ახალი ამბები |

სახეზეა უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა — უკრაინის სახალხო დამცველი

27 ოქტომბერი, 2021 | | 818
სახეზეა უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა — უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მის მიმართ სახეზეა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა.

დენისოვას თქმით, მას შემდეგ, რაც მისი დელეგაცია უკრაინაში დაბრუნდება, დენისოვა მიმართავს ევროპის ქვეყნების ელჩებსა და ევროპარლამენტს, რათა წარუდგინოს სპეციალური ანგარიში.

„სააკაშვილი ამბობს, ვციტირებ: „ჩემი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“. ის ასევე მიიჩნევს, რომ არის პუტინის პატიმარი და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად არ უნდა, უკრაინას მიადგეს ზიანი და არ დაუშვებს სისხლისღვრას საქართველოში. ამიტომ ის იზამს ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს“, — დასძენს დენისოვა.

სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას უკრაინის სახალხო დამცველმა თქვა, რომ დარღვეულია სააკაშვილის არაერთი უფლება — როგორც პროცესუალური, ასევე ჯანმრთელობის უფლება.

„რაც შეეხება მისი პროცესუალური უფლებების დარღვევას, ჩვენ განვიხილეთ მისი სასამართლო საქმეებიც. როგორც იცით, ორ სასამართლო საქმეზე არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა და ის ახლა იმყოფება კოლონიაში ზუსტად ამ საქმეების გამო.

და არის ასევე ორი საქმე, რომელზეც სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე შესაძლებელი იყოს საჯარო განხილვები სასამართლოში. ამის შესახებ საუბრობენ მისი ადვოკატებიც, თუმცა, სამწუხაროდ, ადვოკატების თქმით, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ეს მოთხოვნა. შესაბამისად, ამის გამო, დარღვეულია სამართლიანი, საჯარო განხილვების უფლება, რაც არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლი“, — აცხადებს ის.

დენისოვა მიიჩნევს, რომ ასევე დარღვეულია უფლება გონივრული ვადების შესახებ: „და გონივრული ვადა ვერ იქნება ის 8 წელი, რა დროსაც განიხილება მისი სასამართლო საქმეები“.

„ასევე მინდა ვთქვა სამედიცინო დახმარებაზე: იმის გათვალისწინებით, რაც თქვა ჩემმა კოლეგამ, საქართველოს ომბუდსმენმა, და თავად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა იმის შესახებ, რომ მას არ უნდა გადასვლა და არ გადავა იმ კლინიკაში, რომელიც არ არის აღჭურვილი ასეთი პაციენტების დასახმარებლად…“ ,— თქვა დენისოვამ და ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკა „ვივამედში“,  რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

რაც შეეხება იძულებით კვებას, ის ამბობს, რომ არსებობს პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, ციხის საავადმყოფოს შეუძლია პატიმრის იძულებითი კვება დაუშვას. ასეთ შემთხვევაში იკრიბება ექსპერტთა ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებენ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

თუმცა, ასევე არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნივერჟინსკი უკრაინის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც იძულებითი კვება არის კონვენციის მესამე მუხლის [წამება, არაადამიანური მოპყრობა] დარღვევა. სააკაშვილი კი ღიად აცხადებს, რომ წინააღმდეგია იძულებითი კვების.

„მე შემიძლია იმ ფაქტის კონსტატირება, რომ სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევა, როგორც სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე საპროცედურო უფლებაზე, და რელიგიისა და რწმენის უფლების დარღვევა, რადგან მასთან შეჰყავთ ის მოძღვრები, რომლებიც მათ სურთ და არა ისინი, რომლებთანაც შეხვედრა თავად მიხეილს უნდა.

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ჩვენ ამას მივიტანთ ევროპის ელჩებამდე. მე დავწერ ჩემს გადაწყვეტილებას ევროპული პარლამენტში —  რა დავინახე და რა დასკვნებიც გამოვიტანე“, – ამბობს ის და ამატებს, რომ შეხვდება ნინო ლომჯარიასაც.

ნახეთ ასევე:

სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითიდღე სუსტდება — უკრაინის სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი