გიორგი გელაძის ადვოკატის, ნინო ლალიაშვილის თქმით, მისი კლიენტი სამი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს. 18 წლის წინ ყოფილმა პოლიციელმა ერთი ადამიანი საქართველოში მოკლა, ხოლო ორი- ბაქოში. სწორედ აზერბაიჯანის სასამართლომ მიუსაჯა მას უვადო პატიმრობა, რაც ძალაში დატოვა საქართველოს სასამართლომაც.
ნინო ლალიაშვილის ინფორმაციით, უვადო პატიმრებისთვის, ისე როგორც სხვა კატეგორიის მსჯავრდებულების მიმართ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კანონი ჰუმანური გახდა. სისხლის სამართლის კოდექსი მათ მიმართ სასჯელის შემსუბუქებას ან გადაკვალიფიცირებას ითვალისწინებს. „ნაციონალების მართველობის პირველ ეტაპზე პატიმრობიდან 25 წლის გასვლის შემდეგ იყო ეს დასაშვები, მერე 20 წელზე ჩამოიყვანეს, ახლა კი – 15 წელზე. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მიმართა შვიდმა უვადო პატიმარმა უდოს კომისიას, მაგრამ კომისია არც კი შეხვედრია ამ ადამიანებს, ისე გამოუგზავნა უარი. გამოდის, კანონის ნორმა ფარატინა ქაღალდზეა მხოლოდ“, – ამბობს ნინო ლალიაშვილი.
უვადო მსჯავრდებულების უმრავლესობა – 63 პირი განთავსებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მათი სახელით გიორგი მგელაძის ოჯახის წევრებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„აღმოფხვრილი იყოს ის დისკრიმინაცია, რომელიც დაშვებული იქნა ჩვენს მიმართ 28.12.2012 ამინისტიის კანონით, რომლის თანახმადაც მთლიანად და ნაწილობრივ (1/4)-ით მაინც შეუმცირდათ სასჯელი ყველა მსჯავრდებულს (მათ შორის ჩვენს მიერ ინკრიმინირებული და მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირებს) უვადო მსჯავრდებულთა გარდა, რაც პირთა ჯგუფის სამართლებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა მაგალითია. ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ვითარება, რომ შეწყალების დებულებასა და კოდექსის 72-73-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, არც შეწყალების კომისია და არც ადგილობრივი საბჭოები (ე.წ. UDO-ს კომისია) არ აკმაყოფილებენ უვადო მსჯავრდებულთა განცხადება-შუამდგომლობებს სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე“.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, დღეს მე-8 დაწესებულებაში 47 უვადო პატიმარი შიმშილობს.