ახალი ამბები

„მე ვარ ლაზარეს დედა და ამას ვამბობ სრული სიამაყით“ — გრიგორიადისის დედის მიმართვა

4 აპრილი, 2023 • 13542
„მე ვარ ლაზარეს დედა და ამას ვამბობ სრული სიამაყით“ — გრიგორიადისის დედის მიმართვა

ტელეკომპანია „პირველი“ 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედის, თამთა კალანდაძის ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში, რომელიც ტელეკომპანიის განცხადებით, დაკავებული მომინტინგის დედამ „რეაქციას“ გაუგზავნა, თამთა კალანდაძე ყველას მადლობას უხდის, ვინც ლაზარეს მხარდაჭერა გამოუცხადა:

„გამარჯობა, მე ვარ თამთა კალანდაძე — ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე და გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს. ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული და მის ამ შინაგან გამოძახილს რა შეაჩერებს, ხალხო?!

ალბათ ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა. ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა. ჩემი აზრით, ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა. გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავისი თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს, წესით, ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი, ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი.

მე მინდა თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს გულითადი მადლობა გადავუხადო, ერთიასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე. ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა – ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა – სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავიანთი მოსაწონი სამშობლო. კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას, ვისაც ლაზარეზე გული შეგტკივათ“,- აცხადებს თამთა კალანდაძე.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან  “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი