სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ ინსპექტორის სამსახურის გაქუმებასთნ დაკავშირებით სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
კონსტიტუციური სარჩელით კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან („საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“) მიმართებით გასაჩივრდა პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანმდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.
ამასთან, მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას).
„ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლად შექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც. კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის ამგვარი პრეცედენტი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე“, — მიიჩნევს ლონდა თოლორაია.
მისი თქმით, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს.
„იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება ორი იდენტური ფუნქციის მქონე სამსახურები და არ ხდება მათი გაძლიერება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე მეტად; იმ პირობებში, როცა არ მომხდარა სამსახურის ხელმძღვანელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილება; იმ პირობებში, როცა სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად საქართველოს პარლამენტმა დაასახელა ფუნქციათა შორის ინტერესთა კონფლიქტი ისე, რომ ვერ წარმოადგინა ამ ფუნქციათა კონფლიქტის კონკრეტული მაგალითები. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2021 წელს წარდგენილი სამსახურის საქმიანობის ანგარიში პარლამენტმა არც კი განიხილა; იმ პირობებში, როცა რეფორმის მიზეზად დასახელდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, რომელიც მაგიდაზე ედო საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს და დღეს აღარ არის რელევანტური — სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის მომეტებულ საჯარო ინტერესზე საუბარი ზედმეტია. ასეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მისცემოდა არჩევანის შესაძლებლობა — დარჩენილ ვადაში მუშაობა გაეგრძელებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად“, — აცხადებს ლონდა თოლორაია.
ლონდა თოლორაია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქნება.
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.
კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა სახალხო დამცველმაც. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს.
ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით სარგებლობის, ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ.
ომბუდსმენი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1-ელ მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, წარმოადგინონ სასამართლო მეგობრის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი სასარჩელო მოთხოვნას.