სამართალი

Patrastimes.gr-ის ცნობით, დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს

23 აპრილი, 2014 • • 1114
Patrastimes.gr-ის ცნობით, დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს

“სანდო წყაროების ცნობით, დაახლოებით ერთი თვის წინ ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

 

ამჟამად ის ათენის სასამართლოსთან არსებულ სასჯელასღულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი სახელი და გვარია დავით ახალაია, რომელსაც საქართველოში თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, თუმცა ამჟამად საერთაშორისო ძებნაშია ადამიანების წამების ბრალდების გამო. მისი ძმა საქართველოში მინისტრი იყო.

 

33 წლის ახალაიას დაკავების დროს 30 ათასი ევრო და 10 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩნდა.

 

დაკავებამადე იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა,”- წერს გამოცემა Patrastimes.gr. 

 

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს:


“მე არ ვიცი, ეს რა გამოცემაა, ასე რომ იყოს და ერთი თვე დაკავებული ყოფილიყო, პროკურატურას ხომ ეცოდინებოდა და იმ წუთში ატეხავდა ერთ ამბავს. ნამდვილად გვეცოდინებოდა და ეცოდინებოდა პროკურატურას, ასე რომ იყოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ირაკლი ზაქარეიშვილმა.


 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.


მასალების გადაბეჭდვის წესი