სამართალი

ყაყაჩოს თესლის საქმეზე გამოძიება შეიძლება “გუდვილზეც” გავიდეს

28 მარტი, 2013 • • 8075
ყაყაჩოს თესლის საქმეზე გამოძიება შეიძლება “გუდვილზეც” გავიდეს

საკონდიტრო კომპანია  DGF 1980-იან წლებში საფრანგეთის დისტრიბუტორთა ასოციაციის ინიციატივით დაფუძნდა
და მისი მთავარი მიზანი სარესტორნო ბიზნესის კულინარიული, საკონდიტრო ინგრედიენტებით მომარაგებაა.  DGF–ს საკონდიტრო ინგრედიენტების სადისტრიბუციო ქსელი მსოფლის 40–მდე ქვეყანაში აქვს აწყობილი, მათ შორისაა საქართველო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სწორედ DGF–ის ქართულ პარტნიორ კომპანია

ფოტო ICC Georgia-ს მიერ გუდვილში გამართული პრეზენტაციიდან
ფოტო ICC Georgia-ს მიერ გუდვილში გამართული პრეზენტაციიდან

“ICC GEORGIA-ს” წაუყენეს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის.

გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით, 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს თესლი (PAPAVER SOMNIFERUM L) შემოიტანა, რომელსაც თან ერთვოდა საფრანგეთის მიერ გაცემული ორიგინალი ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, სადაც  მითითებული იყო აღნიშნული პროდუქციის  სახეობა.  

“ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მორფინს და კოდეინს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მისი  იმპორტის ნებართვა გასცეს, რის გამოც საბაჟო სამსახურის თანამშრომლების  პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 100 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალის წაყენება მოულოდნელი აღმოჩნდა კომპანია “ICC GEORGIA”–ს ერთ–ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის რამაზ ლოდიასთვის.

რამაზ ლოდიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან საფრანგეთში თავისი პარტნიორი საკონდიტრო კომპანიისგან  2012 წლის ოქტომბერ–ნოემბერში შეიძინა საკონდიტრო მიზნებისთვის განკუთვნილი ყაყაჩოს თესლი და საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით ოფიციალურად, ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად განაბაჟა.  300 კგ ყაყაჩოს თესლი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვიდა საქართველოში.

რამაზ ლოდია ამბობს, რომ მას ყველა ის დოკუმენტაცია ჰქონდა, რაც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განსაბაჟებელი პროდუქციის ჩამონათავლში იყო მითითებული.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ განსაბაჟებელი პროდუქციის ჩამონათვალში არ არის იმ ყაყაჩოს თესლის სახეობა, რომელიც მათ ამოიღეს – დამაძინებელი ყაყაჩო (PAPAVER SOMNIFERUM L).

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ასევე დადგება იმ მებაჟეების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აღნიშნული პროდუქცია განაბაჟეს.

“ლოგიურად ვერაფერს ვერ ვფიქრობ, რატომ წაუყენეს ბრალი ჩემს კომპანიას. ეს იყო საკონდიტრო მიზნებისთვის განკუთვნილი ყაყაჩოს თესლი. დალუქულ 247 კგ თესლში აღმოჩნდა, რომ არის 0.006 გრამი კოდეინი და 1.2 გრამი მორფი, ანუ ეს რომ გადაამუშავო, ამდენ მორფინსა და კოდეინს მიიღებ. ამ ტვირთის თვითღირებულებიდან გამომდინარე, ეს აბსურდულია. ეს ტვირთი ტრანსპორტირების ხარჯებიანად დაჯდა 900 ევრო. 900 ევრო უნდა დახარჯო, რომ მიიღო ერთი გრამი მორფინი, ეს ხომ ალოგიკურია?“  – განუცხადა “ნეტგაზეთს” რამაზ ლოდიამ. ბიზნესმენი არგუმენტად იმასაც იშველიებს, რომ მას აღნიშნული ყაყაჩო არასაკონდიტრო მიზნებისთვის რომ შემოეტანა, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის თებერვლამდე საწყობში არ შეინახავდა.

ლოდიას თქმით, მან სულ 300 კგ ყაყაჩოს თესლი შემოიტანა საკონდიტრო მიზნებისთვის, საიდანაც 50 კგ გამოძიების

ყაყაჩოს თესლი
ყაყაჩოს თესლი

დაწყებამდე უკვე გაყიდული იყო. სხვადასხვა საკონდიტრო საწარმოებთან ერთად ყაყაჩოს თესლის მნიშვნელოვანი ნაწილი შეისყიდა “გუდვილმა”. დარჩენილი 247 კგ თესლი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2013 წლის თებერვალში დალუქა და ამოიღო.

“ნეტგაზეთმა” კითხვით მიმართა საგამოძიებო სამსახურს, ემუქრება თუ არა რაიმე სამართლებრივი სანქცია “გუდვილს” იმ ყაყაჩოს თესლის შეძენისთვის, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა ნარკოტიკად მიიჩნია. უწყებაში განგვიცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავიგებთ. მათ ასევე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ნარკოტიკს შეიცავდა ის 247 კგ ყაყაჩოს თესლი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.  

“გუდვილის” პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათი წარმოების სამსახურმა ნამდვილად შეიძინა ყაყაჩოს თესლი “ICC GEORGIA”–სგან  და  ყიდვამდე მათ შეამოწმეს ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის განბაჟების დამადასტურებელი.

“ეს თესლი განკუთვნილია საკონდიტრო მოხმარებისთვის, რომელსაც იყენებენ ევროკავშირის ქვეყნებში. იტალიურ და ფრანგულ რეცეპტურაში გვიწერია, რომ ეს უნდა მოვაყაროთ ზემოდან ფუნთუშებს. შესაბამისად, ამ რეცეპტურის მიხედვით ვიყიდეთ აღნიშნული თესლი და პრობლემას ვერ ვხედავთ. ჯერ არ გამოგვიყენებია და გვიდევს საწყობში შემდგომი გამოყენების მიზნით.  წარმოების სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის სრულიად ლეგალური და მას მთელი მსოფლიო იყენებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “გუდვილის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

“ICC GEORGIA”–ს დირექტორი რამაზ ლოდია ამბობს, რომ მას გამომძიებლებმა ანახეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2003 წელს გამოცემული ბრძანება.

“პრეზიდენტის ბრძანებულება ყოფილა 2003 წელს, რომლითაც დროებით აიკრძალა ყაყაჩოს თესლის შემოტანა და რეალიზცია, იმის შემდეგ არც კანონი მიუღიათ და არაფერი და ამ საგამოძიებო სამსახურის გარდა, მგონი, არავინ არ იცის. რადგან აღმოჩნდა, რომ ისეთი რეგულაცია ქონიათ, რომლის შესახებ მეც არ ვიცოდი და არც მებაჟეებმა, მეგონა მეტყოდნენ, რომ ან გავანადგუროთ პროდუქცია და ზარალს აგინაზღაურებთ, ან ჩვენთან დარჩეს, სანამ წესი შეიცვლება. ჩემი ბრალი არაფერი არ არის. სასამართლო გაიმართება, ადვოკატსაც ავიყვან და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” რამაზ ლოდიამ.

საკანონმდებლო მაცნეში მართლაც იძებნება 2003 წლის 29 ოქტომბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ საკანონმდებლო აქტადაა მითითებული.

“დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალ რეალიზაციაშია ხაშხაშის (ყაყაჩოს – Papaver somniferum) თესლი, რომელიც მოიხმარება როგორც საკვები პროდუქტი და შეუზღუდავად იყიდება სავაჭრო დაწესებულებებსა და ბაზრობებზე.

საკონდიტრო ნაწარმისათვის გამოსაყენებელი ხაშხაშის თესლი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ნარკოტიკული ნივთიერების – ოპიუმის ალკოლოიდებს, რის გამოც იგი ფართოდ მოიხმარება მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში.

იმის გამო, რომ ხაშხაშის თესლი არ არის შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნუსხაში, სამართალდაცვის ორგანოებს საშუალება არა აქვთ განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და დროებითი ღონისძიების განხორციელების მიზნით:

აიკრძალოს ნებისმიერი მიზნით (მათ შორის, საკონდიტრო ნაწარმში გამოსაყენებლად) ქვეყნის ტერიტორიაზე ხაშხაშის (ყაყაჩო – Papaver somniferum) თესლის იმპორტი და რეალიზაცია”, – წერია ედუარდ შევარდნაძის მიერ 2003 წელს გამოცემულ ბრძანებულებაში. შევარდნაძემ შესაბამისი ღონისძიების გატარება დაავალა იმდორინდელ შს მინისტრ კობა ნარჩემაშვილსა და უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას

კომპანია DGF–ის პარტნიორები ფრანგული კულინარიისთვის აუცილებელ საკონდიტრო პროდუქციას მსოფლიოს 40 ქვეყანაში საკონდიტრო მიზნებისთვის დაუბრკოლებლად ყიდიან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ–ში, კანადაში, იაპონიაში, ჩინეთში და ა.შ.

მოუწევთ თუ არა იგივე საქმიანობისთვის პასუხისგება DGF–ის ქართველ პარტნიორებსა და მათ კლიენტებს, ეს უახლოეს თვეებში სასამართლო განხილვის შედეგად გაირკვევა. 

საკონდიტრო კომპანია DGF–ის ქსელი მსოფლიოში
საკონდიტრო კომპანია DGF–ის ქსელი მსოფლიოში

მასალების გადაბეჭდვის წესი