სამართალი

პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წამებაში ადანაშაულებს

30 აპრილი, 2014 • • 2609
პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წამებაში ადანაშაულებს

გენადი (გიორგი) ჯელაძემ უკვე მესამე დღეა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.


პატიმრის ოჯახის და ადვოკატის ინფორმაციით, ჯელაძის შიმშილობის მიზეზი 27 აპრილს ყოველგვარი განმარტების გარეშე მე- 17 დაწესებულებიდან მისი მე–6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა გახდა.

ციხე
ციხე

პატიმრის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 27 აპრილს, იძულების წესით, ღირსება შემლახავ პირობებში მე-17 დაწესებულებიდან მე-6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გაშიშვლებული გადაიყვანეს: „ამგვარი ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის გამო გენადი (გიორგი) ჯელაძემ მშრალი შიმშლობა გამოაცხადა.”


ადვოკატის ინფორმაციით, 2007 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში არაადამიანურ პირობებში ყოფნისა და წამების გამო ჯელაძე C ჰეპატიტით და დიაბეტით დაავადდა:”მას ყოველდღიურად, დღეში ოთხჯერ, დიაბეტური კვება და ინსულინის ინექცია ესაჭიროება. პატიმარი ჯელაძე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაზარალებულად სცნო და მისი ამგვარ პირობებში ყოფნა სიცოცხლის ხელყოფის ტოლფასია“.

 

ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ოქმში დააფიქსირა მის მიმართ ჩადენილი კანონდარღვევა. სახალხო დამცველის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში ჯელაძემ დეტალურად აღწერა, თუ როგორ დამამცირებელ პირობებში მოხდა მისი გადაყვანა მე–6 დაწესებულებაში:

 

„დეპარტამენტის სამკურნალო №18 დაწესებულებიდან დროებით გადმოყვანილი ვიყავი №17 დაწესებულებაში, რადგან №18 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ვარ დიაბეტით დაავადებული პატიმარი და დღეში 4 -ჯერ ინსულინის ინექციას ვიკეთებ. 2014 წლის 23 აპრილს №17 დაწესებულებაში ჩემთან ჩამოვიდნენ დასავლეთის საოლქო პროკურატურიდან და დამკითხეს ჩემი წამების ფაქტებზე, რომელიც 2005 წლის დეკემბრიდან მიდინარეობდა. დაკითხვისას დავაფიქსირე, რომ 2005წელს ქ.ქუთაისის ციხის უფროსი შოთა თორაძე ბაჩო ახალაიასთან, ქარდავასთან და გიორგი ონიანთან ერთად მცემდნენ, მაწამებდნენ. დაკითხვის შემდეგ, 27 აპრილს, ყველანაირი მიზეზების და ახსნა-განმარტების გარეშე, დილის 6 საათზე ჩამსვეს „სად“- ის მანქანაში ბადრაგებთან ერთად, გამაშიშვლეს და ისე წამომიყვანეს №6 დაწესებულებაში“.  

 

პატიმრის ადვოკატი და მისი ოჯახი გამოთქვამს ეჭვს, რომ ჯელაძის გადაყვანა მე–6 დაწესებულებაში მის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ტორაძის (ადრე #2 დაწესებულების უფროსი) წინააღმდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დაწერილი საჩივარი გახდა.


საჩივარი დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში გ.ჯელაძემ 2013 წლის 8 აგვისტოს შეიტანა. მის სარჩელს გამოხმაურება პროკურატურიდან არ ქონია. ჯელაძე ერთი წლის განმავლობაში წერილებით მიმართავდა სამხარეო პროკურატურას და რეაგირება მხოლოდ ახლახან, 2014 წლის 23 აპრილს მოხდა.


ჯელაძე საქმესთან დაკავშირებით საკანში სამხარეო პროკურატურის გამომძიებელმა კახა კოტრიკაძემ დაკითხა. ოჯახი ჯელაძისადმი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.


საქმე 2005 წელს მომხდარ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება. ჯელაძის წამების ფაქტი ოჯახმა გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში და მოიგო. ამ დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდიან სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელები – #6 დაწესებულების ყოფილი უფროსის მოადგილე ჯონი ივანიშვილი და რეჟიმის ყოფილი უფროსი ლაშა კაპანაძე, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო და გ.ჯელაძე დაზარალებულად აღიარა.


ამჟამად პატიმარი ითხოვს მის წამებაში მონაწილე დანარჩენი პირების- შოთა ტორაძის (#2 დაწესებულების ყოფილი უფროსი, ამჟამად კი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), გიორგი ონიანის, მ. ქარდავას და ბ. ახალაიას დასჯას.


სასჯელაღსრულების სამინისტროში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ 27 აპრილს მე- 17 დაწესებულებიდან  მე–6 დახურული ტიპის დაწესებუებაში გენადი (გიორგი) ჯელაძეს გადაყვანა განხორციელდა.


 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი