ბაჩო ახალაია დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა:

“მე მინდა ხაზი გავუსვა მხოლოდ ერთ საკითხს, რომ დაცვის მხარემ მოახერხა დაემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას ემტკიცებინა ჩვენი დანაშაული. ასევე, საინტერესოა, რომ 26 დაზარალებულიდან არც ერთი არ ესწრება სხდომას, რადგან ისინი არ არიან რეალური დაზარალებულები, ისინი არიან პროკურატურის მსხვერპლები”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ახალაიას განცხადებას პროცესის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი:
“მოწმეებზე განხორციელდა დევნა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, და რომ არა მანდატურები და რომ არა საპატრულო პოლიციის შემადგენლობა, მათ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ დარბაზში, ამიტომ არ იყო მიზანშეწონილი თითოეულ პროცესზე მოწმის გამოძახებისას გაწევ–გამოწევა ყოფილიყო და სტრესი განეცადა დაზარალებულებს. მივიჩნევთ, რომ მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ ესწრებიან პროცესს, გასაგებია”, – განაცხადა პროკურორმა.
პროცესზე გაცილებით ვრცელი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ. კალანდაძის განცხადებით, მისი დაკავება დიდი გაუგებრობა იყო და ამ გაუგებრობაში ის ირაკლი ალასანიას და თეა წულუკიანს ადანაშაულებს:
“ერთადერთი შეცდომა, რაც ჩვენ, ყველას ერთად მოგვივიდა არის ის, რომ ყველას არ ვაცნობდით იმას, თუ რამდენს მიაღწია სამინისტრომ ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში. ეს არ იცის ხალხმა და ყველა ეყრდნობა მხოლოდ საზოგადოების აზრს, რომელიც არის ცრუ და შეთითხნილი. იყო ხალხი, რომელიც უსაფუძვლო დაკავების შემდეგ ჩემს არც ერთ ზარს არ პასუხობდა, რომ ისინი პროკურატურას არ დაეკითხა. მე მაინტერესებს, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მე–4 ბრიგადის იურისტები, მეთაურები, პოლიცია, სად დამალა პროკურატურამ მე–2 ბრიგადის დარაჯის მინიმუმ 3 ცვლა, რომლებიც ვითომ აბანოში ჩაკეტილებს დარაჯობდნენ, რატომ არ დაიკითხა ნაწილის მორიგე, იმ სამსახურის წარმომადგენლები, ვინც სათვალთვალო კამერებს უყურებდა? სად არის გადაადგილებების ბრძანებები? საბრძოლო მომსახურების ჟურნალი, სადაც ფიქსირდება, რას აკეთებს ჯარისკაცი? ისინი პროკურატურამ არ გამოიძახა. ეს ჩამონათვალი ადასტურებს, რომ ჩემი დაკავება, რასაც თავიდანვე ვაცხადებდი, იყო დიდი გაუგებრობა, ეს არის მხოლოდ ალასანიას და წულუკიანის ბინძური მეთოდები”, – განაცხადა გიგი კალანდაძემ.
როგორც ბრალდებულმა მერაბ კიკაბიძემ განაცხადა, ყველა ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებების მოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ისინი უკვე დაკავებული იყვნენ.
დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს:
“პროკურატურამ თავისი თავი უსუსურად წარმოადგინა, იყო მიკერძოებული და ეს სასამართლომ დაინახა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება და მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს”, – განაცხადა ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
საპირისპიროს იმედი აქვს პროკურატურას. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დანაშაულებრივი ქმედებების არსებობას ადასტურებს, თუმცა ამ ქმედებებში ბრალდებულთა მონაწილეობას არ ადასტურებს:
“მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 94 მოწმე და დაზარალებული იქნა გამოძახებული, ყველამ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენებები. მათი ჩვენების საფუძველზე, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, საგამოძიებო ექსპერიმენტების დახმარებით, ტელეფონების ამოღებული ნუსხებით დადასტურდა და იქმნება დამაჯერებელი სურათი, რომ ის დანაშაული, რაც შერაცხული აქვთ ბრალდებულებს, არის საკმაოდ ძლიერი მტკიცებულებებით დადასტურებული. მოლოდინი გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის, რადგან შეუძლებელია, ობიექტურმა პირმა ამდენი ადამიანის ჩვენება და მტკიცებულებები არაფრად ჩააგდოს”, – განაცხადა პროკურორმა.
დასკვნითი სიტყვების დასრულების და რეპლიკების წარმოთქმის შემდეგ, მოსამართლე გიორგი დარახველიძე სათათბიროდ გავიდა. მოსამართლის თანაშემწის განცხადებით, პროცესი რამდენიმე დღეში განახლდება და მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საქმე ეხება სამ ეპიზოდს- სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურ დასჯას, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს და ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ, ბაზაზე ტელეფონის უნებართვო შეტანის გამო.

