სამართალი

შესაძლებელია თუ არა ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის შეწყალება

7 ოქტომბერი, 2014 •
შესაძლებელია თუ არა ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულის შეწყალება

ანასტასია ზაუტაშვილი და კიდევ სამი პირი 2010 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.   

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 4 ივნისს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახული ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრა “კილერთან”. შსს-ს ცნობით, რო­მან მუსემიანი კილერს კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. შსს-ს მიერ გავცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლიდან იქნა აგრეთვე ამოღებულია ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო.

 

საბოლოოდ აღნიშნულ საქმეზე ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილს, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­სა და რო­მან მუ­სე­მი­ანს ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ 30-30 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მევ­ლუდ სვა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის ზო­მად 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა განე­საზღ­ვ­რა, ხო­ლო თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს – 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით ანასტასია ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა, იგი სასჯელს მეხუთე წელია იხდის და კიდევ 8 წელზე ოდნავ მეტი დარჩა მოსახდელი.

 

“უფლებადამცველთა გაერთიანების” ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ როდესაც ქალთა კოლონიაში აგვისტოში შიმშილობა დაიწყო, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაპირდა ამ საქმეში მონაწილე ქალ პატიმარს ანასტასია ზაუტაშვილს, რომ მის საქმეს შეწყალების კომისია განიხილავდა:

 

“ქორიძე გამოვიდა, შეხვდა ყველა პატიმარს და უთხრა, ჩვენ გპირდებით, განვიხილავთო ამ და სხვა კატეგორიის საქმეს”,-ამბობს მჟავანაძე.

 

ზვიად ქორიძის განმარტებით, ის არც ერთ მსჯავრდებულს არ დაპირებია საქმის განხილვას:

 

“მე არავის არაფერს  ვპირდები, კომისია იღებს გადაწყვეტილებას. პირადად ერთი ჩემი დაპირება სრული უაზრობაა, ამიტომ, შესაბამისად, მე ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი. მით უმეტეს, ეს არ იყო ინდივიდუალური შეხვედრა. ანასტასია ზაუტაშვილს მე  შევხვდი საჯაროდ, სადაც იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულების ხელმძღვანელობა, რეჟიმის ხალხი, იყო იქ ერთ-ერთ მღვდელი. ასე, რომ, ამ საჯარო შეხვედრაზე ძალიან კარგად მოისმინეს ადამიანებმა, მე რა ვთქვი და არავისთვის დაპირება არ მიმიცია,” – ამბობს ქორიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება ჯერ კიდევ ივლისის თვეში იყო შესული შეწყალების კომისიაში განსახილველად. იმისათვის, რომ შეწყალების კომისიამ კონკრეტული საქმე განიხილოს, ეს საქმე არსებულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ე.წ. კოკაინის საქმის შემთხვევაში კი ერთ-ერთი კრიტერიუმი ვერ  სრულდება, რაც დანაშაულში მონაწილე პირების მიერ სასჯელის ნახევრის მოხდას გულისხმობს, შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილს კომისიამ საქმის არსებით განხილვაზე უარი უთხრა. უარის შემდგო ხელახალი განცხადების შეტანა ზაუტაშვილს  კომისიის უარიდან 6 თვის გასვლის შემდგ შეუძლია. კომისიისგან უარი მიიღო ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა რომან მესუმიანმა, ოღონდ არა ივლისში, არამედ აპრილში.

 

“სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ქალბატონმა ანასტასიამ დაიწყო შიმშილობა. როდესაც მე შევხვდი, ავუხსენი, რომ მას კიდევ ბევრჯერ აქვს განცხადების შემოტანის საშუალება, უბრალოდ უნდა იყოს დაცული კრიტერიუმები. ბუნებრივია, 15 დეკემბრის შემდგომ ქალბატონ ანასტასიას აქვს უფლება დაწეროს განცხადება და შემოიტანოს კომისიაში და კომისია ისევ იმსჯელებს, მე ახლავე  გიდასტურებთ, რომ 15 დეკემბერს თუ შემოიტანს განცხადებას ანასტასია, ისევ ვერ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და არსებით განხილვაში ვერ მოხვდება,” – ამბობს ქორიძე.

 

ანასტასია ზაუტაშვილს, შეწყალების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ნახევარზე მეტი, რაც მის შემთხვევაში 6 წელსა და რამდენიმე თვეს გულისხმობს, ზაუტაშვილი კი სასჯელს მეხუთე წელია იხდის.  მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვისთვის საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, შეწყალების წესის გამოყენების შესახებს პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს ისეთ ვითარებას, როდესაც საქმე მოთხოვნილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ კომისია მას განსაკუთრებული გარემოებით განიხილავს.

 

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მიხეილ ღოღაძე ამბობს, კანონი ზუსტად არ განმარტავს იმ გარემოებებს, რის გამოც კომისიამ შეიძლება ესა თუ ის საქმე  განსაკუთრებული გარემოებით განიხილოს:

 

“კონკრეტულად განსაკუთრებულ გარემოებებად რას ჩათვლის კომისია, ეს პირდაპირ მითითებული არ არის. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, წარსულში გამოძიებასთან თანამშრომლობა, არასრულწლოვნებაც შეიძლება ჩაითვალოს. დაკონკრეტება არ გვაქვს კანონში”, – ამბობს ღოღაძე.


როგორც ზვიად ქორიძე განმარტავს, როდესაც კომისია ასრულებს არსებითი საქმეების განხილვას, კომისია იწყებს იმ სიაზე მუშაობას, რომელიც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

 

“ვსვამთ კითხვებს, ამ სიიდან რომელიმე პერსონაზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ხომ არ გსურთ განსაკუთრებული გარემოებებით განვიხილოთ, წამოყენების შემთხვევაში უნდა დაასაბუთონ, რატომ უნდა განვიხილოთ ეს პერსონა. დასაბუთების შემდეგ მიდის უკვე განხილვა და მერე უკვე მინიმუმ რვა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. პერსონის წამოყენება არის საკითხი, რომელზეც კომისიის წევრები თავისუფლები არიან. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენით იმ დროს, როდესაც დაასახელებენ და როდესაც მხარს დაუჭერენ”, – ამბობს ქორიძე.

 

ივლისის თვეში, როდესაც ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება შეტანილი იყო შეწყალების კომისიაში განსახილველად, განსაკუთრებული გარემოებათა განხილვის საკითხი ამ საქმეზე კომისიის არც ერთ წევრს არ წამოუყენებია.

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, იმის გამო, რომ ქვორუმი არ იკრიბება, კომისია ვერ იღებს გადაწყვეტილებას, აღნიშნული საქმე განსაკუთრებული გარემოებით განიხილოს:

 

“თუ კომისიას არ უნდა მუშაობა და იქ ხალხი დაძალებით დადის, გადავიდნენ სხვაგან და სხვა წევრებით დაკომპლექტდეს კომისია, ბოლო-ბოლო მთავრობას გადაეცეს შეწყალების კომისია, თუ პრეზიდენტის მხრიდან ვერ ხდება მართვა, რადგან გაუგებარია, კვორუმი რატომ ვერ იკრიბება. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში განსაკუთრებული სტატუსი საქმეს ვერ მიენიჭება.”

 

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, კომისიამ ივლისის და სექტემბრის თვეში განსაკუთრებული გარემოებების საფუძველზე სხვადასხვა საქმეზე იმსჯელა:

 

“კომისიის ყველა ოქმი არსებობს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს ჩვენ ვერ გავახმაურებთ. ყველა სხდომაზე, როცა არსებითი საკითხები იხილება, ესწრება შვიდი წევრი. როდესაც განსაკუთრებული გარემოებებით განვიხილეთ საკითხები, ესწრება 8 წევრი და მეტი და მინიმუმ 8 წევრი უჭერს მხარს. რას ნიშნავს, კომისია არ იკრიბება? აბა, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას? სხვა განსაკუთრებული გარემოებებით რატომ განვიხილეთ მაშინ? ივლისშიც და სექტემბერშიც განვიხილეთ საქმეები,” – ამბობს ქორიძე.

 

ნიკოლოზ მჟავანაძის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც, მისი თქმით, კომისიამ აღნიშნული განცხადება განსაკუთრებული გარემოებით უნდა განიხილოს, არის ის, რომ მისი შეფასებით საქმე პოლიტიკურია და დაკავებული პირები წინა ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები არიან.

 

მიუხედავად ამ არგუმენტისა, საქმეში მონაწილე ვერც ერთი პირი ვერ მოხვდა პარლამენტის მიერ მიღებულ პოლიტპატიმართა სიაში, ნიკოლოზ მჟავანაძე ამას შემდეგნაირად ხსნის:

 

“წესით მეორე ნაკადში უნდა ყოფილიყვნენ, პირველ ნაკადზე რომ ატყდა ამბები, მეორე მაგიტომ აღარ იყო და ყველა ვერ მოხვდა ამ პირველ ნაკადში. მეორე ნაკადში აღარ განიხილეს უკვე”.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას “ნეტგაზეთმა” შეკითხვებით მიმართა, იყო თუ არა მსჯელობა ამ საქმეზე პოლიტპატიმართა სიაზე მუშაობისას და იგეგმებოდა თუ არა ამ პირების პოლიტპატიმართა სიის მეორე ნაკადში მოხვედრა, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ. “ნეტგაზეთის” ზარებს არ უპასუხა არც მანანა კობახიძემ, რომელიც პოლიტპატიმართა სიაზე მუშაობდა და ამ საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატიც იყო.

 

როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, ქალთა კოლონიაში ყოფნისას მან თავადვე ჰკითხა ანასტასია ზაუტაშვილს, რატომ არ მოხვდა იგი პოლიტპატიმართა სიაში, რადგან მსჯავრდებული სწორედ მის პოლიტიკურ დევნილობას უსვამდა ხაზს:

 

“დღეს ისევ დაიწყო მორიგი სერია ამ ოპერიდან, მე, მართალი გითხრათ, ამ წუთას არ მაქვს არანაირი სხვა კომენტარის გაკეთების სურვილი, მე ვურჩევ ქალბატონ ანასტასიას, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა და კიდევ ერთხელ ვუდასტურებ, როდესაც მოვა დებულებით განსაზღვრული ვადა, შემოიტანოს განცხადება კომისიაში და კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს. თუ ნიკა მჟავანაძეს მიაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო ფორმა კომისიაზე ზეწოლისა და დაშანტაჟების, ვუდასტურებ, რომ ეს ასე არ არის,” – ამბობს ქორიძე.

 

საიას იურისტი მიხეილ ღოღაძე ამბობს, რომ თუ საქმე კომისიამ განსაკუთრებული გარემოებებით არ განიხილა, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, კომისიამ იგი უარიდან 6 თვის ვადის გასვლის გარეშე ხელახლა განიხილოს. ზაუტაშვილის შეწყალების სამართლებრივი საფუძველი დღეის მდგომარეობით არც პრეზიდენტს აქვს:

 

“ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვების უფლება ვერ ექნება. მეექვსე მუხლის თანახმად, კომისის უარიდან უნდა იყოს გასული 6 თვე, ხოლო თუ მის განცხადებაზე კომისიას რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია, მაშინ განცხადებიდან ოთხთვენახევარი უნდა იყოს გასული”,- ამობს მიხეილ ღოღაძე.

 

ივლისის თვიდან არც ერთი ვადა გასული არაა, შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების სამართლებრივი საფუძველი დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი