სამართალი

სულხან მოლაშვილი კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს

24 დეკემბერი, 2014 • • 2359
სულხან მოლაშვილი კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს

“კოტე კუბლაშვილი იმპიჩმენტის წესით უნდა გადააყენონ. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადასტურება კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის სრულიად საკმარისია“, – განაცხადა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა, საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა.

 

მოლაშვილი ამბობს, რომ უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც პროკურორებს ახსნა-განმარტებები მისცა. იგი 2004 წელს მისი დაკავების შესახებ დეტალებზე საუბრობს.

 

„დამაკავეს თუ არა, იმ დღესვე სიგარეტით დამწვეს და ჩემზე ელექტროშოკი გამოიყენეს. წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა ვყოფილიყავი მაშინ, როდესაც 28 დღეში 32 კილო დავიკელი. ჩემ მიმართ ყველა ტიპის წამება განხორციელდა, რაც კი არსებობს, და ეს დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ამბობენ, რომ წამების გამოძიება რთულია, რადგან ხშირად არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ რთული გამოსაძიებელია, ვინ გასცა საიდუმლო ბრძანება, რის მიხედვითაც ორთაჭალის ციხიდან ღამის 3 საათზე მეშვიდე საპყრობილეში არაადამიანურ პირობებში გადამიყვანეს? ამას სამოსანი გამომძიებელიც კი გაართმევს თავს“,- ამბობს სულხან მოლაშვილი.

 

მოლაშვილის განცხადებით, საპყრობილეში, სადაც გადაიყვანეს, ელემენტარული პირობებიც კი არ იყო. მისი თქმით, იქ არათუ ელექტროენერგია არ იყო, სანთელი და ისეთი ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები არ გააჩნდა. მოლაშვილის თქმით, მისი დაკავებისას „კაპეზეზე“ გრიგალაშვილი, ბოკერია და ადეიშვილი იმყოფებოდნენ.

 

„უკანონო დაპატიმრების ბრძანებებს სააკაშვილი იძლეოდა, გიგა ბოკერია კი მათ აღსრულებას პირადად აკონტროლებდა. მე არ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ, საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი „კაპეზეზე“ მიყვანისას იქ უკვე იმყოფებოდნენ: ბოკერია, ადეიშვილი და გრიგალაშვილი. უკანონო დაპატიმრებების ბრძანებებს მიხეილ სააკაშვილი პირადად იძლეოდა, მათი აღსრულებაზე ზედამხედველობას კი გიგა ბოკერია ახორციელებდა“, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულხან მოლაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა).

 

ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა ვალდებულება, რომ კომპენსაციის სახით 20 ათასი ევრო გადაუხადოს და ერთი წლის ვადაში სულხან მოლაშვილის საქმე ხელახლა გამოიძიოს.

 

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, ვინც სულხან მოლაშვილს დაკავების დღიდან იცავდა, ამბობს, რომ საქმის განხილვა ევროპულ სასამართლოში 10 წელი მიმდინარეობდა. მოლაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2004 წლის ოქტომბერში მიმართა. სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებამ ერთ-ერთ ინტერვიუში გავლენა მოახდინა სულხან მოლაშვილის სასამართლოს მიმდინარობაზე.

 

ბარათაშვილის თქმით, მაშინ,  როდესაც სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ ჰქონდათ გასაჩივრებული, კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული.

 

“ეს არ იყო მოსახლეობისთვის მიწოდებული ნეიტრალური ინფორმაცია. ეს იყო ზემოქმედება ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებითვის. იმპიჩმენტი არ ვიცი, მაგრამ მოსამართლემ ფაქტობრივად შელახა სასამართლოს იმიჯი თავისი ქმედებით. უპირველესად ნდობას უნდა იმსახურებდეს უზენაესი სასამართლო და მისი თავმჯდომარე. თუ უდანაშაულობის პრეზუნფციას არღვევს უზენაესი სასამართლო, ცხადია, რომ დისციპლინურ დევნას უნდა დაექვემდებაროს”, – ამბობს ბარათაშვილი.

 

სოსო ბარათაშვილის თქმით, ისინი კომპენსაციის სახით 2 მილიონ ევროს ითხოვდნენ. იურისტის თქმით, ამ კომპენსაციას იმ ზიანის გამო ითხოვდნენ, რაც სულხან მოლაშვილს მიადგა პატიმრობის დროს. 


“როდესაც სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ ვითხოვთ განაჩენის გაუქმებას. ჩვენი მიზანია დადგეს გამამართლებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში, თუ დადგება გამამართელებლი განაჩენი, სულხან მოლაშვილს მიეცემა რეაბილიტაციის საშუალება. რაც შეეხება გამოძიებას მისი წამების ფაქტზე, ეს გამოძიება აქამდეც უნდა დამთავრებულიყო დიდი ხანია, მაგრამ 2004 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტურად აწარმოოს გამოძიება. ამას ყველაფერს გააკონტროლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი” – ამბობს სოსო ბარათაშვილი.

 

სულხან მოლაშვილი 2004 წელს დააკვეს და ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს ილია მეორის თხოვნით შეიწყალეს. სულხან მოლაშვილი ემიგრაციაში საფრანგეთში 2014 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა.

სულხან მოლაშვილი
სულხან მოლაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი