სამართალი

სახალხო დამცველი: გასულ წელს ფუნდამენტური დარღვევები არ დაფიქსირებულა

31 მარტი, 2014 • • 1265
სახალხო დამცველი: გასულ წელს ფუნდამენტური დარღვევები არ დაფიქსირებულა

სახალხო დამცველს ანგარიშში 2013 წელს და 2014 წლის დასაწყისში მიმდინარე მოვლენებია ასახული და საუბარია როგორც დადებით, ასევე, უარყოფით ტენდენციებზე. როგორც უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა, მიუხედავად დაძაბული მოვლენებისა, მიმდინარე წელს ფუნდამენტური დარღვევები არ დაფიქსირებულა. 

 

სახალხო დამცველმა რამდენიმე გახმაურებულ ფაქტსა და მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე. ომბუდსმენი საგანგაშოს უწოდებს ციხეში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებს:

 

“საქართველოს სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა. გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოიკვეთა სხვა პრობლემები, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის დაცვა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ეფექტური ფორმები”, – ნათქვამია ანგარიშში. ასევე უარყოფითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ დღემდე არ შექმნილა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვას გახდის შესაძლებელს.

 

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, გასულ წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა თუ უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მსგავსი ფაქტების შესასწავლად.

 

ანგარიშში საუბარია შერჩევით სამართალთან დაკავშირებითაც და ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევაში ჩნდება კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით.

 

სახალხო დამცველმა კანონდარღვევად შეაფასა 2013 წლის ივნისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ლეგიტიმური კითხვები რჩება ასევე, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს. აქვე აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა საჯარო სამსახურიდან დასაბუთების გარეშე ადამიანების გათავისუფლების ფაქტები.

 

ანგარიშში საუბარია სექსუალური, ეთნიკური და რეილიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებზეც:

 

“საქართველოს სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 17 მაისის და ამ დღის თანმდევი მოვლენები, კერძოდ, განხორციელებული ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენელი და უფლებადამცველი პირების მიმართ, რომელიც გრძელდება და სხვადასხვა ფორმით პოულობს გამოხატულებას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა წინწყაროში, სამთაწყაროში, ციხისძირში და ჭელაში მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზეც, ნანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დადებითად უნდა შეფასდეს ჭელაში მინარეთის აღდგენის ფაქტი.

 

რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, უჩა ნანუაშვილის თქმით, დადებითად უნდა შეფასდეს საპრეზიდენტო არჩევნები, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, მათ შორის სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღების დაშვება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა, ვინაიდან გასულ წელს არასაპატიმრო ღონისძიება წინა წლებთან შედარებით გაცილებით ხშირად გამოიყენებოდა. უჩა ნანუაშვილი დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შემუშავებასაც.

 

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მიყურადების აღიარებაც, თუმცა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის მეტი გარანტიების შესაქმნელად:

 

“მისასალმებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2013 წელს პირველად მოხდა მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის აღიარება და, შესაბამისად, ფართო წარმომადგენლობითობით უზრუნველყოფილი კომისიის მიერ 110 ფაილამდე ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების განადგურება. მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა,  მიგვაჩნია, რომ მსგავსი ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას, მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის გარეშე”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, რეკომენდაციები, რომელიც ანგარიშშია წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია დროულად და ხარისხიანად შესრულდეს, ვინაიდან ამაზე იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში.

 

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი