სამართალი

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი დაიკითხა

14 მარტი, 2013 • 1058
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი დაიკითხა

“მე დაბარებული ვიყავი მოწმის სახით დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. დეტალებზე, სამწუხაროდ, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დაახლოებით ის საქმეა, რაზეც დაიკითხნენ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი,” – განაცხადა გიგა შუშანიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

მისი თქმით, გამოძიებას ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობდა შუშანია აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით:

 

“მე რა ინფორმაციაც გამაჩნდა, დეტალურად მივაწოდე მათ. თუ კიდევ დამიბარებენ, არ არის პრობლემა, მივალ და დამატებით კითხვებსაც ვუპასუხებ”, – განაცხადა შუშანიამ.

 

დასაქმების სამინისტროში უმუშევართა ბაზების შექმნის დროს სახელმწიფოს მიერ 22 ათასამდე პირის ფიქტიურად დასაქმებასთან და მათთვის 5 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, დასაქმებულები არ ასრულებდნენ კონკრეტულ სამუშაოს, ისინი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის”  აგიტატორები და ბიუჯეტის ფულით უკანონოდ მოხდა მათთვის ანაზღაურების მიცემა.

 

ამ საქმესთან დაკავშირებით თებერვალში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი