სამართალი

კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის 10 წელი შეაფასა

29 დეკემბერი, 2014 • 1457
კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის 10 წელი შეაფასა

კუბლაშვილმა დღეს უზენაეს სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ 10 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე, მომავლის გეგმებსა და იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს დახვდება. 

 

სასამართლოს დამოუკიდებლობა


კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტი მათი უვადო დანიშვნაა. მისი თქმით, უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში მოსამართლე დარწმუნებული იქნება, რომ პოლიტიკური თუ სხვა ცვლილებები მის მიმართ რაიმე ცვლილებას ვერ გამოიწვევს.

 

“პოლიტიკური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, ამიტომ მისი გადაწყვეტილებები უნდ ამივიღოთ როგორც ასეთი, ამიტომ თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, უნდა გაასაჩივროს. ეს ძალაინ კარგია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ არის ხარვეზები,”– ამბობს ის.

 

კუბლაშვილი ერთ–ერთ ასეთ ხარვეზად იმას მიიჩნევს, რომ უვადოდ დანიშვნამდე ყველა მოსამართლემ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უნდა გაიაროს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ შემთვევაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება. მისი განმარტებით, მოსამართლეებს უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში უფრო მეტად სტაბილურები იქნებოდნენ.

 

“ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების მთავარი ნიშანი არის მუდმივი ცვლილებები. სასამართლო ხელისუფლება გამორჩეული და მთავარი ნიშანი მისი არის უცვლელობა. ამას რომ მივაღწიოთ, აუცილებელია, რომ მოსამართლეები იყვნენ უვადოდ დანიშნული. ამ გზაზე ცოტა უკანაც კი დავიხიეთ, იმიტომ, რომ 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შემოვიდა, ბუნებრივია, ვერავინ ვერ იტყვით, რომ სასამართლო არის 100%–ით დამოუკიდებველი,”– განაცხადა მან.

 

ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებთან მიმართებით მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის ბოლოსა და 2013 წლის დასაწყისში ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობა იყო.

“ყოფილი თანამდებობის პირი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ამ საქმეებზე ზოგადად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა გარემო, რომელშიც იხილებოდა ეს საქმეები. არ გამოვრიცხავ, რომ 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის პირველ ნახევარში ძალიან დიდი ზეგავლენის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე იყო ასევე. ამ ფონზე მიმდინარეობდა ამ საქმეების განხილვა და შესაძლებელია, გარკვეული გავლენა ამას ჰქონდა,”– თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

კუბლაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზეც ისაუბრა, რომელიც 2007 წლიდან  წყვეტს ყველა დანარჩენ საკითხს, რაც არ არის დაკავშირებული თავად საქმეთა განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მთავარი ადმინისტრაციული ორგანო გახდა, სადაც უმრავლესობა მოსამართლეებს აქვთ.

 

კუბლაშვილის თქმით, მანამდე იუსტიციის უმაღლოესი საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო, საბჭოს შემადგენლობაში კი მოსამართლეები უმცირესობაში იყვნენ.


მოსამართლეთა მომზადება


მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა ამზადებს. უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2007 წლიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით სკოლაში 100 მსმენელი ჩაირიცხა, რომელთაგან 59 უკვე მოქმედი მოსამართლეა.

კუბლაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნით საფუძველი ჩაეყარა მოსამართლეთა შერჩევის სრულიად ახალ მეთოდს, რაც ევროპაში არის აღიარებული. მისი თქმით, ვერავინ ვეღარ დაინიშნება მოსამართლედ, თუ არ აქვს გავლილი სკოლის სპეციალური კურსი.

 

“ამან მოაგვარა ძალიან ბევრი პრობლემა, კონკრეტულად ის, რომ თუ ძველი სისტემით ჩვენ ვნიშნავდით მოსამართლეებს, რომლებიც მანამდე გადიოდნენ 2–3-კვირიან, ან 1–თვიან კურსს, ახლა ისინი გადიან 1–თვიან კურსს მოსამზადებლად და არიან ძალიან კარგად ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ თავიდანვე დაიწყონ ძალიან მაღალ დონეზე მუშაობა,”– თქვა მან.

 

გარდა ამისა, კუბლაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ყოველწლიურად მოქმედ მოსამართლეთა გადამზადებაც მიმდინარეობს. 

 

სასამართლო სისტემის ბიუჯეტი

 

კონსტანტინე კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ ფინანსური დამუკიდებლობის კუთხით მუშაობა 2005–2006 წლებში დაიწყო, სასამართლო სისტემის ბიუჯეტი კი დაახლოებით 5–ჯერ გაიზარდა. პირველად შემოვიღეთ და რეალურად განხორციელდა მოსამართლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფო ბიუჯეტით.

 

“დღეს მოსამართლეთა ხელფასები არის ძალიან კარგი. შემცირების კუთხით ეს არასდროს არ შეიცვლება. თუ შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის მიმართულებით,”– განაცხადა მან. 

უზენაესი სასაამართლოს ინფორმაციით, მოსამართლეთა ხელფასი პირველი ინსტანციის სასამართლოებში 4 000 ლარია, სააპელაციო სასამართლოებში – 5 000 ლარი, ხოლო უზენაეს სასამართლოში – 6 000 ლარი. სასამართლო სისტემის ბიუჯეტი 2014 წელს 15 მილიონი ლარით გაიზარდა და 56 535 000 ლარი შეადგინა. 

 

“ეს ყველაფერი არის იმდენად გარანტირებული, რომ ვერც ერთი მოქმედი თუ ახალი ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ საფუძვლების შერყევას იმიტომ, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის, ფინანსური მდგომარეობის, ასე ვთქვათ, შესუსტება, შემცირება დაუშვებელია, თუ არ იქნება ჩვენი, სასამართლო სისტემის თანხმობა,”– განაცხადა კუბლაშვილმა.

 

სასამართლო საქმეებს უფრო სწრაფად განიხილავს

 

კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემა სისწრაფისა და ეფექტურობის მხრივ წარმატებულია. როგორც მან განმარტა, იმ საქმეებზე, რომლებიც უზენაეს სასამართლოში საჩივრდება, განხილვის საშუალო ვადები არის სისხლის სამართლის საქმეებზე დაახლოებით 12 თვე, ადმინისტრაციულ საქმეებზე – დაახლოებით 14 თვე და სამოქალაქო საქმეებზე – დაახლოებით 16 თვე.


“თქვენ რომ აიღოთ ეს ვადები და შეადაროთ ევროპის ქვეყნებში სასამართლო სისტემებში მდგომარეობას, ნახავთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა პირველ სამეულში აუცილებლად იქნება,”– თქვა კუბლაშვილმა.


მისი თქმით, საქმეების სწრაფ განხილვას ხელს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაც უწყობს. მაგალითად, შესაძებელი გახდა მოწმის დაკითხვა მისი სასამართლო დარბაზში ფიზიკური ყოფნის გარეშე.

 

“თუკი მოწმე არის საზღვარგარეთ და საქმეს საბოლოოდ, სრულყოფილად განხილვისა და დამთავრებისათვის აუცილებელია ამ მოწმის მონაწილეობა და მათ არ შეუძლიათ ჩამოსვლა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს მოწმეები დავკითხოთ იქ, სადაც ისინი იმყოფებიან,”– თქვა მან.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამაზეც ისაუბრა:


“ეს არის საქმის ელექტრონული შემოტანა სასამართლოში, შემდეგ შესწავლა, შემდეგ დამთავრება, გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ გაგზავნა ზემო სასამართლოში. ეს ყველაფერი დღეს ხდება ელექტრონულად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე,”– განმარტა მან. 

 

რა დახვდება უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს?

 

“ჩემი შემცვლელი კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მიიღებს, ეს არის ყველაზე დიდ უპირატესობა, ალბათ,  რაც კი აქვს დღევანდელ ჩვენ სასამართლო ხელისუფლებას,”– ამბობს კუბლაშვილი. 

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იყოს, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რაც უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა უნდა გააკეთოს.

 

კუბლაშვილის ამბობს, რომ მისი შემცვლელის მთავრი გამოწვევა 3–წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება იქნება: “მან უნდა მიაღწიოს, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშნონ”.

 

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეებზე დასაბუთებულობის გაუმჯობესების ხარისხიც. მისი თქმით, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად გადაწყვეტილი. 

 

კუბლაშვილის განცხადებით, უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობაც, რადგან საქმეთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. 

 

“ჩემი საქმიანობის ბოლოს ამას გავაკეთებ: იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში კიდევ დაინიშნებიან მოსამართლეები და ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უნდა გაგრძელდეს ამ კუთხით ძალიან ინტენსიური მუშაობა,”– განაცხადა მან.

 

მისი თქმით, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში 180 ახალი მოსამართლე დაინიშნა, დღეს მოსამართლეთა რაოდენობა 258–ს შეადგენს.

 

სად მიდის კუბლაშვილი?


“შორს ნამდვილად არ მივდივარ,”– ასე უპასუხა კუბლაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ სად აპირებს ის მოღვაწეობის გაგრძელებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

“ვაპირებ მოღვაწეობის გაგრძელებას ისევ ამ სფეროსთან ახლოს. შორს ნამდვილად არ მივდივარ. მაქვს გარკვეული შემოთავაზება უცხოეთიდანაც. ჩვენთან, ადგილობრივ აკადემიურ წრეებშიც შემიძლია, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, ადგილი ვნახო,”– განაცხადა კუბლაშვილმა.

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი