სამართალი

ბარამიძე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2015 წლის ბოლომდე ამოქმედდება

11 თებერვალი, 2015 •
ბარამიძე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2015 წლის ბოლომდე ამოქმედდება

კოდექსის პროექტში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. რა იგულისხმება საუკეთესო ინტერესებში?

 

თვითონ ეს ტერმინი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი პრიორიტეტულობა აღებულია ბავშვის უფლებათა კონვენციიდან. ეს არის ტერმინი, რომლითაც სარგებლობს ეს კონვენცია. თვითონ კონვენციაში ამ ტერმინის შინაარსი განმარტებული არ არის, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, მისი შინაარსი მეტ–ნაკლებად ცნობილია იმდენად, რამდენადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესები გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს, მისი განათლების ინტერესს, მისი აღზრდის ინტერესს და .აშ.

 

რაც მთავარია, ყველა ცალკეულ შემთხვევაში საუკეთესო ინტერესი უნდა შეფასდეს და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ბავშვის პიროვნებიდან გამომდინარე, მისი კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ის იმყოფება. აქედან გამიმდინარე, ზოგადი განმარტება, უნივერსალური და უნიფიცირებული არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენ გარკვეული ნიშნები, არა ამომწურავი, მაგრამ გარკვეული ნიშნები კანონში მივუთითეთ, რომ რამდენადაც ეს ტერმინი არის ახალი, ყველას ჰქონდეს მეტ–ნაკლებად წარმოდგენა, დაახლოებით რასთან აქვს საქმე.

ალექსანდრე ბარამიძე. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო
ალექსანდრე ბარამიძე. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის რა ნაწილი ვრცელდება 18–დან 21 წლამდე ახალგაზრდებზე?

 

საპროცესო უფლებები, მათ შორის, ადვოკატი, ფსიქოლოგი, კანონიერი წარმომადგენლის და იმ სხვა პირების აუცილებელი მონაწილეობა, რომელსაც კოდექსი ითვალისწინებს, – ეს ყველაფერი ვრცელდება 18–21 წლის ასაკის სრულწლოვან პირზე. ასევე, მათზე ვრცელდება განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების პირველ რიგში განხილვის ვალდებულება.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას (საქართველოს კოალიცია ბავშვების და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის) აქვს, უკავშირდებოდა განრიდების მექანიზმს. მათი რეკომენდაციაა, რომ განრიდების შესაძლებლობა ჰქონდეთ მოსამართლეს და პოლიციელსაც. რა მიზეზების გამო რჩება განრიდების მექანიზმი კვლავ მხოლოდ პროკურორის ხელში?

 

განრიდება – ეს არის დისკრეცული უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია პროკურორს. ანუ, მას არ გააჩნია ვალდებულება, რომ დაასაბუთოს, რატომ გამოიყენა, ან არ გამოიყენა ესა თუ ის ღონისძიება, კონკრეტულ შემთხვევაში – განრიდების ღონისძიება. აქედან გამომდინარე, ვერ გაასაჩივრებ იმას, რისი დასაბუთებაც, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს გარკვეული ფაქტორები, რის საფუძველზეც პროკურორს შეუძლია მიმართოს ასეთ ზომას, შეუძლია არ მიმართოს, იგი ვალდებულია, რომ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების შემთხვევაში და სხვა ფაქტორების არსებობის შემთხვევაში პირველ რიგში განიხილოს ეს ალტერნატივა, მაგრამ დასაბუთების ვალდებულება, როგორც ასეთი, არ გააჩნია.

 

მეორეც, არ არის სწორი, რომ სასამართლოს როლი საერთოდ არ არსებობს. კოდექსის პროექტში პირდაპირ გვიწერია, რომ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, რომ განიხილოს განრიდების საკითხი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ  შესაძლებელია განრიდების საკითხის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე პროკურორმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, თავისი დისკრეციული უფლებიდან გამომდინარე, შეუძლია დაუბრუნოს პროკურორს, რომ ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. ჩვენი აზრით, ეს სავსებით საკმარისია, მით უმეტეს, რომ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს, რომ განრიდება გამოყენებულ იქნეს მოსამართლის მიერაც.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროცესის მწარმოებელი/მონაწილე პირები (მოსამართლე, პოლიციელი, პროკურორი, პატიმრობის დაწესებულების პერსონალი) უნდა იყვნენ სპეციალიზებულნი. რამდენად მოესწრება კოდექსის ძალაში შესვლის დროისთვის ამ რაოდენობით პროფესიონალების გადამზადება? არის მუშაობა დაწყებული ამ კუთხით?

 

დიახ, დაწყებულია მუშაობა ამ კუთხით. სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, როდესაც გამოტანილ იქნა სულ პირველად ეს პროექტი, იმავე სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, მათ შორის სხვადასხვა უწყებების სასწავლო ცენტრების მონაწილეობით, საერთაშორისო დონორების მონაწილეობით, სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც შეიმუშავებდნენ ტრენინგების პროგრამას,  გეგმა–გრაფიკს, ტრეინინგების სახელმძღვანელოებს, მოდულებს და ა.შ. ეს მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისად, გაიწერება გეგმა–გრაფიკიც ამ ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა და შეიქმნება სახელმძღვანელოებიც. ამის შესაბამისად, განისაზღვრება დრო, როდის უნდა ამოქმედდეს კოდექსი. კოდექსი, სავარაუდოდ, და იმედი მაქვს, მიღებულ იქნება საგაზაფხულო სესიაზე, ანუ ივლისამდე, მაგრამ მისი ამოქმედება გათვალისწინებული გვაქვს მოგვიანებით. იმ დროისთვის კი, ჩვენი ვარაუდით, უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო სამუშაო სპეციალიზაციის კუთხით.

 

უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თუ არის დაწყებული მუშაობა და თუ შეეხება სპეციალიზაცია ყველა პოლიციელს?

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც პოლიციის აკადემია, რომელიც ამ უწყების მთავარი სასწავლო ცენტრია, ასევე არის მონაწილე იმ სამუშაო ჯგუფის, რომელზეც მოგახსენეთ. აბსოლუტურად ყველა პოლიციელის გადამზადება ვერც მოხერხდება და ეს არც არის საჭირო, იმიტომ რომ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ გარკვეული რაოდენობით, რომელიც განისაზღვრება, ცხადია, რა რაოდენობით პოლიციელების მომზადება დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში ცხადია შსს–ს და მის პოლიციის აკადემიას ექნებათ თავიანთი შეხედულებები ამის თაობაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს.

 

 როდის შევა კოდექსი ძალაში?

უკვე გითხარით, რომ მუშაობა ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება სადღაც შემოდგომაზე, ან წლის ბოლოს. შეიძლება უფრო ადრე – არ ვიცი, როგორ წარიმართება და რა შედეგებს მივიღებთ უახლოეს მომავალში სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასებების შედეგად.

კოდექსის თანახმად, 16 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ მისი თანხმობით. არის თუ არა საფრთხე, რომ ბავშვმა ბოლომდე ვერ გაიაზროს რა სახის ინფორმაციას ასაჯაროებს და  ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს მისი სტიგმატიზაცია, რაც შემდგომში საზოგადოებაში ინტეგრაციაში ხელს შეუშლის. არსებობს რაიმე დამცავი მექანიზმი?

 

ჩვენ ამ ნორმაზე ვმუშაობთ. შეიძლება დავამატოთ გარკვეული სხვა დათქმებიც. თავდაპირველად მიჩნეულ იქნა, რომ თანხმობა თავისთავად საკმარისად მყარი გარანტიაა. თუმცა შეიძლება გარკვეული რედაქციული ცვლილება ამ ნორმაში შევიდეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ბუნდოვანია, თუ ვის და რა სიტუაციებში შეეძლებათ პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვნის მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება. იგეგმება თუ არა ამ მხრივ დამატებითი რეგულაციების შემოღება?

 

ჩვენ ნებისმიერ კანონს, კონკრეტულად, ამ კოდექსის პროექტსაც, განვიხილავთ საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით. სწორედ ამისთვის, არაერთი რაუნდი ჩავატარეთ უკვე საზოგადოებასთან კონსულტაციების,  მათ შორის, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთანაც. მათგან გარკვეული შენიშვნები, რეკომენდაციები, სურვილები მივიღეთ და ჩვენ ამ ინფორმაციის გადამუშავების ეტაპზე ვართ. ის, რაც თავდაპირველად გამოქვეყნდა, იქ რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება შეტანილი, არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის იმ ნორმებშიც, რომელიც ეხება ძალის გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი