მხრივ, უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი, ცხადად მიუთითებს პროკურატურისა თუ სასამართლოს პოლიტიზებაზე.  “რუსული კანონის” აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სრული სიმკაცრით გამოყენება კრიტიკული აზრის ჩახშობის დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. რეჟიმი ლეგიტიმაციის შენარჩუნებას  და საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სისხლის სამართლის არაპროპორციული და უსამართლო კანონმდებლობის გამოყენებით ცდილობს”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა იყო დაგეგმილი, თუმცა სხდომა გადაიდო. არ ჩატარდა არც 11 ნოემბერს დაგეგმილი სხდომაც.

მომდევნო სხდომა დანიშნულია ხვალ, 22 ნოემბერს, 16:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი