სამართალი

ექსპერტის თქმით, რუსთვი 2–ის წილების შეფასებისას დოკუმენტების ნამდვილობა არ გამოუკვლევია

28 ოქტომბერი, 2015 •
ექსპერტის თქმით, რუსთვი 2–ის წილების შეფასებისას დოკუმენტების ნამდვილობა არ გამოუკვლევია

“რუსთავი 2″–ის წარმომადგენლებს ექსპერტთან აქვთ პრეტენზია, რომ ექსპერტიზა ჩაატარა ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით; კერძოდ, მათი განცხადებით, რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ხელს აწერს ამ ფინანსურ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც ექსპერტიზა ჩატარდა, დაუდასტურებელია, რეალურად მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ის ფინანსურ დირექტორად.



ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა სასამართლოზე განაცხადა,  რომ არსებობს ღირებულების შემოწმების 3 მეთოდი: აქტივების შემოწმების მეთოდი, საბაზრო მეთოდი და შემოსავლების მეთოდი. მისი განცხადებით, რუსთავი 2–ის წილების ღირებულების შესამოწმებლად გამოიყენა აქტივების შემოწმების მეთოდი, რისთვისაც საჭირო იყო იმ პერიოდის საბალანსო ნაშთები. მისი განცხადებით, აქტივების მეთოდით შემოწმება კეთდება კომპანიის ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის დადგენის გზით. 

 

 

რუსთავი 2–ის ადვოკატების განცხადებით, ივანაშვილს ექსპერტიზაში უწერია, რომ  შეფასების ყველაზე კარგი სისტემა არის საბაზრო მეთოდი, მაგრამ თავად იხელმძღვანელა აქტივების მეთოდით. კითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით ყველაზე რელევანტური სწორედ აქტივების მეთოდი იყო. 

 

 

რუსთავი 2–ის ადვოკატებმა ექსპერტს ჰკითხეს, ამ მეთოდით შემოწმებისას ის მონაცემები, რაც მას ხელთ ჰქონდა, რელევანტური იყო თუ არა ექსპერტიზის ჩასატარებლად? ამ კითხვაზე შოთა ივანაშვილმა განაცხადა, რომ  ამის გამორკვევის ვალდებულება არ ჰქონდა. 

 

“რუსთავი 2″–ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ის შეიტანდა მასთან დოკუმენტაციას ხელმოწერით –  დიმიტრი საძაგლიშვილი “ჯენერალ მოტორსის” ფინანსური დირექტორი, ჩაატარებდა თუ არა კვლევას ამ დოკუმენტზე დაყრდნობით. ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა განაცხადა, რომ  ასეთ კვლევას ჩაატარებდა. 

 

რუსთავი 2–ის ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტი საკუთარ დასკვნაში უთითებდა IVS -ის სტანდარტებს, რომლის თანახმადაც ჩაატარა ექსპერტიზა; ამ სტანდარტებში კი წერია, რომ ექსპერტი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გადაამოწმოს დოკუმენტების ნამდვილობა. მან ექსპერტს ჰკითხა, თუ გააკეთა რაიმე ამ კუთხით. 

 

ექსპერტმა კი განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია და რა მონაცემებიც მიაწოდა მხარემ, იმის მიხედვით ჩაატარა ფინანსური ექსპერტიზა. შოთა ივანაშვილის თქმით, მთავარი იყო, რომ ამ ფინანსურ დოკუმენტზე ვიღაც აწერდა ხელს და ის, ვინც აწერდა, მართლა მუშაობდა თუ არა რისთავი 2–ში, ამის გამოკვლევა ექსპერტის საქმე არ იყო. 

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ექსპერტს კითხვები დაუსვეს, იყო ის, რომ მან ქიბარ ხალვაშის მხარეს 9 დოკუმენტი მოსთხოვა, ამ დოკუმენტებიდან კი რეალურად მან მიიღო მხოლოს წესდება და 4–გვერდიანი ბუღალტრული ნაშთები, რომელსაც ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ნამდვილად მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ის ფინანსურ დირექტორად, არ არის ცნობილი. მხარემ მას ჰკითხა, რომ რატომ ჩაატარა კვლევა თითქმის დღენახევარში, როდესაც ჰქონდა უფლება, რომ დამატებითი დოკუმენტები მოეთხოვა. 

 

ექსპერტმა კი უპასუხა, რომ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ადვოკატებს რომ შეძლებოდათ მისთვის ამ ინფორმაციის მიცემა, მაშინ თავიდანვე მისცემდნენ და რადგან პირველ მოთხოვნაზე არ მიაწოდეს, მან მეორედ აღარ მოითხოვა.

 

გარდა ამისა, რუსთავი 2–ის ადვოკატების თქმით, ექსპერტს დასკვნაში უწერია, რომ კომპანიის საორიენტაციო ღირებულება 2006 წლის პერიოდისთვის შეადგენდა დაახლოებით 7 მლნ ლარს. შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავდა საორიენტაციო ღირებულება, ექსპერტმა უპასუხა, რომ ყველა ფასი არის საორიენტაციო, სანამ რეალურად ყიდვა–გაყიდვა არ მოხდება. 

 

გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ექსპერტს მოთხოვნილი ჰქონდა კონტრაქტები, თუ 2004–2006 წლებში როგორ იყიდებოდა ტელეკომპანიის წილები. რუსთავი 2–ის ადვოკატმა ექსპერტს ჰკითხა, რადგანაც ეს დოკუმენტი არ მიაწოდა პაატა სალიამ, ამის მიუხედავად, რატომ ჩაატარა ექსპერტიზა. შოთა ივანაშვილმა კი განაცხადა, რომ კომპანიის ბუღალტრული ნაშთების ამსახველი დოკუმენტების მოწოდების გარეშე ამ კონკრეტული დოკუმენტის მოწოდებას აზრი არ ჰქონდა. 

 

ექსპერტის განცხადებით, დოკუმენტს, რის საფუძველზეც მან ექსპერტიზა ჩაატარა, ჰქვია “რუსთავი 2–ის აქტივების და ვალდებულებების საბუღალტრო ნაშთები”. 

 

გარდა ამისა, შოთა ივანაშვილს მხარეებმა დაუსვეს კითხვები გამოცდილებასთან დაკავშირებით. ექსპერტის განცხადებით, იგი სამხარაულის ბიუროში 2004 წლიდან მუშაობს, 2011–2014 წლებში მას აქვს გადამზადების სხვადასხვა კურსი გავლილი და საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს. 

 

 

ექსპერტის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში
ექსპერტის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი