სამართალი

გაუპატიურების სამართლებრივი განმარტება კონკრეტდება

18 ივლისი, 2013 • 4481
გაუპატიურების სამართლებრივი განმარტება კონკრეტდება

იურისტი კობა ბოჭორიშვილი, რომელიც პარლამენტში შეტანილ შესაბამის კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ გაუპატიურების ცნების გაფართოება მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან სამართლებრივად უფრო ზუსტად იქნება შეფასებული აღნიშნული დანაშაული.

 

მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლი, გაუპატიურება, გულისხმობს მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის მომხდარ გაუპატიურების ფაქტს, ხოლო თუ მამაკაცმა მამაკაცი გააუპატიურა, ან ქალმა ქალი, ის სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) სამართლდება.

 

მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვლება,  გაუპატიურებად მიჩნეული იქნება სქესობრივი კავშირი, ან სხვაგვარი სქესობრივი კონტაქტი სხეულის ნებისმიერი ნაწილით, ან რაიმე საგნით, ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაში ჩაყენებით, ან ამ მდგომარეობის გამოყენებით.  ეს დანაშაული დაისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.

 

„ეს პროგრესული ამბავია იმის გამო, რომ პრაქტიკამ დაგვანახა, რომ იმ ქმედებების ადეკვატური კვალიფიკაცია არ ხდებოდა,  რაც რეალობაში გვხვდებოდა. კანონი ვერ პასუხობდა ყველა იმ დანაშაულის აღწერას, რაც პრაქტიკაში ხდება“, – განუცხადა იურისტმა ლია მუხაშავრიამ „ნეტგაზეთს“.

 

შეიძლებოდა თუ არა გლდანის ციხეში გასულ წელს ხელჯოხით მამაკაცთა გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო გაუპატიურების მუხლით? – ლია მუხაშავრია ამბობს, რომ – არა.

 

„რაც შეეხება ციხის სკანდალს, იქ გაუპატიურება იყო, მაგრამ საქმე წამების მუხლით არის დაკვალიფიცირებული.  დანაშაული წამებად უნდა იქნას მიჩნეული იმ შემთხვევაში, როცა მიზანია ინფორმაციის მიღება და დასჯა. როცა ძალადობის მიზანი სექსუალური ხასიათისაა და არა – დასჯა, მაშინ ეს არის გაუპატიურება“, – განუცხადა ლია მუხაშავრიამ „ნეტგაზეთს“.

 

კანონპროექტი, რომლითაც იცვლება გაუპატიურების სამართლებრივი განმარტება, ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში შევიდა ევროსაბჭოს მიერ 2011 წლის 12 აპრილს მიღებულ კონვენციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტარი გუგული მაღრაძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი