სამართალი

ზარი ციხიდან

9 ივლისი, 2013 • 1554
ზარი ციხიდან

გორგაძეების ოჯახის სამი წევრის: მურად გორგაძისა და მისი ორი ძმის – გიორგისა და ოთარის სამართალდამცავებთან ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ ერთი მათგანი – მურადი მოკლეს, გია სამი წლის წინ გამოვიდა ციხიდან, ხოლო მესამე ძმა – ოთარი 2009 წელს დააკავეს ქურდობის ბრალდებით და 10 წელი მიუსაჯეს. 

 

ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის ჩაცხრილვის კადრები საზოგადოებამ ტელევიზიით 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ნახა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ მურად გორგაძე იყო. მაშინდელი შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამკაციან ჯგუფს იმ ციხეში უნდა მოეწყო არეულობა, სადაც გია გორგაძე იხდიდა სასჯელს, მისი გაქცევის მიზნით.

 

მურად გოგრაგიძი მკვლელობიდან რამდენიმე ხანში ქურდობის ბრალდებით დააკავეს ოთარ გორგაძეც. როგორც მან სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ უთხრა, გათავისუფლების შემდეგ ძმის მკვლელობის შესახებ ცნობების შეგროვება მაინც დაიწყო: „მინდოდა ჩემი ძმის მკვლელობა დამედგინა. ვნახე ორი პიროვნება, მათ მითხრეს, რომ ტყუილუბრალოდ მოკლეს ჩემი ძმა და მისი ამხანაგები და მათ იარაღი ჩაუდეს. კიდევ ორი ქალი ვნახე, რომლებიც იქვე ვაჭრობდნენ და მათაც იგივე მითხრეს. ისინი თანახმა იყვნენ გამოძიებასთან ეთანამშრომლათ და სწორი ჩვენება მიეცათ. ამ პერიოდში ისევ დამიჭირეს. იმ ჩანაწერებს ეძებდნენ, რომლებიც მე შევაგროვე. ჩანაწერები ამოიღეს და ჩემ თვალწინ დახიეს“.

 

ოთარ გორგაძე ამბობს, რომ ის თვითმხილველებს ესაუბრა: „ვისაც მე ველაპარაკე, წალკის იმ „მარშრუტკას“ ჩამოყვნენ თბილისში, რომლითაც ჩემმა ძმამ და მისმა მეგობრებმა იმგზავრეს და ორიც ვაჭარი ქალი იყო. გვარები ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ თავისუფალი რომ ვიყო, მათ მოვძებნიდი“.

 

ოთარ გორგაძე ქურდობის ბრალდებით მეორედ 2009 წელს დააკავეს: „მეორედაც 177-ე მუხლი წამიყენეს, იქედან გამომდინარე, რომ წინაც 177-ე მუხლი მქონდა. დანაშაულს არ ვაღიარებდი, მეორედ როცა დამიჭირეს, მაგრამ ჩემი ფეხმძიმე ცოლი დააკავეს და მითხრეს, რომ თუ არ ვაღიარებდი, მასაც „გასროკავდნენ“. სხვა გზა არ მქონდა და ვაღიარე ის, რაც არ გამიკეთებია“.

 

 

ოთარ გორგაძის თქმით, მან ციხიდან უკვე მიმართა ძმის მკვლელობის ხელახალი გამოძიების თხოვნით გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს.

 

ასევე, დახმარება სთხოვა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო ჩემთან, ყველაფერი ვუთხარი, ჩანაწერები გააკეთეს და მითხრეს, რომ პროკურატურას გადასცემდნენ“.

 

გორგაძეების დედა ნარგიზ გორგაძე ამბობს, რომ არ იცის, ვის და როგორ მიმართოს. „მინდა ჩემი შვილის მკვლელობა გამოიძიონ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივმართო, არც ადვოკატი მყავს, სოფლიდანაც ვერ გამოვდივარ. იქნება ვინმე დამეხმაროს, ძალიან გთხოვთ. მინდა ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს“.

 

გორგაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. ისინი იმერეთის მაღალმთიან სოფელში, ახლობლის სახლში არიან შეხიზნულები. ოჯახი ზრდის მურადის შვილს, გია გორგაძე კი ამჟამად თურქეთშია სამუშაოდ წასული.

 

თავის დროზე, ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის გამოძიების თხოვნით, გორგაძეების ოჯახის გარდა, ორივე დაღუპულის ოჯახმა მიმართა სამართალდამცავებს. მათი თხოვნა არც ერთ სასამართლო ინსტანციას არ დაუკმაყოფილებია. მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავდა, რომელმაც საქმე 2008 წელს ევროპის სასამართლოში გადააგზავნა.

 

ამ საქმის ადვოკატის, ლაშა ჭინჭარაულის თქმით, მას გასულ თვეში აცნობეს სტარსბურგის სასამართლოდან, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები უნდა გაეგზავნოს სახელმწიფოს. მისი აზრით, პროცესი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

 

ლაშა ჭინჭარაული: „ჩვენ გვინდოდა დაგვეცვა გორგაძეების უფლებებიც, მაგრამ მათ მაშინ იმის შიშით, რომ კიდევ ერთი შვილი ციხეში ჰყავდათ და შეიძლება მისთვის ეს სახიფათო ყოფილიყო, უარი თქვეს საქმის გასაჩივრებაზე, თორემ ჩვენ სამივეს ინტერესების დაცვას ვაპირებდით. გორგაძეების ოჯახმა მაშინ ამაზე უარი გვითხრა“.

 

რაც შეეხება გორგაძეების მდგომარეობას, ლაშა ჭინჭარაულის აზრით, თუ გია გორგაძე ხელახალ გარემოებაზე მიუთითებს, მაგალითად, რომ მისი ძმის – მურადის მკვლელობამდე ან მკვლელობის შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, შეიძლება ამ მოტივით საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება.

მსგავსი განცხადება გია გორგაძემ 20 თებერვალს „მე-9  არხის“ ეთერში გააკეთა. მან ჟურნალისტებს უამბო, რომ ძმის მკვლელობის ღამეს სპეცრაზმმა ის სასტიკად სცემა, ხოლო მეგის ქარდავამ თავის კაბინეტში შეყვანის შემდეგ „პირში ავტომატი ჩათხარა“ და უთხრა, რომ თუ მისთვის სასურველ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მას მოკლავდა. 

 

ადვოკატ ლაშა ჭინჭარაულის აზრით, თუ გია გორგაძემ ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, ხელახალი გამოძიების დასაწყებად ესეც კი  საკმარისია.

 

„ბათუმელები“ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, დაიწყო თუ არა პროკურატურამ მურად გორგაძის მკვლელობის საქმის ხელახალი მოკვლევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი