ნუგზარ თაბაგარი
გასულ კვირას “ბათუმელებს” ნუგზარ თაბაგარი ტელეფონით დაუკავშირდა და ციხიდან წერილიც გამოგზავნა. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც “ბათუმელებში” მის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, საკანში ლოგინი შეუტანეს, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსისგან კი წერილი მიიღო. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერენ, რომ პროკურატურას მიმართეს დაუყონებლივ გამოიძიონ თაბაგარის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
“2014 წლის 14 სექტემბერს, როცა საავადმყოფოს ეზოში ბადრაგის თანამშრომლებმა მცემეს, თვითხმილველები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები – ძმა, მშობლები და ჩემი მეუღლე. ამ ფაქტის გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჩემმა მეუღლემ პროკურატურას წერილობით მიმართა, ეს 14 სექტემბერს მოხდა. ის მოწმის სახით მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაკითხეს”, – ამბობს ნუგზარ თაბაგარი “ბათუმელებთან”.
ნუგზარ თაბაგარის მეუღლე მანანა ამბობს, რომ პროკურორმა ის 27 ნოემბერს დაკითხა: “როცა მეექსვე დაწესებულებაში იყო ჩემი ქმარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ამიტომაც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ეზოში ჩემს თვალწინ სცემა ის ბადრაგმა. მე დამნაშავის დასჯას ვითხოვ, წერილობით პროკურატურას 15 სექტემბერს მივმართე, მაგრამ 27 ნოემბერს მომაყოლეს სად რა დავინახე”.
პროკურატურამ მოწმის სტატუსით უკვე დაკითხა ნუგზარ თაბაგარიც, თუმცა თაბაგარი დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. რა მუხლითაა ძიება დაწყებული და არიან თუ საქმეში ბრალდებულები? – “ბათუმელების” ამ კითხვას პროკურატურაში არ პასუხობენ.
ნუგზარ თაბაგარის მთავარი მოთხოვნაა სტანდარტულ საკანში გადაყვანა და მკურნალობა. “ბათუმელებს” მან გამოუგზავნა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია №3 დაწესებულების მთავარი ექიმის ზურაბ ორაგველიძის ხელმოწერით. მისი თხოვნით, რედაქციამ გადაწყვიტა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯარო გახადოს.
“დისკოპათია, ქრონიკული იშიო-რადიკულიტი, ჩატარებული ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დისკის რგოლი დარღვეულია, თიაქარი, წელის მალების ოსტეოქონდროზი… თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ქრონიკული პროსტატი, ქრონიკული ბალანოპოსტიტი, კუდუსუნის მიდამოს კისტა, ჰემოროიდული დაავადება, გამწვავების შემთხვევაში საჭიროებს ოპერაციას… ფილტვის ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი მდგომარეობა, ქრონიკული ც ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი. 2013 წელს დიაგნოსტირებული აქვს ფილტვების ტუბერკულოზი, ჩართული იყო ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაში… ემოციურად არასტაბილური აშლილობა…
2014 წლის 15 ოქტომბერს წელისა და მარცხენა ქვემო კიდურის გაუსაძლისი ტკივილის გამო ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია, დაესვა დიაგნოზი: ფესობრივ-ალგიური სინდრომი, რაც საჭიროებს ადეკვატურ გაუტკივარებას”, _ ეს ამონარიდია დოკუმენტიდან, რომელიც ციხიდან 33 წლის ნუგზარ თაბაგარმა გამოუგზავნა “ბათუმელებს”.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე კი “ბათუმელებთან” განმარტავს: “თაბაგარს სამედიცინო თვალსაზრისით ჩაუტარდა ყველაფერი, რაც საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის და მისი ინტერესების ყველაზე ეფექტურად დაცვა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რადგან ის პატიმრობიდან გაათავისუფლა მკურნალობის შემდეგ (თაბაგარი ნასამართლევია – 28 წელი ჰქონდა პატიმრობაში ყოფნის დარჩენილი, თუმცა პრეზიდენტმა შეიწყალა-ავტ.) მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა არის ჩვენი ინტერესი და იმედია, ის, როგორც პატიმარი და პაციენტი ითანამშრომლებს ამ მიზნის მიღწევაში ექიმებთან”.
რატომ არის ანტივანდალურ საკანში მოთავსებული თაბაგარი, ყველაზე უფრო მას ეს აინტერესებს: “თუ ისინი ფიქრობენ, რომ მე თვითდაზიანებისკენ ვარ მიდრეკილი, მინდა გითხრათ, რომ თავის დაზიანების საშუალება ამ საკანშიც არის. პირად საქმეში რეჟიმის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ მაქვს დაფიქსირებული. არ მაქცევენ ყურადღებას სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები. ცხრა თვეა ციხის საჭმელს არ ვიღებ. დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას – ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მაინტერესებს, რომელ კანონში წერია, რომ პატიმარს ლეიბი, საწოლი, სკამი და მაგიდა არ უნდა ჰქონდეს, საპირფარეშოა საკანში, რომელსაც ვიდეოთვალი უყურებს. ეს ჩემთვის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა. ციხის საჭმელს პროტესტის ნიშნად არ ვჭამ, მაღაზიაში კი პური არ იყიდება… დირექტორის მოადგილეს მოჰქონდა ჩემთან პური, ხვიჩა ერქვა. ის კაცი მოხსნეს, ამ მოადგილესაც ხანდახან მოაქვს პური, მას შემდეგ, რაც ჩემ შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მედიაში”.
შინიშვნა: სტატია 229-ე საკანში შესახლებულ პატიმარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა გამოქვეყნდა გაზეთ ბათუმელების 45-ე ნომერში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ (ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით) არჩილ თალაკვაძემ მესამე დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა:
ბატონო არჩილ, ნუგზარ თაბაგარი 72 დღეა იმყოფება ანტივადალურ საკანში, როგორც ის ამბობს, პირად საქმეში რეჟიმის დარღვევის გამო საყვედურიც კი არ აქვს მიღებული. რატომ იმყოფება საკანში, რომლის პერიმეტრს 24 საათის განმავლობაში ვიდეოთვალი აკონტროლებს, მათ შორის საპირაფრეშოსაც?
დე-ესკალაციის საკნები განკუთვნილი არის იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს რისკი პატიმარმა საფრთხე შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობასა და საკუთარ სიცოცხლეს, ან სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც თავად პატიმარი გატყობინებთ საკუთარი სამედიცინო დასკვნით, მას აღენიშნება ქცევითი პრობლემები და რისკი სახეზეა. რაც შეეხება მისი აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსების პროცედურას – აღნიშნული ცდება სამედიცინო სამსახურის კომპეტენციას.
ნუგზარ თაბაგარი არის მძიმე ავადმყოფი – ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ მან საპატიმროდან გამოაგზავნა ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, რომელსაც მესამე დაწესებულების ექიმი აწერს ხელს, ამის მიუხედავად მას 70 დღეზე ემტი ეძინა ბეტონზე, არ ჰქონდა საწოლი. რატომ?
ჯანმრთელობის ცნობაში, რომელიც მან გამოგიგზავნათ ჩამოთვლილია დაავადებები, რომელზეც მას დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარსულში ჩაუტარდა. ასევე ქრონიკული დაავადებები, რომელიც აქვს და მართვადია. არსად (!) დასკვნაში არ წერია, რომ ის მძიმე პაციენტია. მას აქვს უფლება ჩაიტაროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენი შეფასებით ის ამჟამად მძიმე პაციენტი არ არის. დე-ესკალაციის საკანში ინვენტარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ადმინისტრაცია და არა ექიმი.
გარდა ამისა, პატიმარი ჩივის იმაზეც, რომ ციხის მაღაზიაში არ იყიდება პური, კვერცხი, მისი მოთოვნაა მკურნალობა. ამბობს, რომ ტკივილები აწუხებს, და ჩვეულებრივ სტანდარტულ საკანში გადაყვანა რატომ არ ხერხდება? – ეს აინტერესებს პატიმარს...
წარსულში არაერთხელ მოხდა მისი მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ზეწოლის ფაქტების დოკუმენტირება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ზედოზირებული მოთხოვნა. მედიკამენტების უკონტროლო მიწოდებამ იგი მიიყვანა მძიმე დამოკიდებულებამდე და მხოლოდ 2013 წლიდან, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ გახდა შესაძლებელი მის მოთხოვნებზე თანმიმდევრული და არგუმენტირებული რეაგირება. ხელახლა, სამედიცინო სამსახური არ დაუშვებს მისი მხრიდან ამგვარი ზეწოლით რაიმე მედიკამენტების გამოწერას. იგი იღებს მკურნალობას, რომელიც დანიშნული აქვს, თუმცა ექიმებთან განკურნებისა და გამოჯანმრთელების მიზნებში სათანადოდ არ თანამშრომლობს.
მაღაზიაში არსებული პროდუქტების სია სცდება სამედიცინო სამსახურის და სახელმწიფოს ვალდებულებებს, რადგან სახელმწიფო პატიმრებს უზრუნველყოფს სათანადო კვების სტანდარტით.
როგორც ამბობს პატიმარი, ის სცემა ბადრაგმა. მაშინ, როცა ის თბილისიდან გადმოჰყავდათ ბათუმის დაწესებულებაში…
თუ მას აქვს პრეტენზია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, მიმართოს პროკურატურას.