სამართალი

სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

3 ნოემბერი, 2022 • 3255
სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე:

  • მუხლი 6.1 — ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნას დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის; აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რადგანაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.
  • მუხლი 6.2 — ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მამალაძის სარჩელი 6.1 მუხლის დარღვევის ნაწილში და სრულად — 6.2 მუხლის დარღვევის ნაწილში.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას იმ მხრივ, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ადგილი ჰქონდა მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას (მე-6 მუხლის მეორე პუნქტი) საჯარო მოხელეებისა და პროკურატურის მიერ საჯარო განცხადებების, საქმის მასალების მედიაში გავრცელებისა და გაუთქმელობის პირობის არათანაბარი აღსრულებით, რაც მთავარ მოწმეს საჯარო ბრალდებების წაყენების საშუალებას აძლევდა.

სასამართლო აღნიშნავს რომ მამალაძის დაკავებისთანავე გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ასევე, პროკურატურის მიერ, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა ზოგიერთი ფარული ჩანაწერი და ტექსტური შეტყობინებები ირაკლი მამალაძესა და გიორგი მამალაძეს შორის. მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ, ასევე, 38- წუთიანი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს, სადაც დეტალურად აღწერა მათი შეხვედრები და მისი ეჭვები.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ საკმარისად არ განიხილა მამალაძის არგუმენტი სასამართლო პროცესის მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და გარკვეული საჯარო განცხადებები მისი დაკავების შემდეგ, პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამჟღავნებამ, ფაქტობრივი განაჩენის გამოტანამდე წაახალისა, საზოგადოებას დაეჯერებინა, რომ ის იყო დამნაშავე. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესი მთლიანობაში იყო სამართლიანი, განსაკუთრებით მამალაძის ბრალთან დაკავშირებულ ძირითად მტკიცებულებასთან — ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში ნაპოვნი ციანიდთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბარგის ჩამორთმევისა და ჩხრეკის პროცედურა კანონიერი იყო და მამალაძის არგუმენტი ციანიდის ჩადების შესახებ დასაბუთებული არ ყოფილა“, — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი დანახარჯებისთვის. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376,304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი