ქალბატონო ნინო, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მართლმსაჯულების სისტემაში?
ეს არის სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპი. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი ბევრი ინსტიტუციის გაუმჯობესებას გამოიწვევს და ეფექტიანი სამართალწარმოების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ბოლო წლებში სასამართლოში მომართვიანობის რაოდენობამ იმატა, მოსამართლეების რიცხვი კი შემცირებულია და ამიტომ ძალიან დატვირთულები არიან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დონორი ორგანიზაციების დახმარება და ვთხოვოთ მათ ელექტრონული წარმოების იმ მეთოდის ამუშავება, რომელსაც ჰქვია შემთხვევითობით საქმეების განაწილების წესი. ეს არის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომელიც ელექტრონული პროგრამით დამუშავდება და ძალიან მაღალ შანსს იძლევა იმისა, რომ სასამართლოს ნდობა გაღრმავდეს საზოგადოებაში.
კანონპროექტში გაჩნდა ახალის სიტყვა “ინსპექტორის ინსტიტუტი”…
ანგარიშვალდებულების მაღალ მექანიზმზე როცა ვსაუბრობთ, საკითხი უკავშირდება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურის გაუმჯობესებას. მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა დაბალანსებულია მისი ანგარიშვალდებულებით, ზუსტად ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე იქნება პასუხი იმ უამრავ საჩივარსა და განცხადებაზე, რომელიც შესულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ შემოგვაქვს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც სადისციპლინო სამართალწარმოების ეტაპზე იქნება ეფექტური, დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიებით. იგი ანგარიშვალდებული იქნება საბჭოს წინაშე.
კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება ინსპექტორს?
ინსპექტორის ფუნქცია იქნება შემოსულ საჩივრებთან და განცხადებებთან დაკავშირებით საბჭომდე მოკვლეული, არგუმენტირებული პოზიციის მიტანა, დისციპლინური წარმოების დაწყებას კი, ცხადია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს. ჩვენ შევცვლით იმ უარყოფით პრაქტიკას, რაც გვქონდა.
2012 წლიდან დღემდე არც ერთი მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი არ განხილულა. თქვენი შეფასებით რაზე მიუთითებს ეს?
ორი პასუხი არსებობს ამაზე. ერთი, – სასამართლო კორპუსი მუშაობს სანიმუშოდ და არ არსებობს დისციპლინური დევნის ღირსი გადაცდომები მოსამართლეთა მხრიდან და მეორე: მოქალაქეები იმდენად უკმაყოფილოები დარჩნენ დისციპლინარული სამართალწარმოების შედეგებით, მოხდა საბჭოს უგულვებელყოფა და ამიტომაც მომართვიანობა აღარ არსებობს.
იცვლება სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესი და ასევე თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთიდან სამ წლამდე მცირდება. ეს რატომ ხდება?
იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით შემოთავაზებულია დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტი, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი – ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, მოსამართლეებს, სასამართლო კორპუსს ვაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიონ თავმჯდომარე.
თუმცა სასამართლოს თავმჯდომარეები ამ ცვლილებას არ ეთანხმებიან…
მოსამართლეთა გამოთქმული მოსაზრების შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარდამავალ დებულებებში შევცვალოთ დათქმა, რომელიც უკავშირდება ვადებს. სასამართლოს თავმჯდომარეები იმას ემხრობიან, რომ უფლებამოსილების ვადა დაამთავრონ და მხოლოდ მას შემდეგ იქნეს არჩევითობის წესი. ამაზე, ფაქტობრივად, კონსესუსი მიღწეულია.
კანონპროექტში საუბარია, ასევე, მოსამართლეების მივლინების საკითხზე. მოქალაქეებს რომ ავუხსნათ, კონკეტულად რა ცვლილებაზეა საუბარი?
ეს არის მივლინების წესის დახვეწა, – უნდა დასაბუთდეს მივლინების საჭიროება, ეს უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა – მოსამართლის თანხმობა, მისი პოზიცია საჭიროა. წინა წლებში გვქონდა უსამართლო და არასწორი პრაქტიკა, როცა მივლინებული მოსამართლეები მიანიშნებდნენ იმაზე, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა, მათი დამოუკიდებლობის პრინციპის საწინააღმდეგოდ მივლინება დასჯის ფორმა იყო, სხვადასხვა რეგიონში ამწესებდნენ მოსამართლეებს, სადაც არც საცხოვრისი და არც სხვა პირობები არ ჰქონდათ, ამიტომ ჩვენ გავიზიარეთ მათი პოზიცია და გადავწყვიტეთ, რომ მოსამართლის მივლინება მხოლოდ იშვიათი, გამონაკლისი და უკიდურესი შემთხვევა უნდა იყოს.
მოსამართლეებთან თქვენ ისაუბრეთ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ახალ სტანდარტზე. მოქალაქეებს რას მოუტანს ეს ცვლილება?
სამართალწარმოების პროცესის მონაწილეები უკმაყოფილოები არიან დასაშვებობის კრიტერიუმების გამო. შემოვიტანეთ ძალიან ღირებული დათქმები. მთავარი რაც არის საზოგადოებისთვის, საჩივრის დაუშვებლობა უნდა იყოს დასაბუთებული, რაც მხარეს მისცემს იმის შესაძლებლობას, გაიგოს, თუ რატომ ეთქვა უარი საჩივრის განხილვაზე. ასევე, არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების კვალდაკვალ, სისხლის სამართლის საკასაციო პალატაში დასაშვებობის კრიტერიუმში გაკეთდა დათქმა, რომ არასრულწლოვნის ყველა საქმე, რომელიც გასაჩივრდება საკასაციო ინსტანციაში, იქნება დასაშვები.