სამართალი

ინტერვიუ აჭარის პროკურორთან

12 თებერვალი, 2014 • 3315
ინტერვიუ აჭარის პროკურორთან

 

 

შოთა ტყეშელაშვილი 2007-2008 წლებში სტაჟიორი იყო ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში. 2010 წლამდე მცხეთაში მუშაობდა რაიონულ პროკურორად. 2010 წლიდან თბილისის პროკურატურის სისტემაში გააგრძელა მუშაობა, 2012 წლის თებერვალში კი რუსთავის პროკურორად დაინიშნა. ი
შოთა ტყეშელაშვილი 2007-2008 წლებში სტაჟიორი იყო ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში. 2010 წლამდე მცხეთაში მუშაობდა რაიონულ პროკურორად. 2010 წლიდან თბილისის პროკურატურის სისტემაში გააგრძელა მუშაობა, 2012 წლის თებერვალში კი რუსთავის პროკურორად დაინიშნა. ი

ბატონო შოთა, როგორც ვიცი, მოქალაქეებთან შეხვედრის გრაფიკი გააუქმეთ. რატომ?

 

 

იყო კონკრეტული დღე, მაგალითად, პარასკევი, როცა აჭარის პროკურორი გარკვეული საათიდან გარკვეულ საათამდე ხვდებოდა მოქალაქეების. მაგრამ გაუქმდა არა მოქალაქეების მიღების სისტემა, არამედ მიღების დღე – პარასკევი. ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება პროკურორთან შეხვედრა.

 

 

მაგრამ მოქალაქეები თქვენთან შეხვედრას ვერ ახერხებენ

 

 

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს აქ, იუსტიციის სახლში, პროკურატურის მისაღებში და აცნობოს ჩვენს თანამშრომლებს, რომელ პროკურორთან სურს შეხვედრა. მერე ამ შეხვედრას ორგანიზებას ჩვენი თანამშრომლები უწევენ.

 

 

აჭარის პროკურორის რანგში შეხვედრიხართ მოქალაქეებს?

 

 

კი, შევხვდი რამდენიმე ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. როცა კონკრეტული საათები იყო განსაზღვრული მოქალაქეებთან შეხვედრისთვის, ზოგჯერ ამ შეხვედრების გამო პროკურორები ვერ გადიოდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად შემთხვევის ადგილზე. ამიტომ ეს გრაფიკი გავაუქმეთ, თუმცა ნებისმიერ პროკურორთან შეხვედრა შესაძლებელია.

 

 

თქვენი აზრით, არის თუ არა აჭარის პროკურატურაში პროფესიონალების დეფიციტი?

 

 

ვფიქრობ, აჭარის პროკურატურა დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, პროკურორები საკუთარ თავზე მუშაობენ. უტარდებათ ტრენინგები.  

 

 

თქვენი წინამორბედი ამბობდა, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება მალე მორჩებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი გამოძიებულა. კადრების დამატება ხომ არ გჭირდებათ?

 

 

შეიძლება კადრები დავიმატოთ. არ ვიცი ჩემი წინამორბედი რას ამბობდა, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმეზე გამოძიება არ ჭიანურდება არაპროფესიონალიზმის ან არცოდნის გამო. გამოძიებას აქვს ვადები, რა დროსაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და მტკიცებულებების მოპოვება. ეს შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ.

 

 

ჩემი ინფორმაციით, ამ უწყებაში გაქვთ ისეთი შემთხვევები, როცა პროკურორებს უჩივლეს და ეს საჩივარი ზუსტად იმ პროკურორს დაეწერა შესასწავლად, ვისაც უჩიოდნენ. ეს სისტემაში არსებული ქაოსის ბრალია, თუ სხვა რამის?

 

 

არ ვიცი, ვის რომელი საქმე დაეწერა. მაშინ, როცა მე აქ არ ვიყავი, ვერც  შევაფასებ ამ ფაქტს. ჩემი მუშაობის პრინციპი ასეთია: როცა საჩივარში მითითებულია  კონკრეტული პროკურორის შესაძლო დანაშაულის ნიშნები, ეს განცხადება ადრესატს არ ეწერება. 

 

 

თქვენი აზრით, რომელი საქმეების მიმართ არსებობს აჭარაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი?

 

 

ყველა სისხლის სამართლის საქმის მიმართ, რომელიც რეზონანსულია, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მე ჩართული ვარ. აქტიურად ვმუშაობთ რეზონანსულობიდან გამომდინარე და ვცდილობთ, გავცეთ ყველა კითხვას პასუხი.

 

 

რა ხდება როინ შავაძის საქმეზე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეზე

 

 

პირად კონტროლზე მყავს აყვანილი როინ შავაძის, ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმეები, ვსწავლობთ ყველა ნიუანსს, გადამოწმება იწვევს გაჭიანურებას, რასაც აუცილებლად მალე დავადგენთ.

 

თქვენმა წინამორბედმა გვითხრა, რომ თედო ჯორბენაძის საქმის ძიება დასრულებულია, მზად არის საქმე სასამართლოს გადაეცეს. თქვენ ამბობთ, რომ გრძელდება საქმის გამოძიება, რა მოხდა, თქვენ ჩათვალეთ, რომ არ იყო სრულყოფილად გამოძიებული და ამიტომაც გააგრძელეთ გამოძიება?

 

მე არ დამიწყია გამოძიება. როცა აჭარის პროკურატურაში გადმოვედი სამუშაოდ, ამ საქმეს იძიებდნენ და როგორც გითხარით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. დასრულებული არ ყოფილა ამ საქმეზე ძიება. თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, მერე გადავცემთ საქმეს სასამართლოს

 

 

დაახლოებით რამდენ ხანში მიაწვდით საზოგადოებას ამ საქმეებზე ინფორმაციას?

 

 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადასაც კი ვერ დავასახელებ, რადგან რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელდეს, რაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელს შეუშლის. მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 

 

მან, ვინც თავს წინა ხელისუფლების მსხვერპლს უწოდებს, პროკურატურას მიმართა დასახმარებლად. ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენით მოტივირებული რომელიმე საჩივრის გამოძიება მოახერხა აჭარის პროკურატურამ?

 

 

კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სრულდება ან წყდება, ან მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც ვუწევ მე ზედამხედველობას, ვმუშაობთ ახლა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საქმეებზე ვერ ვილაპარაკებ.

 

 

არჩევნებიდან ერთი წლის თავზე პროკურორებს ისევ აეკრძალათ მედიასთან კომენტარის გაკეთება. ერთწლიანმა გახსნილობამ რამე ზიანი მიაყენა უწყებას, თუ რა მოტივით დაიხურა სისტემა

 

 

ამ კითხვის ადრესატი მე არ ვარ. მთავარ პროკურატურაში არის განყოფილება, მათი მეშვეობით ხდება მედიასთან კომუნიკაცია. პრესცენტრს უნდა შეუთანხმდეთ.

 

 

როცა შეხვედრა შემოგთავაზეთ, მითხარით, რომ ინტერვიუზე თანახმა ხართ, თუმცა  პრესცენტრთან შეთანხმება მთხოვეთ. პროცესი ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. ფაქტია, რომ პრესცენტრის შუამავლობით პროკურორებთან ურთიერთობა ძნელია. თქვენს წინამორბედთან ინტერვიუს ჩასაწერად ორი კვირა არ იკარგებოდა

 

 

არ ვიცი, რატომ ფიქრობთ, რომ უფრო ჩაიკეტა ჩვენი უწყება. ის ფაქტი, რომ ეს ინტერვიუ შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ მზად ვართ კითხვებს ვუპასუხოთ. სასამართლოდან გამოსული პროკურორი კი შესაძლებელია იყოს შეზღუდული, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ინფორმაციას ვავრცელებთ. არ ვფიქრობ, რომ ჩაიკეტა პროკურატურა.

 

 

ადვოკატები ამბობენ, რომ ბოლო დროს საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიღწევა პროკურატურასთან ისევ ჭირს. პოლიტიკა ხომ არ შეგიცვლიათ ამ კუთხით?

 

 

საპროცესო შეთანხმებას ვდებთ იმ შემთხვევაში, როცა პირი აღიარებს ბრალდებას. თანამშრომლობს გამოძიებასთან… ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული თვისებები. თუ პირი ნასამართლევია, მისი ახალი დანაშაული მეტი საშიშროების მატარებელია. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მასთან საპროცესო შეთანხმებაზე თავს ვიკავებთ, ვსაუბრობ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღებაზე. 

 

 

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების ალბათობა ნაკლებია?

 

 

კი, ასეა. თუ ადამიანს მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩვენ არ გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას.

 

 

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს გაუფორმებთ თუ არა საპროცესო შეთანხმებას?

 

 

ჩემი პოზიციაა –  პიროვნება, რომელიც ამ დანაშაულს ჩაიდენს, მკაცრად უნდა დაისაჯოს.

 

 

ანუ არ გაუფორმებთ საპროცესო შეთანხმებას გაუპატიურებაში ბრალდებულს?

 

 

ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, გააჩნია სისხლის სამართლის საქმეს და დაზარალებულის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი