სამართალი

ქალი, რომელმაც ყოფილი ქმრისგან დასაცავად პოლიციას არაერთხელ მიმართა, თავს დაუცველად გრძნობს

13 იანვარი, 2015 • 1493
ქალი, რომელმაც ყოფილი ქმრისგან დასაცავად პოლიციას არაერთხელ მიმართა, თავს დაუცველად გრძნობს

“ყველაზე მეტად მე მაქვს იმის პრობლემა, რომ ვარ ძალიან დაუცველი ამდენი განცხადების და პოლიციაში სიარულის შემდეგ”,– თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

12 დეკემბერს ნინოს შესახებ სტატუსი მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, სადაც შესაბამის ორგანოებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. სტატუსს გამოეხმაურა შსს–ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი. მან დაწერა, რომ გამოძიება 10 იანვარს დაიწყო და საქმე ოჯახში ძალადობის მუხლით არის აღძრული.

 

გასული წლის ივნისში ნინო ქმარმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ბავშვის თანდასწრებით სცემა, რის შედეგადაც გონება ორჯერ დაკარგა. ის სასწარაფომ საავადმყოფოში მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაიყვენა, სადაც მას ექიმმა უთხრა, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა.  საავადმყოფოში მიყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ ნინო დაკითხვაზე წაიყვანეს.

 

მსხვერპლის თქმით, ამ დროს მას თავის ძლიერი ტკივილები აწუხებდა და არ შეეძლო კარგად მოეყოლა, თუ რა მოხდა.

 

“დამკითხეს. ვინც ტექსტს კრეფდა, იმან თქვა, რომ ვაიმე, ეს სხვანაირად იძახის და იმან [ნინოს ყოფილმა ქმარმა] სხვანაირად თქვაო. ეს ძალიან ნაცემიაო, რომ შემომხედეს, სახე სახეს არ მიგავდა, დალურჯებული ვიყავი, თმები თავზე არ მქონდა, ნახევრად მელოტი ვიყავი, ძალიან ნაცემი. მითხრეს, რომ მოდი, რახან პირველი შემთხვევაა ეს და თქვენ შეიძლება ისევ შერიგდეთ და პირველი ფაქტია პოლიციაშიც და ყველგან, მოდი, ცოტა ისე დავწეროთო. ეს პიროვნებაც არ ჩანს ესეთიო, აღიარებსო, ნანობსო, დაკითხვის დროს ძალიან ინანა, რომ ასე მოიქცაო. მოდი, ასე დავწეროთ, რომ ერთი–ორჯერ მოგხვდა სახეში ხელიო. არადა ისეთი ნაცემი ვიყავი, ხელი კი არა, წიხლები მირტყა სახეში,”– იხსენებს ნინო.

 

ის ამბობს, რომ ამაზე  უარი არ უთქვამს და არც პრეტენზია განუცხადებია; ფიქრობდა, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ  შვილთან ერთად მშობლების ბინაში მშვიდად იცხოვრებდა.

 

“პოლიციასთან შეხებაც არ მქონია, პირველად ვიყავი. არც არავის ურჩევია, რომ მოდი, ასე მოიქეცი. პრინციპში არავინ არ იცოდა, მარტო მივედი იქ. როცა ბავშვთან ერთად ხარ, ტვინის შერყევა გაქვს, ალბათ მაგაზე არც ფიქრობ და იმაზე ფიქრობ, როგორმე სახლამდე მიხვიდე, ბავშვი დააბინავო, დააძინო,”– ასე ხსნის ნინო თავის გადაწყვეტილებას.

 

ამის შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად, მისი თქმით, ყოფილი ქმარი ურეკავდა და ემუქრებოდა. საავადმყოფოში მოხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი სახლში მიუვარდა და თავში პამპერსი ესროლა. ნინომ მაშინ გამოიძახა პატრული, თუმცა ყოფილი ქმარი უკვე წასული იყო და ამიტომ პატრულმა შემაკავებელი ორდერი ვერ გამოსცა.

