პროგრამას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. თეა წულუკიანის განცხადებით, გათავისუფლების შემდეგ ცენტრს 1040–მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა, აქედან 760 მათგანი პროგრამის აქტიური ბენეფიციარია. მინისტრის თქმით, აქტიური ბენეფიციარებიდან დანაშაული განმეორებით მხოლოდ 17–მა ჩაიდინა.
“760 აქტიური ბენეფიციარიდან ჩვენ შევძელით 103 ბენეფიციარის დასაქმებაში მიგვეღო მონაწილეობა. ამ 103 დასაქმებული ბენეფიციარიდან 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ჩაიდინა თავიდან დანაშაული. 103-დან გვაქვს ეს ერთი წარუმატებელი შემთხვევა და 102 წარმატებული ქეისი,”– განაცხადა თეა წულუკიანმა
როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, მათ სურთ დაარწმუნონ ბიზნესმენები, რომ მეტი ნდობა გამოიჩინონ პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმართა მიმართ.
“როდესაც რეკომენდაციას ვაწვდით პოტენციურ დამსაქმებელთან ბენეფიციარს, ვითვალისწინებთ 2 ძირითად გარემოებას: ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი,”– განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის თქმით, ბენეფიციარებს სხვადასხვა ტრენინგები ჩაუტარდათ; ასევე, 5 ბენეფიციარს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდა ბიზნესიდეა, თითოეულს 4 00 ლარის ოდენობით, 15–მა ბენეფიციარმა კი გაიარა 3–თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციებში თვეში 150 ლარის ოდენობით.
სამშენებლო კომპანია “GeoCo–ს” დამფუძნებელი ვახტანგ ნიკოლავა ამბობს, რომ ამჟამად მის კომპანიაში 11 ყოფილი პატიმარია დასაქმებული, ხოლო 4 მათგანის ტრენინგი მიმდინარეობს.
“მე მყავს ყოფილი პატიმარი, რომელიც 3–ჯერ არის ქურდობაზე ნასამართლევი. დღეს ჩემს კომპანიაში მუშაობს საწყობის მენეჯერად, მას აბარია დაახლოებით 2 მილიონამდე ქონება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმები გვაქვს, როგორც ეს ყველა კომპანიას და საწყობს შეეფერება, მაგრამ ეს ნდობის ფაქტორი, რომელიც არის ჩემსა და ამ ადამიანს შორის, არის ძალიან მაღალი,”– ამბობს “GeoCo”–ს დირექტორი.
ვახტანგ ნიკოლავას თქმით, სამუშაო ადგილზე ყოფილი პატიმრების მოტივაცია ძალიან მაღალია:
“მღებავთა 2 ბრიგადა, რომელიც შევქმენით ყოფილი პატიმრებისგან, მათში ჩავსვით საზღვარგარეთ უკვე დატრენინგებული მღებავები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენს კომპანიაში მუშაობენ და დაიმატეს 2–2 ყოფილი პატიმარი. დღეს რომ ვუყურებ, არაფრით არ განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რომლებზეც მაქვს 17 000 ევრო გერმანიაში ტრენინგზე დახარჯული,”– განაცხადა ვახტანგ ნიკოლავამ.
მინისტრისთვის საკუთარი იდეის შესათავაზებლად მივიდა შეხვედრაზე მეფუტკრეთა განვითარების კავშირის წარმომადგენელი, კომპანია “იმპერვეტის” მენეჯერი გიორგი გახარია. მისი თქმით, კარგი იქნება, ყოფილ პატიმრებს მეფუტკრეობის დაწყება შესთავაზონ. გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ იდეის განხორციელება საქართველოს პირობებში რეალურია და არც დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული
“საპატიმროებში ამ აზრის პოპულარიზება მოვახდინოთ, რომ ყოფილი პატიმრები დაინტერესდნენ მეფუტკრეობით და ამ ადგილზე, სადაც ისინი რაიონებიდან არიან წამოსულები, დავუშვათ, მოკიდონ ამ დამოუკიდებელ ბიზნესს ხელი,“– თქვა მან.
“რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ფარგლებში მოქმედებს ქვეპროგრამა “მოიცილე ტატუ”, რომელიც UNICEF-თან თანამშრომლობით ხორციელდება. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს იდეა ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა
“მძიმე სანახავია, როდესაც 18, 20, 22 წლის ადამიანი მოდის შენთან შეხვედრაზე და ხელებს არასდროს არ შლის, იმიტომ, რომ ხელზე აქვს ის, რისი ჩვენებაც არ უნდა,”– თქვა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ “ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა” 2 წლის წინ მისი ინიციატივით შეიქმნა.
“ყოფილ პატიმარს ჭირდება ხელშეწყობა იმისთვის, რომ აღარასოდეს ჩაიდინოს დანაშაული და საზოგადოება იყოს პირველ რიგში დაცული. ამიტომ ამ პროგრამის პირველი და უპირველესი ბენეფიციარი, ჩემი აზრით, არის საზოგადოება,”– განაცხადა მან.