სამართალი

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

14 მაისი, 2013 • • 5352
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა – დადებითი და უარყოფითი მხარეები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, უმრავლესობა გეგმავს წინა პარლამენტის მიერ მიღებული ამ საკონსტიტუციო ნორმის შეცვლას სექტემბრამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე. უმრავლესობის ერთ–ერთი არგუმენტია, რომ თუ მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან  თანამდებობებზე, მაშინ თაობები ათწლეულების განმავლობაში დაკარგავენ შანსს, გახდნენ მოსამართლეები და არ მოხდება მოსამართლეთა კორპუსის განახლება. აღნიშნული მოსაზრება ხმალაძემ იმითაც დაასაბუთა, რომ მოსამართლეებს საქართველოში სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით უკეთესი ანაზღაურება აქვთ და საკუთარი ნებით არავინ მოინდომებს თანამდებობის გამოთავისუფლებას.

 

პრობლემად ასევე სახელდება ქვეყნის მცირე მასშტაბები, რადგან ერთ ადგილზე ერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას რომელიმე მცირე რეგიონში წლების შემდეგ შესაძლოა მოჰყვეს პრობლემები, რადგან ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პატარა ქალაქში მოსამართლეს 20–30 წლის მერე ბევრი ნაცნობ–ნათესავი დაუგროვდეს, რამაც შესაძლოა მის საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის იდეას და მიიჩნევს, რომ მოსამართლეები აქამდეც უნდა დანიშნულიყვნენ უვადოდ, რადგან ეს წაადგებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას:

 

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უფრო განამტკიცებს მართლმსაჯულებას, მეტ დამოუკიდებლობას აძლევს მოსამართლეს, სისტემას ქმნის უფრო მყარს. უვადო დანიშვნით მოსამართლეთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია. ამ ეტაპზე მოსამართლეთა ადგილები სრულად არ არის შევსებული და შესაძლებელია ახალი კადრების დანიშვნა და, რა თქმა უნდა, მოხდება ახალი მოსამართლეების მიღება, თუ იქნება ამის საჭიროება. გარდა ამისა, ზოგ მოსამართლეს ვადა უფრო ადრე გაუვა, ყველა ერთი ასაკის ხომ არ არის?!“

 

 

გვრიტიშვილის მოსაზრებით, მთავარია, რომ მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ამას ახალი

დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილი

მოსამართლე განახორციელებს თუ დიდი გამოცდილების მქონე.

 

„ამ ნორმის უკან წაღება, სისტემაში ახალი კადრების შემოყვანის არგუმენტით, ცოტა დაუსაბუთებელია. ჩვენ არ გვინდა გვყავდეს ახალი კადრები? თუ სხვა ქვეყნებში არის უვადო და ხანგრძლივი ვადით დანიშვნები, გვიჩვენებს, რომ ეს უარყოფითად მოქმედებს მათი მუშაობის პოტენციალსა და ახალი მუშაკების მიღებაზე? თუ დაიდება პრაქტიკა, რომ ეს უარყოფითად მოქმედებს სისტემაზე, მაშინ ვიმსჯელოთ. მე ასე ვფიქრობ და სხვა ქვეყნის პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში არიან მოსამართლეები დანიშნული, არიან უფრო დამოუკიდებლები, უფრო გამყარებული აქვთ ცოდნა, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება ძალიან დასაბუთებული და კარგია. არც ერთ საზოგადოებაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მინახავს, რომ ამბობდეს, ჩვენ არ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც დიდი ხნით არიან თანამდებობებზე და გვინდა ახალი სახეები“, – ამბობს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი და დასძენს, რომ ჯერჯერობით კომუნიკაციის შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის არ სმენია.

 

მოსამართლეს წონიან არგუმენტად არ მიაჩნია მცირე ქალაქებში სანათესაო და საახლობლო წრის გაჩენასთან დაკავშირებული მოსაზრებაc. მისი თქმით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა ძალიან ბევრია,  ნათესაობამ და ახლობლობამ კი შესაძლოა ყველგან შექმნას პრობლემა.  გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია მართლმსაჯულების სისტემა იყოს მყარი.

 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმებას ასევე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე. მისი თქმით, მოსამართლეები რა ვადითაც არ უნდა იყვნენ დანიშნული, ყოველთვის იარსებებს ბერკეტი, რომლის საშუალებითაც კანონის დარღვევის შემთხვევაში მას თანამდებობას ჩამოაშორებენ.

 

„აქ არის იმაზე საუბარი, რომ წლების შემდგომ, გადის 5–6–7 წელი და ვადა როცა მთავრდება, მოსამართლე შეიძლება უფრო დამოკიდებული გახდეს ვიღაცაზე იმის შიშით, შემდგომში კვლავ დანიშნავენ თუ არ დანიშნავენ მოსამართლედ. აი, ეს ყოველგვარი დაძაბულობა და ფიქრი ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს მოხსნილი და ამას გააკეთებს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა. მოსამართლე უფრო მეტად იქნება დამოუკიდებელი და ხელ–ფეხგახსნილი და მხოლოდ კანონის წინაშე იქნება დამოკიდებული,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ. მისივე მოსაზრებით, თუკი მოსამართლეს კანონი არ დაურღვევია და ის პატიოსნად ასრულებდა თავის საქმეს, არ უნდა შეეზღუდოს გარკვეული ვადებით მოსამართლედ მუშაობა.

 

„ყველა მოსამართლის თვითმიზანი და საფიქრალი არ არის, იქნება თუ არა 10 წლის შემდეგ კვლავ მოსამართლე. უბრალოდ, მოსამართლე არ უნდა

მერაბ ჯორბენაძე
მერაბ ჯორბენაძე

იყოს შეზღუდული რაღაც ვადებით, აი, მოდის დრო, როცა შეიძლება უმუშევარი დარჩეს და იმაზე ფიქრში შეიძლება რაღაც შეცდომაც დაუშვას“, – ამბობს მერაბ ჯორბენაძე. მისივე განცხადებით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ახლანდელი მოსამართლეები დაინიშნებიან თუ არა სამუდამო ვადით. მისი მოსაზრებით, მთავარია, რომ ახლანდელი მოსამართლეების შემდგომი მოსამართლეები მაინც დაინიშნონ უვადოდ.

 

„ჩვენ აქ ვიქნებით თუ გარეთ, ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, დამოუკიდებელი სასამართლლო და მოსამართლე. აქედან გამომდინარე, თუნდაც 2–3 წლის შემდგომ რომ დაინიშნება მოსამართლე, ის უნდა დაინიშნოს უვადოდ,  რომ მას მაინც ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე დღევანდელ მოსამართლეს“, – აცხადებს მერაბ ჯორბენაძე.

 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმებას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე პირდაპირ დარტყმად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. მისი განცხადებით, 2005 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმის მთავარი მონაპოვარია კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ჩანაწერის გაკეთება, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

 

„ახლა ხელისუფლების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და თქვა, რომ შესაძლებელია ეს ნორმა იქნას ამოღებული, შეჩერებული და მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან მცდარი ნაბიჯი და შემაფერხებელი სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც კი საჭიროა დამოუკიდებლობის პირობების შესაქმნელად, უკვე შექმნილია. რა თქმა უნდა, ცალკეული გაუმჯობესებები შეიძლება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ახლა დაგვრჩა, ეს არის მათი უვადოდ დანიშვნა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არის მათი თავისუფლების საბოლოო გარანტია. რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, ამაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, არის პირდაპირი დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი იმ გუნდის წევრია, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებას კონსტიტუციაში:

 

„ჩვენ ეს ცვლილება მივიღეთ მოსამართლეთა ინსტიტუტის გასაძლიერებლად იმისათვის, რომ რაც საქართველოში ჩვეული და ტრადიციული ამბავია – მოსამართლეები მოიწონო იმის მიხედვით, პოლიტიკურად რა სიმპათიები გაქვს, ვინ როდის არის დანიშნული და ხელი აფათურო სასამართლოში – ამის წინააღმდეგ არის ეს ნაბიჯი გადადგმული და ახლა პირიქით აკეთებენ. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აძლიერებს მათ დამოუკიდებლობას პოლიტიკური ცვლილებებისაგან“.

 

დავით დარჩიაშვილი სუსტ არგუმენტად მიიჩნევს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, უვადოდ დანიშვნის შემთხვევაში თაობები დაკარგავენ მოსამართლედ გახდომის შანსს, რადგან მოსამართლეების ადგილები წლობით იქნება დაკავებული:

 

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე მოსამართლეთა დამოუკიდებლობა უფრო მნშვნელოვანი არგუმენტია, ვიდრე ის, რამდენად სწრაფად მოხდება მათი ცვლილება.

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

სწორედ ის არის საქმე, რომ ვინც კი 9 წლის განმავლობაში მოსამართლე გახდა, მეტნაკლებად ყველას მოცილება უნდათ, ეს არის მთავარი უბედურება. ნებისმიერ ნაბიჯს ინსტიტუტების მშენებლობაში აქვს თავისი მაგრამები. ვერ მოიფიქრებთ ვერანაირ რეფორმას, რომელსაც ვერ უპოვით ვერანაირ ნაკლს. შეუძლებელია ეს. უნდა აწონ–დაწონოთ, რა უფრო ღირებულია: დამოუკიდებლობა, თუ სწრაფი განახლება? მე ვფიქრობ, რომ სწრაფი განახლება არის სახიფათო იმიტომ, რომ დღეს ვისგანაც განახლდება სასამართლო, გასაგებია, განახლდება ეკა ბესელიას და ნანა კაკაბაძის მეგობრებისგან.  დარწმუნებული ვარ, რომ მათ რეალურად უნდათ ყველა ინსტიტუციაში საკუთარი ნაცნობ–მეგობრების დაწინაურება და ყველაფერზე გავლენის მოპოვება, ამას კი ამართლებენ დემოკრატიისა და სამართლიანობის აღდგენის დროშით“, – ამბობს პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი.

 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის იდეას ემხრობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, თუმცა ამბობს, რომ ქართული სასამართლო სისტემა ამ ეტაპზე მზად არ არის მსგავსი სიახლისთვის და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

 

„ერთია ეს იდეა, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებობს.  უკვე ყველა მხარე აღიარებს იმას, რომ სასამართლო სისტემისადმი არსებობდა ბევრი კითხვის ნიშნები. სამწუხაროდ, სასამართლო იმ მოთხოვნებს, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და კომპეტენტური, ვერ პასუხობდა. ამ სისტემაზე გადასვლას სჭირდება შესაბამისი მომზადება. ჩემი აზრით, ქართული სასამართლო სისტემა არ არის მზად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემაზე გადასასვლელად და ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველა მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა არ იქნება სწორი, სანამ კიდევ ერთხელ არ გაანალიზდება ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს“, – ამბობს კოჟორიძე. მისი თქმით, ამჟამად კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით, ყველა მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ 2013 წლის შემოდგომიდან. კოჟორიძის მოსაზრებით კი, კარგი იქნება, თუ პირველ ეტაპზე უვადოდ დაინიშნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და შემდეგ სისტემა როგორ იმუშავებს, იმის მიხედვით დაიწყოს მსჯელობა სხვა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე.

 

ანალოგიურ მოსაზრებას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაინიშნებიან უვადოდ, მხოლოდ უზენაეს სასამართლოში გამწესებამდე მოსამართლემ უნდა დააგროვოს ქვედა ინსტანციების სასამართლოებში მუშაობის გამოცდილება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლედ ნებისმიერ ინსტანციაში 28 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი დასაქმება.

 

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ერთ–ერთი გარანტია დასავლეთის სახელმწიფოებში, რომელსაც იყენებს ქვეყნების ნაწილი, მათ შორის ევროპაში.

 

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ მოსამართლეთა ნაწილი, მაგალითად, ფედერალური მოსამართლეები, უვადოდ ინიშნებიან, ნაწილი კი 14–წლიანი ვადით (მოსამართლეები, რომლებიც გაკოტრების საქმეებს განიხილავენ).

მასალების გადაბეჭდვის წესი