 

ყოფილი ქმრის მუქარები ამით არ დასრულებულა. ნინოს თქმით, აქვს სატელეფონო ჩანაწერები, თუ როგორ შეურაცხყოფს ყოფილი ქმარი და როგორ ემუქრება, თუმცა ნინო ამბობს, რომ პოლიციელები ამ ჩანაწერებით არ დაინტერესებულან.

 

ნინო ყვება, რომ ხშირად დადიოდა პილიციის განყოფილებებში და მუქარების შესახებ აცხადებდა, ყველზე მეტად კი გამომძიებელი ნინო ბლიაძე დაეხმარა – ამ გამომძიებელს მოასმენინა სატელეფონო საუბრები, თუ როგორ ზეწოლას ახდენდა მასზე ყოფილი ქმარი, რის შემდეგაც გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

 

10 იანვარს, როდესაც ორდერის მოქმედების ვადა გასული იყო, ნინოს თქმით, ბავშვი ზოოპარკში გაასეირნა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა დაურეკა. მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ბავშვის მოსაკითხად ხშირად რეკავდა, თუმცა, თუკი ამ დროს თვითონ ქუჩაში იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე ღიზიანდებოდა. იმ დღესაც ყოფილმა ქმარმა უთხრა, რომ მასთან დალაპარაკება სურდა და სახლში მიაკითხავდა.

 

ნინოს თქმით, სახლში მისვლისთანავე დარეკა 112–ში და ვითარება აუხსნა, თუმცა იქ უთხრეს, რომ წინასწარ გამოძახების უფლება არ ჰქონდა. ნინო შიშიბდა, რომ  პატრულს შეიძლება დაეგვიანა, რადგან მისი თქმით, მის სახლს პატრული ხშირად ვერ აგნებდა. ამჯერადაც პატრულის გამოძახება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც ყოფილმა ქმარმა სახლში მიაკითხა.

 

ნინო ამბობს, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა: “ამ დროს პატრული მირეკავს, ამას უჭირავს ძალიან დიდი ლარნაკი ხელში, რომელიც მე მომხვდებოდა თავში, ტელეფონისთვის რომ მეპასუხა. მერე პრეტენზია ჰქონდათ პატრულის თანამშრომლებს, თუ რატომ არ ვუპასუხე”.

 

ნინოს თქმით, მას ბავშვი ხელში ჰყავდა აყვანილი, როდესაც ყოფილმა ქმარმა მათი მიმართულებით სკამი ისროლა, რომელიც ნინოს ზურგში მოხვდა.  

 

ყვირილის ხმაზე მეზობლები და მისი ძმა შემოვიდნენ და შეეცადნენ ნინოს ყოფილი ქმარი შეეკავებინათ, პოლიციის მოსვლამდე რომ არ გაქცეულიყო.

 

ამ ინცინდენტის შემდეგ, როგორც ნინო ყვება, შემაკავებელი ორდერი შეადგინეს, რომელიც მეორე დღეს სასამართლომ დაამტკიცა.

 

“მაგრამ გუშინ შემაკავებელი ორდერი დაირღვა, – მუქარის  მესიჯი მომწერა, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი შეგრჩებათო. ძირითადად ჩემს ძმას ემუქრებიან,”– თქვა ნინომ.

 

ნინოს თქმით, ამის შემდეგ მაზლმა დაურეკა, შეურაცხყოფა მიაყენა და მის ძმას დაემუქრა.

 

“მე უფრო დიდი შიში მაქვს ახლა. დავუშვათ, დააკავეს ეს პიროვნება, შემდეგ უკვე ხდება მაგის ძმისგან აგრესია, ყველას ხომ არ დაიჭერენ? მაგის თქმა მინდა, რომ რაღაც დამცავი უნდა არსებობდეს.”

 

ნინო ამბობს, რომ დღეს შსს–ს გენერელურ ინსპექციაში აპირებს წასვლას, რათა ისაუბრებს “იმაზე, რაც ხდება”. მას უნდა, რომ უფრო დაცული იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი