სამართალი

ვის აღარ გაუფორმებენ საპროცესო შეთანხმებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

24 აპრილი, 2014 • • 3474
ვის აღარ გაუფორმებენ საპროცესო შეთანხმებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

საქართველოს მოქალაქე ამირან ნაცვლიშვილი და მისი მეუღლე რუსუდან ტოგონიძე საქართველოს სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ევროპული სასამართლოს გზით სთხოვენ. ეს საქმე იმით არის უპრეცედენტო, რომ თუ ევროსასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, ამის საფუძველზე საპროცესო შეთანხმების წესები საქართველოში სავარაუდოდ შეიცვლება: ვთქვათ, განისაზღვრება რა სახის დანაშაულზე არ შეიძლება საპროცესოს გაფორმება და რა სახის დანაშაულზე შეიძლება; რამდენი შეიძლება იყოს გადასახდელი თანხის ზედა და ქვედა ზღვარი.

 

ამირან ნაცვლიშვილისა და რუსუდან ტოგონიძის უფლებების დამცველის, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტის, მაკა გიოშვილის თქმით, ნაცვლიშვილი ჟურნალისტების თანდასწრებით, “ვარდების რევოლუციიდან” სულ ცოტა ხანში დააპატიმრეს და ბრალიც ტელეეთერით წარუდგინეს.

 

კამერების წინ დაპატიმრებულ ნაცვლიშვილს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ის საკანში იმ ადამიანებთან ერთად მოათავსეს, ვინც მკვლელობასა და ადამიანის გატაცების გამო იხდიდა სასჯელს (ერთ-ერთ პატიმარს დაკავებამდე თავად ნაცვლიშვილი ჰყავდა გატაცებული).

 

„ეს იყო მისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა, თან ნაცვლიშვილი დაავადებულია დიაბეტით“, – ამბობს მისი უფლებადამცველი.

ამირან ნაცვლიშვილი
ამირან ნაცვლიშვილი

 

ამირან ნაცვლიშვილი 1993-1994 წლებში იყო ქუთაისის მერი, შემდეგ კი ქუთაისის „ავტოქარხანაში“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა და ქარხნის წილებსაც ფლობდა რუსუდან ტოგონიძესთან ერთად. 2004 წელს მას წარუდგინეს ბრალი – “ქარხნის საწესდებო კაპიტალის შემცირება და სახელმწიფო ქონების მითვისება”. დაკავებიდან 6 თვის შემდეგ, როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურამ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მას სახელმწიფოსთვის ქარხნის
წილების გადაცემა მოსთხოვეს.

 

საბოლოოდ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ოჯახმა 50 ათასი ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა (თანხის გადახდის ქვითარი საქმეში ინახება). გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმების დოკუმენტშიც ასახულია 35 ათასი ლარი, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხა ნაცვლიშვილის ოჯახმა; მან და მისმა მეუღლემ თავისუფლების სანაცვლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს ქარხნის წილებიც.

 

პატიმრობიდან გათავისუფლებული ამირან ნაცვლიშვილი 2005 წელს დახმარების სათხოვნელად არასამთავრობო ორგანიზაციაში მივიდა. მას მიაჩნდა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლა და საპროცესო შეთანხმება პროკურორის იძულებით გააფორმა. ნაცვლიშვილს საპროცესო შეთანხმებისას ბრალი არ უღიარებია, საპროცესო მხოლოდ სასჯელზე შეთანხმებით გააფორმა. იმის გამო, რომ კანონით საპროცესო შეთანხმების გაფორმების გასაჩივრება სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში არ შეიძლებოდა, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტმა საჩივარი სტარსბურგის სასამართლოში გააგზავნა.

 

2007 წელს, მაშინ როცა ევროპული სასამართლოდან საქართველოს სახელმწიფოს კითხვები გამოუგზავნეს, ამირან ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაიწყო მუქარა.

 

„იმერეთის სამხარეო პროკურორი მიხეილ ჩოგოვაძე და გენერალური პროკურატურიდან თინა ბურჯალიანი მთხოვდნენ სასამართლოდან სარჩელის გამოტანას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ამირან ნაცვლიშვილი. ამ ფაქტის შესახებ ადვოკატმა წერილობით სტრასბურგის სასამართლოს აცნობა, რასაც თან დაურთო ელექტრონული ფოსტით მიღებული მუქარის შემცველი წერილები. ამის შემდეგ მუქარა ნაცვლიშვილსა და მისი ოჯახის წევრების მისამართით შეწყდა.

 

„სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შეცვლის“, – ამბობს იურისტი მაკა გიოშვილი. საპროცესო კოდექსი იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ დადგინდება, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ხარვეზიანია და პროკურორს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს; თუ დადგინდა, რომ პროკურორს თვითნებურად შეეძლო გამოეყენებინა მისი უფლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, მოსამართლეს კი ნაკლები ძალაუფლება და ბერკეტი გააჩნდა, რომ შეეჩერებინა პროკურორი, რამაც გამოიწვია ძალადობა, იძულების გზით“, – განმარტავს იურისტი.

 

ევროპული სასამართლოს სტანდარტით, საპროცესო შეთანხმებას ყველა ტიპის დანაშაულზე არ უფორმებენ, მას მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენებს სთავაზობენ, ასევე მინიმალური და მაქსიმალური ჯარიმის ოდენობას კანონი განსაზღვრავს და არა – პროკურორი. სტრასბურგის გადაწყვეტილება ნაცვლიშვილისთვის იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ თუ ევროპულმა სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მისი სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს ხელახალ ძიებაში გადაეცემა და საქმეს საქართველოს სასამართლოები ხელახლა განიხილავენ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა თითქმის დასრულდა. სამინისტრო ცვლილების პაკეტს პარლამენტს სავარაუდოდ მაისში წარუდგენენ, მანამდე კი კანონპროექტს უწყება არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი