სამართალი

ბექა გრიგორიადისი ფეისბუკზე გინების გამო 800 ლარით დააჯარიმეს

27 ივნისი, 2023 • 1761
ბექა გრიგორიადისი ფეისბუკზე გინების გამო 800 ლარით დააჯარიმეს

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამას ფეისბუკ ლაივში გახმიანებული ფრაზების გამო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით 800 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ გრიგორიადისის უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ დაუდასტურა. როგორც ლონდარიძე ამბობს, შსს ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 მუხლებით ედავებოდა. თუმცა, ადვოკატის თქმით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფას, მით უმეტეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რასაც აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა, და ამ ნაწილში სასამართლომ გრიგორიადისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოუხსნა.

თუმცა, როგორც ლონდარიძე განმარტავს, მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის მამა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ამავე კოდექსის 166-ე მუხლის ნაწილში, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანების დევნა სახიფათო პრაქტიკაა, რაც საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გრიგორიადისის შემთხვევა პირველი არაა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, რომელიც გიროგირადისს ჩაბარდა, მითითებული იყო, რომ საუბარია 3 ივნისს გრიგორიადისის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე:

„2023 წლის 3 ივნისს ბექა გრიგორიადისის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ადგილი ჰქონდა პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, — წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში.

ოქმის დანარჩენი ნაწილი გარკვევით არ იკითხება, თუმცა ჩანს, რომ გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ნეტგაზეთთან“ საუბრისას ლაზარე გრიგორიადისის მამა აცხადებდა, რომ 3 ივნისს „ფეისბუკზე“ რამდენიმე ლაივ ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა არცერთ მათგანში უშუალოდ არ გაუკეთებია პოლიციელების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება: „შესაძლოა, მილიციაზე ვთქვი რამე”.

ეს შემთხვევა პირველი არაა, როცა მოქალაქეს სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო აჯარიმებენ. ფეისბუქზე გამოხატული მოსაზრებისთვის მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ საქართველოში მოქალაქე Tik-Tok – ვიდეოს გამოც მიიჩნიეს სამართალდამრღვევად.

საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინსივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ვიდეო ამ სათაურით იყო – „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

პროტესტი იმ ადამიანების მიმართაა, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ“, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ კვარტალურ მიმოხილვაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი