ხვიჩა კიკილაშვილმა კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმის განხილვის დროს გამოაცხადა, რომ თუ დარბაზში ისევ იხმაურებენ, საქმეს დახურულ სასამართლოზე განიხილავს. პროკურორ შოთა ხორავასთან ერთად საქმის განხილვაში კიდევ ორი პროკურორი – რამაზ შანიძე და ლევან მურვანიძე მონაწილეობენ.
გაჩუმებულ დარბაზში კი ბრალდებულმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ სცემა აჭარის პოლიციის უფროსმა:
„ხელებზე ბორკილები მედო, პოლიციის შენობაში ვიყავი, ოთახში შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი და მცემა, მაგინა… არაკაცია თამაზაშვილი, ხელებშეკრულ კაცს რომ ადამიანი სცემს, აბა, რა უნდა ვუწოდო მე მას. ქურდი ხარო, ქურდი მე კი არ ვარ, ცოლის ძმა ჰყავდა მაგას ქურდი, გელა ტაკიძე… აგერ ახლა დარბაზში პოლიციელები, მთავარი სამმართველოს ხალხი ესწრებიან ჩემს პროცესს, ვერ გავიგე რატომ, ჩემი ნათესავები ესენი არ არიან. თამაზაშვილმა გამოგზავნა, რომ გაიგოს, რას ვიტყვი მე პროცესზე. მე ვამბობ, რომ თამაზაშვილმა მცემა“, – თქვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ო.ძ-მ.
„რომ მადანაშაულებთ „ობშიაკის“ შეგროვებაში, იცით რას ნიშნავს „ობშიაკი“? მე პრეტენზია მაქვს თქვენთან, არასწორად იძიებთ ჩემს საქმეს, ყველა ბრალდებულს ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენაში გვედება ბრალი და სამი პროკურორი რატომ ხართ ამ საქმეში ჩართული?”, – უთხრა კიდევ ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს.
ბრალდებული რ.დ. იმის გამო შიმშილობს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. აი, რა განაცხადა მან პროცესზე:
„სანამ დამაკავებდნენ, ჩემთან, სახლში უბნის ინსპექტორი ყოფილა, დედაჩემმა მითხრა. მე სახლში არ დავხვდი, როცა შინ დავბრუნდი, პოლიციაში წავედი, მისაღებში რეგისტრაციაც მაქვს გავლილი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ვარკვევდი, რატომ დაინტერესდა ჩემი პიროვნებით პოლიცია, მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე ნასამართლევი ვარ? მე რომ კანონიერი
ქურდი ვიყო ან მათთან დაკავშირებული პირი, როგორ ფიქრობთ, ჩემი ფეხით მივიდოდი პოლიციაში?“.
პროკურორების მტკიცებით, ო.ძ-ს. სახლში ბრალდებულები კრიმინალური ავტორიტეტის გავლენით, მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. პროკურორმა თქვა, რომ ამ ტიპის საქმეების გახსნა სამართალდამცავებს უჭირთ, რადგან „დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული”. პროკურორი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ დაკავებულები საზოგადოებისთვის საშიშნი არიან. პროკურორის შესავალი სიტყვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა გააპროტესტა: „ნუ მიკითხავ ლექციას, მტკიცებულებებით მელაპარაკე“. ბრალდებულის ამ რეპლიკას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დარბაზს ჯერ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის შესახებ მისცა განმარტება (ხმაურისთვის მოსამართლეს უფლება აქვს მოქალაქე 50-დან 500 ლარამდე დააჯარიმოს ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს), მოგვიანებით კი სასამართლო პროცესის დახურვით დაემუქრა: „თუ არ გაჩუმდებით, საქმეს დახურულ სხდომაზე განვიხილავ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა გარიგება – ბრალის აღიარების სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლება შესთავაზეს. დაკავებულმა თქვა, რომ ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია.
„მე შვილი გამიჩნდა. თქვენი წყალობით არ ვიცი როგორია ის. მე ვითხოვ მტკიცებულებებს, რომელიც ჩემ ბრალეულობას დაამტკიცებს, მე არასოდეს არავისთვის არაფერი წამირთმევია“, – ამ სიტყვებით პროკურორებს კიდევ ერთმა დაკავებულმა მიმართა. „ვინც ადრე ხალხს წამლებს უდებდა და აკავებდა, ისევ ისინი არიან ახლა სამმართველოში. კრიმინალმა მოიმატა და მათ ჰგონიათ ასეთი საქმეებით კრიმინალურ მდგომარეობას ებრძვიან. ისინი ამბობენ, რომ მე არასწორი ცხოვრებით ვცხოვრობ. ეს პროკურორები როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ, რაში მადანაშაულებენ იციან?”
ერთ-ერთი ბრალდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს, რადგან მისი თქმით, განგრენა აქვს. მოსამართლემ მისი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს გაიმართება. პატიმარი, რომელიც შიმშილობს ბათუმის ციხეში, სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. როგორც გიორგი ჩარკვიანს რ.დ-მ. უთხრა, შიმშილობს იმიტომ, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სამართალდამცავები არაობიექტურად იძიებენ მის საქმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს დავით თამაზაშვილის მიერ დაკავებულის ცემას. ამ საკითხზე „ბათუმელებს“ შს სამინისტროში მხოლოდ ის განუმარტეს, რომ “პატიმარს შეუძლია განცხადებით პროკურატურას მიმართოს”.