სამართალი

საია: “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონპროექტი შსს–ს გადაჭარბებულ როლს ანიჭებს

25 ივლისი, 2014 • • 1073
საია: “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონპროექტი შსს–ს გადაჭარბებულ როლს ანიჭებს

კანონპროექტთთან დაკავშირებით დღეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” არასამთავობო ორგანიზაციებმა ერთობლივად იმსჯელეს, საიამ კი კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა წარმოადგინა, რომელიც პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.

 

კანონპროექტის თანახმად იცვლება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ფიზიკური და იურიდიული პირის დაშვების მექანიზმები. იურიდიულ პირთან მიმართებაში საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს, ხოლო ფიზიკური პირი საჭიროებს დასკვნას, რომელიც ასევე შსს–მ უნდა გასცეს.

 

ახალი კანონპროექტი ასევე იძლევა ინფორმაციის ელექტრონული მოპყრობის შესაძლებლობას, რაც აქამდე დაშვებული არ იყო. კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების სუბიექტების ტექნიკურ–პროგრამული უსაფრთხოების პერიოდულ მონიტორინგს შსს–ს შესაბამისი ქვედანაყოფები განახორციელებენ და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს ნებართვა ელექტრონული სისტემების გამოყენების თაობაზე.

 

“როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი სულხან სალაძე ამბობს, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელმისაწვდომობისა და კონტროლის მექანიზმების შინაგან საქმეთა სამინსტროსთვის დაკისრება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს:

 

“ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ კანონპროექტით შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს ხდება როგორც მაკონტროლებელი, ასევე წვდომა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება და ერთი სტრუქტურის ხელში თავმოყრა ამდენი ინფორმაციის ბუნებრივია საფრთხის შემცველია. აუცილებელია, რომ მკაფიო კონტროლის მექანიზმები იყოს და არ იყოს ყველა ტიპის ფუნქცია თავმოყრილი შინაგან საქმეთა სამინსიტროს კომპეტენციაში”, – აცხადებს სულხან სალაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში საზედამხედველო ფუნქცია უნდა დაეკისროს სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს, ან ინფორმაციის კომისიონერს, რომელიც “ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონის მიღების შემთხვევაში იარსებებს.

 

საიას მიუღებლად მიაჩნია კანონპროექტის ის ჩანაწერიც, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს:

“ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საჭროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს უფლებამოსილება მიენიჭებათ, რომ გაასაიდუმლოონ სტატისტიკური მონაცემები, რამაც შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს სამომავლოდ”, – ამბობს საიას იურისტი სოფიო ჭარელი.

 

“დღეს ერთ–ერთი რთულად მოსაპოვებელი ინფორმაცია არის დანაშაულის დეტალური სტატისტიკა, თუკი ეს კანონპროექტში აისახება იმ სახით რა სახითაც არის წარმოდგენილი ეს შექმნის პრობლემას, ვინაიდან სამართლებრივი საფუძველი გაუჩნდება სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ინფორმაცია არ გასცენ იმ მოტივით, რომ ის მიჩნეული იქნება როგორც სტატისტიკური ინფორმაცია და კონტექსტში სახელმწიფო საიდუმლოება”, – აღნიშნავს სულხან სალაძე.

 

საიაში ასევე მიიჩნევენ, რომ უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსის  ნორმები სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დანაშაულად უნდა იყოს მიჩნეული სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება იმ შემთხვევაში, თუ ამან ზიანი გამოიწვია, ხოლო ჟურნალისტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა გამოირიცხოს. დღეს არსებული რედაქციით პასუხისმგებლობის დაკისრება გათვალისწინებულია, თუმაც იმის შემოწმება, მიადგა თუ არა ვინმეს ან რამეს ზიანი ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, არ ხდება.

ასევე ერთ–ერთი პრობლემური საკითხი საჯარო ინტერესის ტესტს შეეხება.

“პრაქტიკულად ოფიციალური კანონპროექტი არ განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო საიდუმლოება გასაჯაროვდეს იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს”, – ამბობს სულხან სალაძე.  საიას ინფორმაციით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვაზე საიას მიერ მოხსენების გაკეთების შემდეგ ეს ინიციატივა საკუთარ დასკვნაში ასახა.

კანონპროექტში არსებულ რისკებზე საუბრობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ლაშა გოგიძეც:

“არსებობს რისკები, რომ მოხდეს ისეთი ინფორმაციის დამალვა მოსახლეობისთვის როგორიც შეეხება, მაგალითად, კორუფციული რისკების პრევენციას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ა.შ. ამიტომ სასურველია, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ასეთი შემთხვევების უგულვებელყოფა და ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდება საზოგადოებისთვის”, – აცხადებს ლაშა გოგიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული არ ყოფილან იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი