სამართალი

ინფორმაციის თავისუფლება კავკასიაში

12 ივლისი, 2010 • 1165
ინფორმაციის თავისუფლება კავკასიაში

დღეს სომხეთში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია  ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომელშიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის  და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციას, რომლის ორგანიზატორია   ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან (აშშ) არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეროვნული უსაფრთხოების არქივი”,  სომხეთის კურორტი აღვერანი მასპინძლობს.

საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობენ  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს,”  ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის წარმომადგენლები. დაგეგმილია შსს –ს საარქივო დეპარტამენტის უფროსის, ომარ თუშურაშვილის გამოსვლა, რომელზეც ის  საქართველოს საარქვიბო დოკუმენტების  საჯაროობასა და ხელმისაწვდომობაზე ისაუბრებს.

შეხვედრას ასევე ესწრებიან ორგანიზაციები: გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი (სომხეთი), ჟურნალისტთა კლუბი ”ასპარეზი” (სომხეთი), აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა კოალიცია ”იენი ნისელი,” გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელი (აზერბაიჯანი),  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (რუსეთი).

კონფერენცია მეორედ ტარდება. პირველად იგი საქართველოში, თელავში ჩატარდა. მომავალი კონფერენცია, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” საბჭოს თავმჯდომარის ლევან ავალიშილს განცხადებით, აზერბაიჯანში ჩატარდება:

”პირველივე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ორგანიზაციების არაფორმალური კოალიცია შემდგარიყო, რათა ერთიანი ძალისხმევით შეგვემუშავებინა რაღაც სტრატეგიები ინფორმაციის თავისუფლების განვითარებასთან დაკავშირებით, მთლიანად რეგიონში  და ჩვენს ქვეყნებში.”

ავალიშვილი მოელის, რომ ამ შეხვედრაზეც მონაწილე მხარეები ახალ სტრატეგიებს შეიმუშავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი