სამართალი

მოყვება თუ არა სამართლებრივი რეაგირება მანანა არჩვაძის ქმედებას?

22 თებერვალი, 2010 •
მოყვება თუ არა სამართლებრივი რეაგირება მანანა არჩვაძის ქმედებას?

იურისტების აზრით , მანანა არჩვაძის მცდელობა – გადაესვენებინა ექსპრეზიდენტის ცხედარი მთაწმინდის პანთეონიდან, სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო.  საქართველოს პროკურატურის პრესცენტრის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე აღძრული არ არის.

მოხდება თუ არა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ქმედების განხილვა სასამართლო ან საკომისიო წესით ჯერ-ჯერობით უცნობია.

17 თებერვალს ექსპრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი მომხრეები მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბნენ და ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლების მოთხოვნით  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშთის ამოთხრა და მისი კოლხურ კოშკში გადასვენება სცადეს. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  მათი შეჩერება სასულიერო პირებმა ვერ შეძლეს. მოგვიანებით, ამავე საიფორმაციო სააგენტოს ცნობით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გიორგი გეგეჭკორის, გადაწყვეტილებით პრეზიდენტის საფლავის გათხრა შეწყდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად გამსახურდიას საფლავი კვლავ მიწით დაფარეს.

საქარველოს პირველი პრეზიდენტი გროზნოდან თბილისში 2007 წლის 28 მარტს გადმოასვენეს.  მისი ცხედრის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება ,,მთაწმინდის მწერალთა და  საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელმა სახელმწიფო კომისიამ” მიიღო. Q საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, 2007 წლის 30 მარტის განკარგულებით კი ზვიად გამსახურდია  მთაწმინდაზე პირველ აპრილს დაკრძალეს.

სახაზინო საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელი ,,ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ ნებისმიერი საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის საკითხი სწორედ ამ კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ხდება. თუმცა, რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული პირების გადასვენების საკითხს დაარეგულირებს, მისი განმარტებით, არ არსებობს.

სახაზინო ადვოკატის თეა ყაულაშვილის მოსაზრებით “,,ვინაიდან ზვიად გამსახურდიას პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება სპეციალურ სახელმწიფო კომისის ეკუთვნის და ამასთანავე, ის არის არა რიგითი მოქალაქე, არამედ საზოგადო მოღვაწე, მისი გადასვენების საკითხი კვლავ ამ კომისიამ უნდა განიხილოს”. იმ შემთხვევაში თუკი პიროვნება ცხედრის გადასვენების საკითხს თვითნებურად გადაწყვეტს, იურისტის აზრით, ეს ქმედება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეაჩეროს და განხილვის საგნად აქციოს.

ცხედრის გადასვენების საკითხი ადგილობრივი თვითმარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებით რეგულირდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, ამ საკითხის კომენტირებისას ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებას ეყრდნობა: A,,ამ აქტის მეექვსე მუხლის მეათე პუნქტის მიხედვით, გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით”_განმარტავს ადვოკატი.

მისი თქმით,  საკრებულოს გადაწყვეტილება ერთნაირად არეგულირებს, როგორც რიგითი მოქალაქეების ასევე, ქვეყნის პირველი პირების გადასვენების საკითხს.  საიას  ადვოკატის განცხადებით, როდესაც კანონი პირდაპირ არ არეგულირებს საკითხს, ის უნდა შეფასდეს საკანონმდებლო ხარვეზად და საქმის განხილვა სასამართლოში მოხდეს. ჭირისუფლისა და სასაფლაოს მეპატრონის შეთანხმებული გადაწყვეტილების გარეშე კი ქმედება უკანონოდ    ჩაითვლება, ამიტომაც  მისი აღკვეთა (შეჩერება) შესაბამის ორგანოებს სამართლიანად შეუძლიათ.

მოხდება თუ არა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ქმედების განხილვა სასამართლო ან საკომისიო წესით ჯერ-ჯერობით უცნობია. საქართველოს პროკურატურის პრესცენტრის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავსიებით საქმე აღძრული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი