სამართალი

მიწების დარეგისტრირების საქმეზე ამზომველებს სააპელაციო სასამართლომ გირაო შეუფარდა

25 აპრილი, 2014 • • 1180
მიწების დარეგისტრირების საქმეზე ამზომველებს სააპელაციო სასამართლომ გირაო შეუფარდა

საქმე ეხება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მიწების დარეგისტრირების ფაქტს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საქმე მიმდინარეობს, ერთ–ერთ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონის საჯარო რეესტრის თანამშრომლები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პროკურატურა 7 ამზომველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის შეფარდებას ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ამის შემდეგ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. საქმე დღეს, 25 აპრილს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ განიხილა.

მისი გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს – რევაზ ლომიძეს, როდენ კირთაძეს და ლაშა ჭაღალიძეს 3 000 – 3 000 ლარიანი, ხოლო გივი ვარშანიძეს, ავთანდილ წითელაძეს, მირიან თავდგირიძეს და ზაზა ჭაღალიძეს 2 000 – 2 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრათ.

გიორგი მიროტაძის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს ორი ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი შავაძე, მოსამართლის აცილების საკითხი მან სხდომის დაწყებისთანავე დააყენა:

“მოსამართლე გიორგი მიროტაძემ წარმოებაში მიიღო 7 ამზომველის საქმე, მაშინ, როცა წარმოებაში არ მიიღო საქმე, რომელიც მიწების დარეგისტრირების ფაქტზე დაკავებული საჯარო რეესტრის 4 თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას ეხებოდა, რაც სრულიად უკანონო გადაწყვეტილება იყო. მე ვფიქრობ, რომ თქვენ დაარღვიეთ ამ ადამიანების უფლება, ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოთი, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თქვენზე ახდენენ ზეგავლენას და ვაყენებ შუამდგომლობას მოსამართლის აცილებაზე”, – მიმართა გიორგი მიროტაძეს ირაკლი შავაძემ. თუმცა მოსამართლემ აცილებაზე მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გირაოს შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლემ პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილს შეკითხვით მიმართა, თუ რის საფუძველზე ითხოვდა პროკურატურა თითოეული ბრალდებულისთვის 10 000 ლარის შეფარდებას და შეისწავლეს თუ არა მათ ბრალდებულთა ქონებრივი მდგომარეობა:

 


“ამის შესახებ დოკუმენტი არ წარმოგვიდგენია სასამართლოსთვის, მაგრამ ჩვენ მათ დაკითხვაზე ველაპარაკეთ, გააჩნიათ ქონებები, შ.პ.ს–ები, შემოსავლები, ასევე, დაურეგისტრირებელი ქონებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს თანხა იქნებოდა მინიმალური შემაკავებელი მათთვის”, – განაცხადა პროკურორმა.

 

თავად ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ მათ არანაირი ქონება არ გააჩნიათ:

“არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს ბატონ პროკურორს, მაგრამ მე კრედიტი მაქვს გამოტანილი – 1 500 ლარი, ავადმყოფობის გამო და არ მაქვს საშუალება არანაირი თანხის გადახდის, ადვოკატიც კი ვერ ავიყვანე”, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა რევაზ ლომაძემ.

“მამაჩემს სიმსივნე აქვს, მე–4 სტადია, დედაჩემს 2 ოპერაცია აქვს გაკეთებული და კიდევ ესაჭიროება”, – განაცხადა ავთანდილ წითელაძემ სასამართლო სხდომაზე. მან მოსამართლეს ამის დასადასტურებლად ონკოლოგიური საავადმყოფოდან წამოღებული ცნობები გადასცა.

“68 წლის ვარ, საპენსიო ასაკში, ცალ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს, საიდან უნდა მქონდეს პენსიონერ კაცს 10 000”, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა როდენ კირთაძემ.

 

თუმცა ბრალდებულთა განმარტებების მოსმენის შემდეგ პროკურატურას მოთხოვნა 10 000 ლარიან გირაოსთან დაკავშირებით არ შეუცვლია:

 

“ბრალდებულები უკანონოდ ითვისებდნენ თანხებს, აკეთებდნენ აზომვებს დაკითხვაზე თითქმის ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული, თუმცა შემდეგ მათზე ადვოკატმა ირაკლი შავაძემ მოახდინა ზეგავლენა. ირაკლი შავაძის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომაც, რადგან მოსამართლეს შავაძე დაემუქრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლებდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა პროკურორმა.

 

სააპელაციო სასამართლომ მისი განაჩენი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 3 000 და 2 000 ლარიანი გირაოს გადასახდელად ბრალდებულებს 33 დღის ვადა მიეცათ. მოსამართლემ განმარტა, რომ გირაოს შეტანა შეუძლიათ როგორც ბრალდებულებს, ასევე, მესამე პირს. ასევე შეიძლება თანხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი