სურმანიძის სასამართლო პროცესი

საათი და 45 წუთი დაჭირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ედვარდ სურმანიძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საათი და 45 წუთი დასჭირდა ედვარდ სურმანიძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად.
მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა სურმანიძესთან ერთად დაპატიმრებული გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილის საქმე განიხილა. მათაც, სურმანიძის მსგავსად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ და უარი ეთქვათ გირაოთი გათავისუფლებაზე.

სამივე დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩევს და სასამართლო პროცესის ობიექტურობის იმედი აქვს.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს ორი ადვოკატი წარმოადგენდა – დავით დადიანი და მერაბ გვილავა.

გვილავა, რომელიც უშუალოდ სურმანიძეს იცავს, ნეტგაზეთთან საუბარს იმ მოტივით არ დათანხმდა, რომ  ჟურნალისტებთან საუბრის ნებართვა უშუალოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან უნდა მიეღო.

თუმცა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებული ის დეტალები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მედიით ამ დრომდე არ გავრცელებულა.

სურმანიძე, ბერულავა და მურთაზიშვილი გერმანიის მოქალაქისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის გამო არიან დაპატიმრებული. პროკურორი მათ ბრალს სდებს გერმანელი ინვესტორისთვის 14 დღით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში, მის დაშინებაში და მუქარის ძალით თანხის გამოძალვაში. პროცესზე, დაზარალებული მოწმის ჩვენების საფუძველზე, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სურმანიძე გერმანელ ინვესტორს სცემდა.

ირკვევა, რომ  ინვესტორს დაკავებულების ვალი ჰქონდა. უშუალოდ პროცესზე ვალის რაოდენობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვედზე დასახელებულია თანხა, 270 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ნათქვამია: სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მას აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას.

ედუარდ სურმანიძემ პროცესზე თქვა, რომ აღნიშნულ პიროვნებას 2005 წლიდან მართებს ვალი. მან, ისევე როგორც მისმა ადვოკატმა, აღნიშნა, რომ დაზარალებულის ვალის შესახებ  ნოტარიულად დამოწმებული ცნობა არსებობს.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაზარალებული სამივე ეჭვმიტანილს ორი კვირის მანძილზე, 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ჭიაურელის ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში ჰყავდათ დატყვევებული, სადაც მას დარაჯობდნენ.

ეჭვმიტანილების დაკავების მიზეზი  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ავთანდილ ჩიჩუას ინფორმაცია იყო, რომელმაც შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ; ასევე– დაზარალებულისა და მისი თარჯიმნის დაკითხვის ოქმები.

საქმეში, რომელიც  პროცესზე დაცვის მხარემ  მოსამართლეს გააცნო, ნათქვამია, რომ დაზარალებული  ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობდა. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ აბსურდია  ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე საუბარი, როდესაც პიროვნებას  ტელეფონთან და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა და, ამ მხრივ,  შეეძლო პატიმრობის შესახებ ინფორმაციის გაევრცელებინა.

მომხდართან დაკავშირებით სურმანიძის ვერსია ასეთია: იგი ფიქრობს, რომ ვალის თავიდან აცილების მიზნით, გერმანელმა  მოიფიქრა სქემა, რომლის გამოც, ახლა ის, ბერულავა და მურთაზიშვილი დაკავებული არიან.

”ეს ადამიანი ოფისში მიბარებდა ყოველდღე. დამიბარებდა დილის ათ საათზე და შემდეგ მეუბნებოდა, რომ აი, ორ საათში, სამ საათში ჩამირიცხავდნენ ფულს. იგივეს ეუბნებოდა მურთაზს. და ეს ყველაფერი თურმე იმისთვის, რომ ასეთი სიტუაცია შეექმნა. ბოლოს მითხრა, რომ ტელეფონზე ანგარიში არ მაქვს და ფული უნდა ჩავირიცხოო, ჩავიდა და წავიდა. თუ თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი, როგორ მივცემდი კომპიუტერს და ტელეფონს?!”

ბერულავა ამბობს, რომ რამდენჯერაც ავიდა ოფისში, იმდენჯერ მისი მოწვევით. ასვლის მიზეზი კი იყო თანხა, რომელსაც, ბერულავას თქმით, გერმანელი პირდებოდა, რომ მისცემდა.

ინტერნეტის და მობილური ტელეფონის წვდომასთან დაკავშირებით პროკურორს სხვა მოსაზრება აქვს. იგი ამბობს, რომ ბრალდების მხარე იზიარებს დაზარალებულის ნათქვამს, რომ მას ტელფონთან და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა მის უცხოელ პარტნიორებს, თანხის გადმოსარიცხად.

რაც შეეხება ადგილს, სადაც პროკურორის თქმით, დაზარალებული მსჯავრდებულებს 14 დღის მანძილზე ჰყავდათ თავისუფლება აღკვეთილი, დაცვის მხარის თქმით, ოფისია.

”ეს ხომ ჩვეულებრივი ოფისია, მისი პატრონიც იქ იყო და თუ რაიმე უკანონობას ჩავდიოდით, არავინ იყო დამნახავი?” -ამბობს ბერულავა. მისი თქმით, დაზარალებულს ურთიერთობა ჰქონდა შენობის დამლაგებელთან და დაცვასთან.

დაკავებულებმა ასევე აღნიშნეს, რომ აღნიშნული დღეების მანძილზე, მათთან ერთად, გერმანელი არაერთხელ გავიდა ოფისიდან, მათ შორის, ბანკში, ლუდხანაში და საავადმყოფოში.

დაცვის მხარე, კონკრეტულად კი, ადვოკატი მერაბ გვილავა პრობლემას კიდევ ერთ მოწმეში ხედავს. ეს არის თარჯიმანი, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული.

გვილავა ამბობს, რომ საქმეში მოცემული დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ თარჯიმანს გერმანელმა შეატყობინა, რომ ის არის თავისუფლებააღკვეთილი.

”თუ თარჯიმანს შეატყობინეს, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ შეატყობინა მან გამოძიებას ამ ფაქტის შესახებ?”-კითხულობს ადვოკატი.

გარდა ამისა, საქმეში არსებობს სატელეფონო საუბრები. პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ არსებობს მხოლოდ 14 ოქტომბრის ჩანაწერები. ხოლო პროკურორის ვარაუდი 14–დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით  მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა.

”ბრალდება არ არის საბოლოო, იმიტომ რომ დასადგენია ვალის ოდენობა და წარმომავლობა”, – განაცხადა პროკურორმა პროცესზე, – ”ეს არის პირველადი ბრალდება და არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალი შეიძლება როგორც  დამძიმდეს, ისე – შემსუბუქდეს კიდეც”.

მომდევნო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეები საქმის მასალებს წარმოადგენენ, 55 დღის შემდეგ არის დანიშნული. 10 დეკემებერს მოსამართლე გოგინაშვილი მხარეების ჩვენებებს მოისმენს, ხოლო მანამდე,  დაცვის და ბრალდების მხარე, როგორც პროცესზე ითქვა, არგუმენტაციებს შეაგროვებენ.

ედვარდ სურმანიძე დაკავებამდე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი  საქართველოს პარლამენტში სამჯერ იყო დეპუტატად არჩეული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე