სამართალი

თბილისში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პრეზიდენტმა არ შეიწყალა

21 იანვარი, 2014 • • 1070
თბილისში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პრეზიდენტმა არ შეიწყალა

“შეტანილი გქვონდა განცხადება, შეწყალების კომისიამ რეკომენდაცია გაუწია, თვითონ უჩა ნანუაშვილს შესწავლილი აქვს ეს საქმე და იცის, რომ ეს კაცი უდანაშაულოა და მხოლოდ “კოჭოიას” ჩვენების გამო ზის, რომელიც ზეწოლის შედეგად არის მიცემული”, – ამბობს ნანა კეკუტია.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 19 იანვარს პრეზიდენტმა 54 ადამიანი შეიწყალა, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია, ხოლო 3 – ქალი. ნანა კეკუტიას თქმით, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ დავით კეკუტიას გათავისუფლებას შეწყალების გზით მოახერხებდა და სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის ბრძოლას შემდეგ გააგრძელბდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა: “პრეზიდენტმა არ მოაწერა ხელი…”.


ნეტგაზეთი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეკუტიას საქმე შეწყალების კომისიამ შეისწავლა და პრეზიდენტს მისი შეწყალების რეკომენდაციითაც მიმართა. კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ჩვენს კითხვას ასე უპასუხა:


“ერთ რამეს დაგიდასტურებთ მხოლოდ, რომ კეკუტიას საქმე ნამდვილად განვიხილეთ, მაგრამ რა რეკომენდაციით მივმართეთ პრეზიდენტს, ამის თქმის უფლება არ გვაქვს, იმიტომ, რომ შედეგები არ არის საჯარო. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რას და როგორ იზამს. შეწყალების კომისია არის მხოლოდ და მხოლოდ სათათბირო ორგანო, სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც შავ საქმეს აკეთებს: კრიტერიუმების მიხედვით ალაგებს, ფილტრავს, წურავს ამ სიას. პრეზიდენტი თვითონ ხომ არ დაჯდება, 1200 განცხადება იყო, ჯამში, შემოსული. უბრალოდ, ამ საქმეს ვაკეთებთ, თორემ ჩვენი გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო შესასრულებლად. ეს არის სარეკომენდაციო, დამხმარე საბჭო”. 


იმ დებულების მიხედვით, რომლითაც პატიმრების შეწყალება ხდება, პატიმარი უნდა აღიარებდეს დანაშაულს და მსჯავრი არ უნდა ედებოდეს  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ნეტგაზეთის კითხვას, რა ნიშნით განიხილა კომისიამ კეკუტიას საქმე, რომელიც ტერორიზმშია მსჯავრდებული და დანაშაულსაც არ აღიარებს, ელისაშვილი პასუხობს:


“დებულებაში არის კიდევ განსაკუთრებული შემთხვევებზე საუბარი (მუხლი1, პუნქტი მე–4), რა თქმა უნდა, ის დაექვემდებარა განსაკუთრებულ შემთხვევას, რადგან არანაირ კრიტერიუმში კეკუტიას საქმე არ ჯდეობდა”.


ნანა კეკუტიას თქმით, მისი ძმა, რომელიც 2011 წელს დააკავეს და 30–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს [სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ 12–წლიანი პატიმრობა დარჩა], წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. მისივე თქმით, ერთადერთი სამხილი, რაც თავის დროზე პროკურატურამ კეკუტიას წინააღმდეგ წარმოადგინა, მერაბ ყოლბაიას, იგივე კოჭოიას ჩვენება იყო, რომელიც ამბობდა, რომ იგი კეკუტიასთან ერთად მოქმედებდა ტერაქტების ორგანიზების პროცესში. მოგვიანებით ყოლბაიამ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ კეკუტიას საერთოდ არ იცნობდა, ხოლო პირველი ჩვენება ზეწოლისა და წამების შედეგად მისცა. ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ ძალოვანი უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა, პატიმრების, მათ შორის ყოლბაიას წამების საქმეზე. ნანა კეკუტიას განცხადებით, ეს ფაქტი შეიძლება გახდეს მისი ძმის საქმის გადახედვის ახალი გარემოება, რადგან კეკუტიას წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ყოლბაიას ჩვენება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ეს ჩვენება ძალით მიაცემინეს:

“ჩვენ ახლა საქმე სასამართლოში ხელახლა ვერ შეგვაქვს, რადგან ახალი გარემოებები უნდა იყოს, ჩვენ კი ყველა სასამართლო ინსტანცია გავლილი გვაქვს საქართველოში. საქმე გაგზავნილი გვაქვს სტრასბურგში. ხელახალი გამოძიება რომ დაიწყოს, ახალი გარემოებები უნდა არსებობდეს. კოჭოიას წამება არის ახალი გარემოება, მაგრამ ჯერ უნდა დამტკიცდეს [სასამართლოს მიერ]”, – ამბობს იგი.

ნანა კეკუტია საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახმარების თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ თუ ამ საქმეს მთავარი პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს, ოჯახი სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს გამოიტანს:

 

“მერწმუნეთ, არც ჩემს ძმას და ჩვენი ოჯახის არც ერთ წევრს არ სურს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წარსდგეს, თუმცა მაშინ წინა ხელისუფლების არაადამიანურმა პოლიტიკამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა და იძულებული გავხდით, სამართალი საქართველოს ფარგლებს გარეთ გვეძებნა. ამჯერად კი ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება დაიცავს იმ პრინციპებს, რომელთა ერთგულების დეკლარირების გამო მისცა ხმას მას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ”, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი