სამართალი

მოწმე: თუ აბანოდან ვინმე გამოვიდოდა ჰაერში იარაღი უნდა გვესროლა

13 ივნისი, 2013 • 2092
მოწმე: თუ აბანოდან ვინმე გამოვიდოდა ჰაერში იარაღი უნდა გვესროლა

მოწმეებს შორის იყო შეიარაღებული ძალების უფროსი ოფიცერი სიმონ კობახიძე. ის აცხადებს, რომ დაინახა, როგორ ავარჯიშებდა რამდენიმე ნიღბიანი პირი 20–მდე წელსზემოთ შიშველ ჯარისკაცს:

“ჩვენ მოგვაწყეს სენაკის ბაზაზე, იმ ადგილიდან, სადაც ვიდექით, დავინახე, რომ გარეთ არბენინებდნენ წელსზემოთ შიშველ ჯარისკაცებს, დაახლოებით ერთი საათის მანძილზე არბენინეს, აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ ჩვენ იმ ადგილიდან წაგვიყვანეს და არ ვიცი, გაგრძელდა თუ არა მათი ვარჯიში, ჩემი აზრით კი, ეს იყო წამება”, – განაცხადა სიმონ კობახიძემ. მისივე თქმით, ბესიკ შპეტიშვილმა, რომელიც ამ საქმეში უშუალო დაზარალებულია, მას მოგვიანებით წამების სხვა დეტალებიც მოუყვა:

“შპეტიშვილი ჩემი მეგობარია, მან მითხრა, რომ მთელი ღამე ათხრევინებდნენ სანგრებს, იყო საშინელი ამინდი, ამის შემდეგ ჩაკეტეს აბანოში, სადაც საშინელი პირობები იყო და არ აძინებდნენ, რამდენჯერმე სპეციალურად მოაწყეს, რომ არ დაეძინათ”, – აცხადებს კობახიძე.

ჯარისკაცების აბანოში ჩაკეტვის ფაქტი დაადასტურა მეორე მოწმემაც, სენაკის ბაზის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბესიკ ოდიშარიამ. მისი თქმით, დამლაგებელმა, რომელსაც საშხაპე უნდა დაელაგებინა, იქ შესვლა ვერ შეძლო, რადგან აბანოში ჯარისკაცები ჰყავდათ ჩაკეტილი და გარეთ საყარაულოდ რამდენიმე სამხედრო იდგა.

მოწმეებს შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც, მათივე ჩვენებების მიხედვით, აბანოს შენობაში დამწყვდეული ჯარისკაცების საყარაულოდ დააყენეს. სამივე მოწმემ განაცხადა, რომ მათ უბრძანეს, თუკი შენობიდან ვინმე გამოვიდოდ,ა ჯერ სიტყვიერად გაეფრთხილებინათ, შემდეგ კი იარაღით გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ:

“ბრძანება მოგვცეს, შენობაში არავინ შეგვეშვა და შენობიდან არავინ გაგვეშვა, თუკი ვინმე გასვლას მოინდომებდა, გაგვეფრთხილებინა, შემდეგ იარაღი გადაგვეტენა და ჰაერში გაგვესროლა, თუმცა გამოსვლით არავინ გამოსულა. მხოლოდ პატარა შენობის ფანჯრიდან გამოხედა ერთმა ჯარისკაცმა და სიგარეტი მთხოვა, მე სიგარეტის მიცემის უფლება არ მქონდა”, – განაცხადა ერთ–ერთმა მოწმემ მიხეილ ჩალიგავამ.

 

პროცესზე დაცვის მხარემ პრეტენზია გამოთქვა მოწმეების სიმცირესთან დაკავშირებით. მათი თქმით. პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებს სასამართლო პროცესს. პროკურორები ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან:

“ეს ბრალდება არის აბსურდული და სასაცილო შემდეგ გარემოებათა გამო, არც ერთი სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მიზეზით არ გადადებულა, მაშინ, როდესაც შვიდი სასამართლო პროცესი გადაიდო დაცვის მხარის მხრიდან ხან ადვოკატის გამოუცხადებლობით, ხან ცუდად ყოფნის ინსცენირებით, ხან პროტესტის ნიშნად დატოვებით და ა.შ. მოწმეები წარმოვადგინეთ ყველა პროცესზე იმ ინტენსივობით და იმ რაოდენობით, როგორც არის შესაძლებელი მათი რაიონებიდან ჩამოყვანა. დღევანდელ სასამართლოზე წარმოდგეინლი იყო სამი ცვლა იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც ბრძანების თანახმად ყარაულობდნენ  აბანოში დამწყვდეულ თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ყველა მათგანმა დაადასტურა ეს ფაქტი”, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

 

პროცესს დღეს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ ბრალდებულები ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე, ისინი პროტესტს მოსამართლე გიორგი დარახველიძეს უცხადებენ. 31 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ მოსამართლე არაობიექტურობაში დაადანაშაულა და მას შუასაუკუნეების ინკვიზიტორი უწოდა.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე
მოსამართლე გიორგი დარახველიძე

მკურნალიძემ და ახალაიამ უარი განაცხადეს, ოფიციალური განცხადება დაეწერათ მოსამართლის სახელზე იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესს არ დაესწრებოდნენ, ამიტომ სასამართლოს ამის შესახებ #9 დაწესებულებიდან მოუვიდა ცნობა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ არც ახალაიას და მკურნალიძის ახლობლები და ოჯახის წევრები.

 

აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო სხდომა შაბათს, 15 ივნისს გაიმართება, პროცესზე კვლავ პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ.

საქმე ეხება 2010 წლის 16, 17 და 18 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17 თანამშრომელი, რომლებმაც დილის ვარჯიშზე უარი განაცხადეს, გადაიყვანეს სენაკის ბაზაზე, სადაც, პროკურატურის ინდორმაციით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აწამეს. ისინი არბენინეს, ასევე ჩაკეტეს აბანოში, გამოურთეს გათბობა და ასეთ პირობებში ამყოფეს 3 დღე–ღამის განმავლობაში, ხოლო 36 საათის მანძილზე მათთვის არ მიუციათ საკვები.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი