სამართალი

ვინ არის ლაზარეს საქმის მოსამართლე ზვიად შარაძე

9 მაისი, 2023 • 3321
ვინ არის ლაზარეს საქმის მოსამართლე ზვიად შარაძე

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, რომელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიციელებზე ძალადობას ედავებიან, პირველი სასამართლო სხდომა 18 მაისს გაიმართება.

საქმეს განიხილავს მოსამართლე ზვიად შარაძე.

მოსამართლე შარაძე 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნეს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებული საქმე განიხილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ასახული მონაცემების მიხედვით, შარაძე  2011 წლიდან საქმიანობს სასამართლო სისტემაში. კერძოდ, მისივე ბიოგრაფიის მიხედვით, ზვიად შარაძე 2011-2013 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა, მანამდე, 2007-2011 წლებში კი, შპს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტის კომპანიაში საქმიანობდა იურისტად.

2013-2015 წლებში შარაძემ სასამართლო სისტემა დატოვა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი გახდა.

2015-2016 წლებში შარაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მსმენელად ჩაირიცხა. 2016 წლის 14 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი წლის გამოსაცდელი ვადით თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ დანიშნა.

2019 წელს შარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. ამავე წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ განაწესა.

მოსამართლე ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს. სწორედ შარაძე იყო ის მოსამართლე, რომელმაც დაცვის მხარეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა.

შარაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

მოგვიანებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლად გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 2021 წლის 28 იანვარს მიიღო.

ზვიად შარაძე მედიაში მის მიერ 2014 წელს გაზიარებული პოსტის გამოც მოხვდა. მოსამართლე ხის მორის ფოტოს აზიარებდა, წარწერით „ღვთისმშობელი ხეზე“.

მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავდა არყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეს, რომლის ფარგლებშიც ძმებს, დათო და გუგა კაკულიებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენისა და შენახვის ნაწილში და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად).


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი