სამართალი

არასათანადო მოპყრობის ფაქტები ციხეებში

26 ივნისი, 2015 •
არასათანადო მოპყრობის ფაქტები ციხეებში

“ზოგადად, მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები რჩება და ეს, პირველ რიგში, უკავშირდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახშირებას. ჩვენთან არაერთი ასეთი ფაქტი იყო შემოსული გასულ წელს, რასთან დაკავშირებითაც ვითხოვდით გამოძიებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან.

 

სამწუხაროდ, პრობლემა კვლავ რჩება გამოძიების ნაწილში. არც ერთი თანამდებობოის პირი. სამწუხაროდ. დღემდე დასჯილი არ არის იმ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდა გასულ წელს. 21 ასეთ კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობთ ანგარიშში”, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

ანგარიშის მიხედვით, ბათუმის #3 დაწესებულებაში მწვავედ დგას არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხი.

 

“ვიზიტის დროს აშკარა იყო თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, რაც პატიმრების არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. დაწესებულებაში მიღებული დაზიანებების დოკუმენტირება სამედიცინო პერსონალის მიერ კვლავაც ხარვეზებით მიმდინარეობს.

 

არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად ხდება უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. დაწესებულების ადმინისტრაცია ძირითადად ეყრდნობა ე.წ. სტატიკური უსაფრთხოების  ელემენტებს (განცალკევება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა), რაც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნის მიღწევას. შედეგად, დაწესებულებაში რჩება დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, თვითდაზიანების, ძალადობისა და აგრესიის გამოვლენის მაღალი რისკი”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებათა საფუძველზე ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის შესახებ სახალხო დამცველის წინადადებათა მიუხედავად, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და სახალხო დამცველს არ აქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის აზრით, წამების და არაადამიანური მოპყრობის, დახურულ დაწესებულებებში პირთა გარდაცვალების ფაქტების დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.

 

“ხშირია პატიმართა შიმშილობისა და თვითდაზიანების მიყენების შემთხვევები. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პატიმართა შორის ძალადობის მაღალი რისკფაქტორების არსებობა და ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვა. სამწუხაროდ, პატიმართა ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში ხშირი გადაყვანის მზარდი ტენდენცია დღესაც შენარჩუნდა. სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, შეისწავლოს გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ოფიციალურად განმარტავს, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილი, რომელიც შეიცავს ოპერატიულ ინფორმაციას, ხოლო ამ ტიპის ინფორმაციის წვდომაზე სახალხო დამცველს დაშვება არ აქვს,” – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშში კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად ასახულია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დადებითად აისახება ციხეებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით.

 

  • 2015 წლის 1 მაისს „პატიმრობის კოდექსში“ შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2016  წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი, უფლებამოსილი იქნება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.

 

  • 2015 წლისა 1 ივლისიდან განხორციელდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია და სამინისტროში მისი ინტეგრაციის მიზნით, როგორც სტრუქტურული ქვედანაყოფი, იქმნება დეპარტამენტი.

 

  • პატიმრების სამარტოო საკანში მოთავსების 20-დღიანი ვადა შემცირდა და განისაზღვრა 14 დღით.

 

  • პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით სამინისტროსთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. ამ საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მაგალითად, საია გამოყოფს პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც 2015 წელს გადაიდგა წამებასთან ბრძოლის მიმართულებით.

 

“მართალია, რამდენიმე თვის დაგვიანებით, მაგრამ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შემუშავდა და დამტკიცდა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფოტოგადაღების უფლება მიენიჭათ.

 

თუმცა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის თვალსაზრისით, კვლავ რჩება ხარვეზები, მათ შორის აღსანიშნავია სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულის მიმართ ჩადენილი წამების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლის უაღრესად ფორმალური და შეზღუდული როლი, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულზე ”, – აცხადებენ საია-ში.

 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  მართალია, 2012 წლის შემდეგ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად შეცვლილია და ის აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, თუმცა კვლავაც მწვავედ დგას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიება.

 

“წამებასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, უაღრესად საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს ახლახან მომხდარი ფაქტი, როდესაც პატიმარს, ომბუდსმენისათვის არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცრუ დასმენისათვის წაუყენეს ბრალი.  აღნიშნული შემთხვევა მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს დეკლარირებულ პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებას წამებასთან ბრძოლის მიმართულებით”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეშფოთებას გამოხატავს “სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის თაობაზე, რა დროსაც წამებისა და არაადამიანური  მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ საკუთარი ნებით უარყონ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ხელი მოაწერონ დოკუმენტს პრეტენზიის არქონის შესახებ.

 

ორგანიზაცია ორ ასეთ შემთხვევას გამოყოფს, როდესაც პატიმრებს, რომელთა უფლებებსაც იცავენ, თხოვეს უარი ეთქვათ მათ მიერ ადვოკატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მათ ციხეში სცემეს.

 

მაგალითად, ორგანიზაციის ცნობით, #7 დაწესებულების პატიმარმა პ.ს.-მ ადვოკატს განუცხადა, რომ 2014 წლის სექტემბერში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც იგი ცემეს და აწამეს, შემდეგ კი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. შემთხვევა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ვიდეოკონტროლი.

 

“მსჯავრდებულის თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო მან მოითხოვა ექიმის პირველადი დახმარება, რაზეც უარი მიიღო. ხოლო მას შემდეგ, რაც საჩივრის დაწერა განიზრახა, ჯაჭვით შებოჭეს და მთელი ღამის განმავლობაში აბანოს ოთახში ამყოფეს, დილით კი გადაიყვანეს ბათუმის #3 დაწესებულებაში. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მასზე მუდმივად მიდიოდა ზეწოლა, რათა არ დაესახელებინა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე თანამდებობის პირები. აიძულებდნენ, უარი ეთქვა გასაჩივრებაზე. იგი ჩასვეს სამარტოო საკანში 19 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გადაიყვანეს #7 დაწესებულებაში. მსჯავრდებულის ცნობით, ამჟამად იგი იმყოფება სამარტოო საკანში, სადაც არაადამიანური პირობებია”, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი