სამართალი

პროკურატურა ახალაიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს

1 ნოემბერი, 2013 • • 1148
პროკურატურა ახალაიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს

სხდომაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვეს როგორც პროკურორებმა, ასევე დაცვის მხარემ. როგორც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, განაჩენის გასაჩივრების მიზეზი ისაა, რომ საქმეს არასწორი სამართლებრიცი შეფასება მიეცა:

“არ გაითვალისწინეს მოწმეთა მთელი რიგი ჩვენებები, ადგილი ჰქონდა ფაქტებისს დამახინჯებას და უზუსტობებს, საბოლოო ჯამში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიცეა. ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით ბრალდებულ შამათავას და გორგაძის შემთხვევაში საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას დაცვის მხარე 4 საათისა და 30 წუთის განმავლობაში ისმენდა. ბრალდების მხარემ მოსამართლე გიორგი დარახველიძე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა:

“მოსამართლის განცხადება, რომ ბრალდების მხარეს მწირი მტკიცებულებები ჰქონდა, ხოლო დაცვის მხარეს- პირიქით, არის არასწორი და მიუთითებს მის მიკერძოებულობაზე”, – განაცხადეს პროკურორებმა. მათივე თქმით, მოსამართლეს არ შეიძლებოდა გაემართლებინა ბაჩო ახალაია, რადგან საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა, ხოლო ახალაია იმ პერიოდში თანამდებობაზე იმყოფებოდა და მომხდარ დანაშაულზე მას პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დაეკისროს.

პროკურორების ამ განცხადებას გამოეხმაურა ადვოკატი რომეო საჯაია:

“თქვენი ლოგიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა დასჯილიყო სოზარ სუბარი, როდესაც განაცხადა ერთ–ერთ პატიმარზე, კიბიდან დაგორდაო, უნდა დასჯილიყო ირაკლი ალასანია, როდესაც ჯარისკაცები მოიწამლნენ, რატომ არ დაისაჯნენ ისინი? იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი შურისძიება ახალაიას მიმართ”, – განაცხადა რომეო საჯაიამ.

პროკურორების არგუმენტებს “აბდაუბდა” უწოდა ბაჩო ახალაიას მამამ, როლანდ ახალაიამ:

“ხუთი საათია პროცესს ვესწრები და ბრალდებებს ვისმენთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგეთ იმ აბდაუბდიდან, რასაც ყვებიან. მხოლოდ გვესმის მოსამართლის ლანძღვა–გინება და არ არის წარმოდგენილი არანაირი არგუმენტი, ზოგიერთ შემთხვევაში პროკურორებმა ტყუილიც კი იკადრეს და მოწმის ჩვენება შეცვლილად წარმოადგინეს”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.

ადვოკატი გოგიტა გაბაიძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო:

“1 აგვისტოს განაჩენი იმდენად დასაბუთებულია, რომ ოდნავადაც არ არის მისი შეცვლა საჭირო. ბრალდებას მოჰყავს ამონარიდები

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიდან და გარდა ამ ჩვენებებისა, მათ არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ისეთი განაჩენის გამოტანა, რაც მათ არ აწყობდათ, არ იძლევა უფლებას, რომ მოსამართლე აკრიტიკონ და ზოგიერთ შემთხვევაში შეურაცხყოფაც მიაყენონ”, – განაცხადა გოგიტა გაბაიძემ პროცესის მსვლეოლობისას. ბრალდების მხარის არგუმენტებს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდეს სხვა ადვოკატებმაც.

მომდევნო სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს ჩაინიშნა, რომელზეც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. 

საქმეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: გერონტი კახეთელიძე, მაია თეთრაული, თავმჯდომარე – კახაბერ მაჭავარიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი