სამართალი

„არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ“ — რეპორტაჟი სასამართლოდან

1 თებერვალი, 2022 • 2322
„არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ“ — რეპორტაჟი სასამართლოდან

“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე გიგი უგულავას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 1 თებერვალს გაიმართა. პროცესზე ბრალდების სამმა მოწმემ მისცა ჩვენება. მათ შორის, აეროპორტში მომუშავე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა, პაატა ბახტურიძემ, რომელიც მომხდარის ერთ-ერთი პირველი თვითმხილველია, და საქმის გამომძიებლებმა – გიორგი გიუნაშვილმა და ალექსანდრე მირიანაშვილმა.

მოწმეებს შორის ყველაზე ვრცელი ჩვენება დღეს პატრულის თანამშრომელმა, პაატა ბახტურიძემ მისცა. მან დეტალურად აღწერა 2019 წლის 11 დეკემბერს, დილის საათებში მომხდარი ინციდენტის ის ნაწილი, რომელსაც თავად შეესწრო.

სწორედ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით აქვს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას ბრალი წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. მას პროკურატურა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება.

პაატა ბახტურიძის ჩვენება

პაატა ბახტურიძე იხსენებს, რომ აეროპორტში პატრულირებისას მას და მის მაშინდელ უფროსს, გიგლა სარალიძეს “ქაოსური ყვირილის” ხმა შემოესმათ ერთ-ერთი კაფე-ბარიდან, რის შემდეგაც ამ მიმართულებით დაიძრნენ. ადგილზე მისულმა შორიდან დაინახა გიგი უგულავა, რომლის წინაც ორი ადამიანი იდგა, მათ შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი. სწორედ გავაშელიშვილის ცემას ედავება პროკურატურა გიგი უგულავას.

“ბატონი გიგი იდგა ბარის ბოლოში და მასთან ფიზიკურ კონტაქტში იყო პიროვნება [ბადრი გავაშელიშვილი], რომელიც იდგა ჩემგან ზურგით. ისინი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ამ პიროვნების უკან კიდევ იდგა ერთი მამაკაცი. ვერბალურად და ჟესტიკულაციით მივხვდი, რომ აღნიშნულ კონფლიქტში ისიც ჩართული იყო და მივხვდი, რომ ბატონ გიგისთან დაპირისპირებაში მყოფ ადამიანთან ერთად იყო. მიახლოებისას დავინახე, რომ მარცხენა მხარეს, ნახევრად წაქცეულ მაგიდასა და სკამს შორის იყო წაქცეული პიროვნება, რომელსაც გავხედე და ამოვიცანი, რომ იყო ბატონი გოკა გაბაშვილი.

მაშინვე მოვკიდე ხელი პიროვნებას, რომელიც ბატონ გიგის პირისპირ იდგა [ბადრი გავაშელიშვილი], გამოვიყვანე ბარის ტერიტორიიდან. ამ მომენტში ჩემთან ერთად იყო ჩემი უფროსიც და მეორე პიროვნება გამოიყვანა ჩემმა უფროსმა.

ბადრი გავაშელიშვილს ვკითხე, თუ რა ხდებოდა, რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება. ის უთითებდა გიგი უგულავაზე, რომ მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაო. რადგან ის ყველაფერი, რაც ჩვენ შესვლის მომენტში ვნახეთ და რასაც უთითებდა ბადრი გავაშელიშვილი, შეიცავდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, შეტყობინება გადავეცით საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს, რომლებსაც შემდგომში უნდა გამოერკვიათ, ვინ იყო დამნაშავე და ა.შ.”, – განუცხადა პაატა ბახტურიძემ სასამართლოს.

პროკურორის, ნათია გურულის თხოვნაზე, უფრო დეტალურად აღეწერა, თუ რა ხდებოდა ბარში ინციდენტის დროს, ბახტურიძემ თქვა:

“ხელს იქნევდა ბატონი გიგი. კონკრეტულად ნიკაპში, ცხვირში თუ ტუჩში ხვდებოდა [გავაშელიშვილს], ნამდვილად არ ვიცი იმიტომ, რომ ზურგით იდგა და ის პიროვნებაც [გავაშელიშვილი] ხელით რეაგირებდა ბატონ გიგიზე – ორივე ხელს კრავდა იმიტომ, რომ ზურგიდან ვხედავდი, რომ ხელებით რაღაცას აკეთებდა. მანამდე რა ხდებოდა, არ ვიცი იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, ბოლოს ჩავერთეთ ამ კონფლიქტში და შემდეგ დასრულდა კიდეც. თუმცა ჩვენი შესვლის მომენტში ბატონი გიგი უქნევდა ხელს და იმას [გავაშელიშვილს] სადღაც სახეში ხვდებოდა, თუმცა, სად ზუსტად და სტკიოდა თუ არა, ეს მე არ ვიცი. ვხედავდი, რომ ანალოგიურად ისიც [გავაშელიშვილიც] რეაგირებდა და სადღაც ყელის არეში ჰკრავდა ალბათ ხელს”, – განმარტა ბახტურიძემ.

ამასთან, ბახტურიძის განცხადებით, მან გავაშელიშვილი განარიდა იმიტომ, რომ მასთან უფროს ახლოს იდგა. რაც შეეხება ძიუდოისტის ფიზიკურ მდგომარეობას, ბახტურიძის თქმით, მაისური ყელთან ჰქონდა ჩამოხეული, ეტყობოდა ჩხუბის კვალიც, მათ შორის თვალთან სიწითლეები.

ბახტურიძემ სასამართლოზე ასევე განაცხადა, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მომხდარიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს, სადაც კამერების ჩანაწერები აჩვენეს, “როგორც მივხვდი, დამატებითი მოწმეების იდენტიფიცირების მიზნით”. თუმცა, მისი თქმით, ვიდეოკადრებიდან ნაცნობი ვერ ამოიცნო.

პროკურორმა ბახტურიძისთვის კითხვების დასმა აქ დაასრულა, რის შემდეგაც მისთვის შეკითხვების დასმა დაცვის მხარემ დაიწყო. ადვოკატის, გიორგი გელხაურის კითხვები ძირითადად რამდენიმე საკითხს შეეხებოდა, მათ შორის, აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ ოთახს, რომელშიც, გელხაურის მტკიცებით, შემდეგ შევიდა პიროვნება, რომელიც უგულავა-გავაშელიშვილის დაპირისპირებას ტელეფონით იღებდა. თუმცა, ბახტურიძის თქმით, ამ ოთახის დანიშნულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

გიორგი გელხაური

ამასთან, გელხაურმა მოწმეს დამატებითი შეკითხვები დაუსვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნანახი კამერების ჩანაწერების შესახებაც. კერძოდ, გელხაურს აინტერესებდა, დაინახა თუ არა ბახტურიძემ, როდის შევიდნენ კაფე-ბარის ტერიტორიაზე უგულავა-გაბაშვილი და გავაშელიშვილი-პარკაძე, ასევე, ვისი ამოცნობა შეძლო ჩანაწერებში მოწმემ. რაზეც ბახტურიძემ უპასუხა, რომ ინციდენტში მონაწილე პირების გარდა სხვა ადამიანები, ვინც შეიძლება მოწმე ყოფილიყო ამ საქმეზე, ვერ ამოიცნო. რაც შეეხება ინციდენტის მონაწილე პირების შესვლის თანმიმდევრობას, მოწმემ განმარტა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას მისი მიზანი ეს არ ყოფილა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა-პასუხი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც პროცესში თავად გიგი უგულავაც ჩაერთო. მან მოსამართლეს მიმართა:

“ეს საუბარი არ იქნებოდა, კამერების ჩანაწერები რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, თუმცა თქვენ [მოსამართლეს მიმართავს] “გააპრავეთ” კამერების არწარმოდგენა და “გააპრავეთ” სრულიად ურცხვად, ჩემი აზრით. თქვენ შეგეძლოთ მოგეთხოვათ, რომ ამოეღოთ…”, – ამ კომენტარისას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უგულავას სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ “კამერების ამოღების” უფლება არ ჰქონდა, რაზეც უგულავამ სიტყვის დასრულების შესაძლებლობა მოითხოვა: “სანამ არ მოისმენთ, მანამდე ვერ გაიგებთ. მგონი, წინასწარმეტყველების უნარი თქვენ არ გაქვთ”,- უთხრა უგულავამ, რაზეც მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა, რომ მისთვის არ ეყვირა. საბოლოოდ უგულავას სიტყვის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა:

“ამ საქმეში საკვანძო იქნებოდა და ამდენი დრო არ დაიკარგებოდა, გამოძიებას კეთილი რომ ენება და ის კადრები, რომელზეც ახლა ხელების ცეცებით საუბრობენ ბატონი მოწმე და ბატონი ადვოკატი, წარმოდგენილი ყოფილიყო საქმეში. არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი კამერის მასალები, ჩანაწერები? არ არის. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს მარტივი და ადვილი მუხლია და, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ვალდებული და კანონი არ გვავალდებულებს, რომ ყველა შემთხვევაში წარმოვადგინოთ კამერები სასამართლოზე, რადგან ეს არის დამატებითი ხარჯი და ა.შ. თქვენ ამ პოზიციას დაეთანხმეთ”, – მიმართა უგულავამ მოსამართლეს.

ამის შემდეგ გიგი უგულავა მოწმესთან გადავიდა კითხვებით. ბრალდებულმა ბახტურიძეს ჰკითხა, დაინახა თუ არა მის სახეზე დაზიანებები, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჰქონოდა.

“მე ბადრი გავაშელიშვილის დაზიანებები ზურგიდან კი არ ვნახე, 15 მეტრის დაშორებიდან, ის მე წავიყვანე იმ ტერიტორიიდან, მასთან მქონდა იმდენად ახლო შეხება, რომ მე აქედან გამომდინარე ვიცი მისი დაზიანებები. თქვენი ერთმანეთთან ჩხუბის მომენტში ჩემი მოვალეობა, როგორც პოლიციელის, იყო, რომ ეს კონფლიქტი უნდა განრიდებულიყო”, – განაცხადა ბახტურიძემ.

თუმცა უგულავასთვის მოწმის ეს განმარტება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ის მიუთითებდა, რომ ბახტურიძეს მისი დაზიანებებიც უნდა დაენახა, რადგან კონფლიქტის დროს, როდესაც ბახტურიძე კაფე-ბარის ტერიტორიაზე შევიდა, როგორც თავად მოწმე ამბობს, უგულავა დაინახა და იცნო.

“იქიდან გამომდინარე, რომ ბადრი გავაშელიშვილი წამოვიყვანე, კონცენტრირებული ვიყავი მასზე და რატომ გგონიათ, რომ უარვყოფ, რომ რაიმე დაზიანება გქონდათ. შესაძლოა გქონოდათ დაზიანება, მაგრამ მე ვერ დავინახე”, – თქვა ბახტურიძემ.

გიორგი გიუნაშვილის და ალექსანდრე მირიანაშვილის ჩვენებები

გამომძიებლების, გიორგი გიუნაშვილისა და ალექსანდრე მირიანაშვილის გამოკითხვა დაახლოებით 10-10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათ მიმართ დასმული შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ჩხრეკის ჩატარებას და ინციდენტში მონაწილე პირების პირველად დათვალიერებას.

უფროსმა გამომძიებელმა, გიორგი გიუნაშვილმა გაიხსენა, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა აღნიშნულ საქმეზე. მისი თქმით, მან პირადად გაჩხრიკა ბადრი გავაშელიშვილი, რომელსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება თან არ ჰქონია, შემდეგ კი მოწმის სახით გამოკითხა.

“შემდეგ ამოვიღე მისი ტანსაცმელი, დაზიანებულ მდგომარეობაში მოწითალო ფერის სვიტერი. მისი მონაწილეობით დავლუქე პოლიეთილენის პარკში… ამის შემდეგ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ დავნიშნე გარკვეული შემოწმების ექსპერტიზა. შემდეგ პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე მას გავაცანი დადგენილება მისი დაზარებულად ცნობის შესახებ. განვუმარტე მას, მისი, როგორც დაზარალებულის, უფლება-მოვალეობანი და გამოვკითხე დაზარალებულის სახით.

ბადრი გავაშელიშვილის ფიზიკური მდგომარეობა იყო შემდეგი: მას მარჯვენა თვალთან აღენიშნებოდა დაზიანება. ასევე დაზიანება აღენიშნებოდა ტუჩთან, მარჯვენა მხარეს და ნიკაპის არეში”, – განმარტა გიუნაშვილმა.

გიორგი გიუნაშვილის გამოკითხვა

დღევანდელ პროცესზე, გიუნაშვილის მსგავსად, საქმესთან საკუთარ შემხებლობაზე ისაუბრა უფროსმა გამომძიებელმა, ალექსანდრე მირიანაშვილმაც. მან გაიხსენა, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სწორედ მან გამოკითხა გიგი უგულავა მოწმის სახით.

“მოწმის სახით გამოკითხვისას ბატონმა გიორგიმ [გიგი უგულავამ] დაადასტურა, რომ მის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ძალადობა და ჩემთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფდა იმას, რომ მის სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები იყო და რაიმე ტკივილი განიცადა. სახეზე რაღაც დაზიანება გეტყობოდათ [უგულავას მიმართა], მაგრამ ჩემს კითხვაზე, გამოკითხვისას თქვენ თქვით, რომ დაზიანება არ მაქვს მიღებული და ტკივილიც არ განმიცდიაო.

გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის მე ბატონ უგულავას შევთავაზე, რომ ჩატარებულიყო სამედიცინო ექსპერტიზა. ამასთან დაკავშირებით, ადვოკატთან ერთად, განაცხადეს კატეგორიული უარი. ასევე, ჩემ მიერ გამოტანილი იყო დადგენილება ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით შემოწმებაზე და ასევე ნარკოლოგიური შემოწმება, რაზეც ასევე განაცხადა უარი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გიორგის [უგულავას] ტანსაცმლის ვიზუალური დათვალიერებისას ვერ აღმოვაჩინე რაიმე სახის დაზიანება და თავადაც განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის შედეგად ტანსაცმელი დაზიანებული არ ჰქონდა, კვლავ გამოვიტანე დადგენილება, რომ მისი ტანსაცმელი ამოღებულიყო შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, თუმცა ამაზეც მივიღე კატეგორიული უარი”, – განაცხადა მირიანაშვილმა.

ალექსანდრე მირიანაშვილის გამოკითხვა

მისი თქმით, ამით ამოწურა პირველ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ბრალის დადგენილებასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე დღეს, საღამოს უგულავას საკუთარ სახლში, ადვოკატის თანდასწრებით წარუდგინა ბრალი.

ბრალდების მხარეს მირიანაშვილისთვის დამატებითი კითხვები არ დაუსვამს. გიგი უგულავას კითხვაზე, შედის თუ არა მის კომპეტენციაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების იდენტიფიცირება და ა.შ., მირიანაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო საქმის გამომძიებლის, გრიგოლ ჯავახიას კომპეტენცია.

ამით დასრულდა სასამართლოსთვის მოწმეების ჩვენების მიცემის დღევანდელი პროცესი.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე თვეში 4 სასამართლო პროცესი ჩანიშნა. შემდეგი სხდომა 4 თებერვალს, 13:00 საათზე უნდა გაიმართოს. კოჭლამაზაშვილმა პროცესების ინტენსივობა შემჭიდროებული ვადებით ახსნა. პროკურორის თქმით, საქმეზე 29 მოწმე დარჩა, თუმცა, როგორც გურულმა აღნიშნა, ყველა მოწმეს არ დაკითხავენ.

დღევანდელი პროცესის შეფასებები

პროცესების ინტენსივობასთან დაკავშირებით სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამ. მისი თქმით, მოსამართლე, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გამოიტანს გადაწყვეტილებას.

ამასთან, უგულავას შეფასებით, აღნიშნული საქმე აბსურდული და “შეკერილია” და მისი დაწყების რეალური მიზეზი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებია, როდესაც უგულავას თქმით, საჯაროდ შეაგინა ბიძინა ივანიშვილს.

“საზოგადოებამ ნახა, რომ ეს მთელი პროცესი მხოლოდ იმიტომ მიმდინარეობს, რომ მოსამართლემ პროკურატურას “გაუპრავა” და მისცა უფლება, ის კამერები, რომლებიც ნახეს, თანდართული არ არის. შესაბამისად, მოდიან მოწმეები და ჰყვებიან, რა ნახეს იმ კამერებში, როდესაც მოსამართლეს თავად შეეძლო ენახა, რა იყო ამ კამერებში და ამ საქმეს ნათელი მოეფინებოდა.

ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მოჰყავთ პოლიციელი მოწმეები, რომლებიც თხრობას იწყებენ იმ მომენტიდან, როდესაც მე ვიქნევ ხელს. ჰყვებიან იმას, რომ ამ მომენტში მე მიყურებდნენ სახეში და მე მხედავდნენ, მაგრამ ჩემს სახეზე დაზიანებას ვერ ხედავდნენ. სამაგიეროდ უამრავი დაზიანება აღმოაჩინეს ბადრი გავაშელიშვილის სახეზე. მაშინ, როცა მე თურმე ხელს ვიქნევდი, ბადრი გავაშელიშვილი ორ ხელს იქნევდა, ოღონდ თავდაცვის იმიტაციით. ყოველ შემთხვევაში, ამაზე იყო მინიშნება, რაზე წარმოიშვა პოლემიკა”, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა

რაც შეეხება მოლოდინებს, უგულავას თქმით, ეს დამოკიდებულია “ხელისუფლების ბოსების ხასიათზე”, რადგან მისი შეფასებით, მოსამართლე თავად ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებს.

პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნათია გურულმაც.

“კანონის თანახმად, ცემა წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას, რასაც შედეგად მოჰყვა ფიზიკური ტკივილი. ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული”, – თქვა გურულმა.

პროკურორი ნათია გურული

მისი განცხადებით, ამნისტიაზე უგულავას თანხმობის შემთხვევაში საქმე იმავე დღეს შეწყდება, თუმცა უგულავა ამნისტიაზე უარს აცხადებს და სასამართლო პროცესებიც გრძელდება.

ამასთან, გურულის თქმით, ბრალდების მხარეს “ხელი არავისთვის დაუფარებია”, ამის მაგალითი კი არის ის, რომ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს შორის არსებობენ ბრალდებულები. კერძოდ, კონფლიქტის თაობაზე უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის თანმხლები პირი, დავით პარკაძეც. გურულის განცხადებით, მოსამართლემ ამნისტიის გამოცხადებამდე მიიღო პარკაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი