სამართალი

საია პერსონალური მონაცემების დაცვის კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს

6 ოქტომბერი, 2010 • • 1189
საია პერსონალური მონაცემების დაცვის კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, შემუშავებულ კანონპროექტში ”პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”, მითითებითი ნორმების დამატებას ითხოვს.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით 10 სექტემბერს განიხილა.

”უნდა დაემატოს ე.წ. მითითებითი ნორმები, რომელიც დაეხმარება სამართალშემფარდებელს, საჭიროების შემთხვევაში, სწორად განსაზღვროს ის ნორმატული აქტი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს”,-აცხადებს საია.

კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებაა. იგი  როგორც საჯარო დაწესებულებებს, ასევე კერძო პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება.

საიას დასკვნაში ნათქვამია, რომ, თავისთავად, კანონპროექტის შემუშავება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, არსებული რედაქციით, ზოგიერთი საკითხი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის საფრთხეს ქმნის.

”ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას  მე-5 მუხლის ბ ქვეპუნქტი იწვევს, რომელიც ფართო დისკრეციას აძლევს დაწესებულებას და  სენსიტიური ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობას ისეთ შემთხვევებში იძლევა, თუ მონაცემთა დამუშავება კანონის შესაბამისად ხდება. საყურადღებო საჯარო ინტერესების დაცვის მიზნები ”გაუმართლებლად ფართო მნიშვნელობის მატარებელია”.

გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების შესახებ, როცა მითითებული ნორმები, მოქმედ ადმინისტრაციულ კოდექსთან შედარებით, რიგ შემთხვევაში, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მდგომარეობასა მძიმებს. კერძოდ, კანონპროექტის მეექვსე მუხლის ნორმა.

საია ამბობს, რომ მონაცემთა დამმუშავებლის მიერ ფაილურ სისტემაში აღრიცხული მონაცემები ან სტატისტიკურია, ან არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.

”ამ ფონზე გაუგებარი რჩება დამმუშავებლის მიერ პერსონალური მონაცემების სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და შეზღუდვის საფუძვლების აღრიცხვის ვალდებულება. მით უფრო, რომ აღნიშნული მონაცემების შენახვის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, დამმუშავებელს მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს სასამრთლოს ნებართვა, გადაუდებელი აუცილებლობა ან, ამ მოქმედების გარეშე, სხვათა უფლებებს ადგება ზიანი”.

არსებული რედაქციით, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა ღია კონკურსით ინიშნება და მის თანამდებობას პრემიერ მინისტრი ამტკიცებს.

საია ფიქრობს, რომ კონტროლის გაძლიერების მიზნით, კარგი იქნება, თუ კანდიდატურის დამტკიცების შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოს ექნება.

ამავე თემაზე:

არავითარი პირადი

მასალების გადაბეჭდვის წესი