სამართალი

ადვოკატი: პოლიციელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობდნენ იაკობაძეზე, დაკითხული არიან

15 ივლისი, 2013 • 1541
ადვოკატი: პოლიციელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობდნენ იაკობაძეზე, დაკითხული არიან

21 წლის რომან იაკობაძემ გასულ კვირას „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელთა მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის პირობებში იარაღი ჩაუდო მეზობელ სოფელში მცხოვრებ თავის ნათესავს ოთარ ბერიძეს. იგი იარაღის ჩადებიდან ერთ დღეში, რომან იაკობაძისავე სმს-ის – „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე დააკავეს. 

 

ოთარ ბერიძე ადიგენის რაიონის პოლიციამ დაკავებიდან მეორე დღესვე გაათავისუფლა. სამაგიეროდ, კვლავაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რომან იაკობაძეს დააწერინეს, რომ ოთარ ბერიძის სახლში „აღმოჩენილი“ თოფი მას ეკუთვნოდა.

 

ამის საფუძველზე ადიგენის რაიონის პოლიციამ 12 ივლისს, ღამის 3 საათზე რომან იაკობაძე დააკავა. 13 ივლისს, ღამის ორ საათზე, გაათავისუფლეს – მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა პროკურატურის ჩარევის შედეგად. 

 

რომან იაკობაძის ადვოკატის, საიას იურისტის, რეზო რევაზიშვილის ინფორმაციით, „ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო იმის დასადგენად, რომან იაკობაძის მიმართ ხომ არ იყო პოლიციის მხრიდან იძულება იმაზე, რაც მან გააკეთა – მაგალითად, იარაღის ჩადება. პოლიციელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობდნენ იაკობაძეზე, ჩვენი ინფორმაციით, დაკითხული არიან. დაიკითხება ათეულობით მოწმეც“.

 

ადვოკატის თქმით, რომან იაკობაძე მხოლოდ მისი ჩვენების საფუძველზე არ გაუთავისუფლებიათ: „პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ის ფორმები, რასაც ყვება იაკობაძე, ადვილად დადასტურებადია, რადგან პოლიციელები იაკობაძეს, როგორც სმს-ებს უგზავნიდნენ, ისე ურეკავდნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურას გარკვეული მტკიცებულება უკვე ჰქონდა მოპოვებული“.

 

რომან იაკობაძე
რომან იაკობაძე

21 წლის რომან იაკობაძე გასულ წელს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მას 8-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს. რომან იაკობაძის თქმით, მასზე ძალადობდნენ ადიგენის პოლიციის გამომძიებელი ლევან აბულაძე და უბნის რწმუნებული შმაგი იაკობაძე. ზეწოლის პროცესში მოგვიანებით კიდევ ერთი პირი ჩაერთო, რომელიც რომან იაკობაძეს წარუდგა, როგორც განყოფილების უფროსის მოადგილე.

 

სამცხე-ჯავახეთის ოლქის სამხარეო პროკურორის, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, პოლიციელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობდნენ რომან იაკობაძეზე, ამ ეტაპზე პოლიციაში ისევ მუშაობენ: „მათი დათხოვნა-არდათხოვნის საკითხი დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული“.

 

ადვოკატ რეზო რევაზიშვილის ინფორმაციით, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული შეიძლება მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი