ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითიდღე სუსტდება — უკრაინის სახალხო დამცველი

27 ოქტომბერი, 2021 • 865
სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითიდღე სუსტდება — უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსულმა დენისოვამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ თავად სააკაშვილს საზოგადოებისთვის ბევრის თქმა სურს, შემდეგ კი, მისი სიტყვების ციტირებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ვციტირებ, რომ არ გამოვტოვო ის სიტყვები, რისი გადმოცემაც მან მთხოვა: ის დღითიდღე სუსტდება, ჰქონდა 4 კრიზისი, ორი ჰიპერტენზიული და ორი კრიზისი სისხლთან დაკავშირებით“, — აცხადებს ის.

უკრაინელი ომბუდსმენის თქმით, ციხის ეზოში მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი აღჭურვილობა და შესაძლებლობა შეზღუდულია.

„ისინი აღჭურვილები არიან ისე, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ სისხლის გადასხმა ან გულის მასაჟი ჩაატარონ, თუ ამის საჭიროება დადგება. თუ საჭირო გახდება, სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენა — და ჩვენ დღეს ვიცით, რომ შიმშილობის 27-ე დღეს ეს აუცილებლობა შეიძლება დადგეს. ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. სავარაუდოდ,, ვერც საავადმყოფოში გადაყვანას შეძლებენ, თუ ის [სააკაშვილი] აქ გააგრძელებს ყოფნას“, — განმარტა ჟურნალისტებთან დენისოვამ.

უკრაინის სახალხო დამცველმა ასევე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უარს აცხადებს ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე და ფიქრობს, რომ იქ მისთვის პატიმრების თვალსაზრისითაც არაა უსაფრთხო გარემო. ასევე, აღნიშნული საავადმყოფო არ არის აღჭურვილი ისეთი პაციენტის დასახმარებლად, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაშია.

„მას დღეში ორჯერ უტარდება ანალიზები, დღეს ის შეხვდება ექიმს. აქ ჩამოვიდა უკრაინელი ექიმი და მე ვიმედოვნებ, რომ დღეს ან ხვალ დილით მივა მიხეილთან“, — ამბობს დენისოვა.

დენისოვამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანონ, რომელთანაც უწყებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილის ექიმები და ადვოკატების მის გადაყვანას სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი