საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის შესახებ IDFI–ს მიერ ჩატარებული კვლევა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა იმ დაწესებულებების სიაში, საიდანაც საჯარო ინფორმაციის მიღება გართულებულია, მოხვდნენ ფინანსთა სამინისტრო, აჭარის ა/რ მთავრობადა, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტრო.
ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი, 100%–იანი მაჩვენებელი კი შემდეგ სამინისტროებში დაფიქსირდა:
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; გარემოს დაცვის სამინისტრო; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ორგანიზაციის წევრის, გოგა თუშურაშვილის თქმით, გამოთხოვილი ინფორმაცია ეხებოდა პრემიებს, სახელფასო დანამატებს, სამივლინებო ხარჯებს, დიპლომებს, დაფინანსებულ ღონისძიებებსა და სხვა ხარჯებს.
IDFI–მ ასევე გამოითხოვა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების მიერ ელექტრონული ფოსტით სამსახურეობრივ საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ სახის ინფორმაციის მიღება ერთ–ერთი ყველაზე პრობლემატური აღმოჩნდა. ასეთი მოთხოვნების 32 % საერთოდ უპასუხოდ დარჩა. 28%–ის შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებში განაცხადეს, რომ ასეთი ინფორმაცია დაცული არ არის. 24%–ის შემთხვევაში ასეთი ინფორმაციის გაცემაზე ორგანიზაციამ უარი მიიღო, რადგან საჯარო დაწესებულებებში მიიჩნიეს, რომ ეს საჯარო ინფორმაცია არ არის და მხოლოდ მოთხოვნათა 16%–ზე გაიცა სრულყოფილი პასუხი.
რაც შეეხება ინფორმაციის გაცემის ვადებს, კვლევის თანახმად, 64%–ის შემთხვევაში ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან 10-დღიან ვადაში, ხოლო უწყებათა 36 %–მა ინფორმაციის გაცემის ვადები დაარღვია.
როგორც IDFI–ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, თუკი კვლევის მონაცემებს წინა კვლევას შევადარებთ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერი- 2013 წლის სექტემბრის პეროდში ჩატარდა, საჯარო ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობამ 14%–ით იკლო.