სამართალი

ვინ უჩივლებს სახელმწიფოს

31 იანვარი, 2014 • • 1942
ვინ უჩივლებს სახელმწიფოს

“თურქეთში ვმუშაობდი. სარფის საბაჟო რომ გადმოვკვეთე, მიკროავტობუსში ავედი. გზაში, მგზავრებთან ერთად, პოლიციამ დამაპატიმრა. ცხრა თვე ციხეში გავატარე, ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ვიყავი ბრალდებული. მოსამართლემ გამამართლა. სარჩელი დამიწერა ადვოკატმა, სახელმწიფოსთვის მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება მინდოდა მომეთხოვა, მაგრამ ისევ ახალი ბრალდება წარმიდგინეს, შემეშინდა ოჯახის წევრებიც არ დაეპატიმრებინათ და კომპენსაციის მოთხოვნაზე უარი ვთქვი“, – ჰყვება დათო პაპიძე, რომელიც დაპატიმრების დროს 28 წლის იყო.

 

ვიდრე დათოს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანდნენ, მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. შესვენებამდე კი ბრალდებულმა მოსამართლეს და პროკურორს უთხრა, რომ აპირებდა კომპენსაციის მოთხოვნას სახელმწიფოსთვის. ის ვარაუდობს, რომ იმ დღესვე მას „პროვოკაცია“ მოუწყვეს და მეორე ბრალი წარუდგინეს: “ბადრაგებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და გაქცევის მცდელობა“. ამის გამო ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს:


„ცხრა თვე უკანონოდ გავატარე ციხეში, მეორე ბრალდებაც უსაფუძვლოდ წამიყენეს, ალბათ იმიტომ, რომ კომპენსაციის მოთხოვნას ვაპირებდი. ეს იცოდა როგორც პროკურორმა, ასევე მოსამართლემ… ახლა სხვა დროა, ხელისუფლება შეიცვალა და ვაპირებ მოვითხოვო ზარალის ანაზღაურება“.

 

ციხიდან გათავისუფლებული ამბობს, რომ მას თურქეთში ყოველთვიურად 700 ამერიკულ დოლარს უხდიდნენ. ამ თანხით ოჯახს – ავადმყოფ დედას და პატარა ძმას არჩენდა:

 

„როცა დამაპატიმრეს, ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ ბინა გაეყიდათ, მე შემელახა რეპუტაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა“.

 

იურისტები ამბობენ, რომ დათო პაპიძის საქმე ხანდაზმულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა და სახელმწიფო მას ზარალს ახლა აღარ აუნაზღაურებს.

 

ბათუმელი ნოტარიუსი, რომელსაც, ჯერჯერობით, ვინაობის გამხელა არ სურს, თაღლითობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყო ბრალდებული. გამოძიება 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – ის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი პატიმრობიდან თავდაპირველად გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადების დღეს, ვიდრე ბრალდებულებს მოსამართლე გამამართლებელი განაჩენს გამოუტანდა, პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვა. ნოტარიუსი საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო აპირებს ჩივილს და დაკარგული შემოსავლების ანაზღაურებას პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვს.

 

ნოტარიუსთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, რომელიც სასამართლომ ასევე გაამართლა, უკვე გარდაცვლილები არიან. გარდაცვლილების სამართალმემკვიდრეებს სასამართლოში შესატან განცხადებას ყოფილი მოსამართლე და ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი უწერს.

 

მოსამართლედ და ადვოკატად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილების მქონე ვაჟა ხახუტაიშვილისთვის ეს იქნება პრეცედენტი, როცა სახელმწიფოს მისი კლიენტებისთვის მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვს.

 

ადვოკატი ახლა სამ მოქალაქეს უწერს სარჩელს. ამბობს, რომ სასამართლო პრაქტიკა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 3-5 ათასი ლარია. მისი აზრით, ტენდენცია სასამართლოში კომპენსაციის მიღების მოთხოვნით წელს უნდა გაჩნდეს, რადგან გამამართლებელი განაჩენის სტატისტიკა ახლა იზრდება.
სასამართლოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, „2010, 2011, 2013 და 2014 წლის ამ დრომდე უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის მოთხოვნით სარჩელები არ შესულა“.

 

ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი ამას შიშის სინდრომისა და გამამართლებელი განაჩენის არარსებობით ხსნის.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აზრით კი, ძნელია იმის თქმა, თუ რატომ არ უჩივიან სახელმწიფოს ის ადამიანები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ ან ბრალდების გამო შეელახათ საქმიანი რეპუტაცია:

 

„ნებისმიერ შემთხვევაში ვიდავებდი მე, მსგავსი რამ რომ გადამხდენოდა, წავიდოდი სტრასბურგში, თუ ქვეყნის სასამართლოებში ვერ ვიპოვიდი სამართალს. სხვა რატომ არ იქცეოდა ასე, ძნელია ამის თქმა. თუმცა, ვფიქრობ, დისკრედიტებული სასამართლოს ბრალიც არის – ადამიანს მოლოდინი არ ჰქონდა, რომ სასამართლო მის დარღვეულ უფლებას აღადგენდა“.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკაში არც მას ჰქონია პრეცედენტი, როცა უკანონო პატიმრობის ან ბრალდების გამო მოქალაქეს სახელმწიფოსთვის ეჩივლოს:

 

„როცა ადამიანი თავს აღწევს გამოძიებას ან პატიმრობას, მერე ისევ სასამართლოში დავას ერიდება. ეს შიშის ფაქტორიც იყო, თუმცა ახლა ნოტარიუსს, რომელიც ბრალდებული იყო და ექვსი წელი ვერ საქმიანობდა, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და კომპენსაციის მიღების თხოვნით ამ დღეებში მივმართავთ სასამართლოს“.

 

რამდენ ადამიანს გადაუხადა სახელმწიფომ კომპენსაცია 2012 და 2013 წლებში წინასწარ პატიმრობაში მიყენებული ზიანის გამო – ამ კითხვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი