სამართალი

გრიფით საიდუმლო “ენვერის საქმის” დეტალები

23 იანვარი, 2013 • 2250
გრიფით საიდუმლო “ენვერის საქმის” დეტალები

გელა, პრეზიდენტი ამბობს, რომ თქვენი სახით რუსეთის აგენტები გამოუშვა ახალმა მთავრობამ. თქვენ ამბობთ, რომ არ ხართ ჯაშუში. შეგიძლიათ იმის ახსნა, მაინცადამაინც თქვენ რატომ აღმოჩნდით “ენვერის” ჯგუფში?

 

2 წელი და 3 თვე ვიჯექი და დღესაც ვეკითხები ჩემ თავს, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არც ქონება მაქვს, არც თანამდებობაზე ვიყავი. სანამ ამ ყველაფერს ფარდა არ აეხდება და საჯარო არ გახდება, იქამდე ვაპირებ ბრძოლას.

 

თქვენი დაკავების მერე რა ხდებოდა?

 

2 საათი გაგვაჩერეს უშიშროების შენობაში, გრიბოედოვზე და მერე წაგვიყვანეს თბილისში. ბათუმში მოიტანეს სურათები და მკითხეს, თუ ვიცნობდი ვინმეს. მიშა კვაჭანტირაძე ამოვიცანი, ერთად ვსწავლობდით, რუსეთში ცხოვრობს. მითხრეს, რომ მე მოვიპოვებდი ინფორმაციას და მას გადავცემდი… მე, ალბათ, ბიოგრაფიიდან გამომდინარე შემარჩიეს – რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული,
ვერტმფრენების სკოლაშიც რუსულად ვისწავლე, სასაზღვრო ჯარში, სადაც ქობულეთის კომისარიატმა გამიწვია, რუსეთის უშიშროებას ექვემდებარებოდა აბაშიძის დროს… ყველა მფრინავს ერთი და იგივე ბიოგრაფია გვაქვს – რუსული ენა, ჯარი…

 

იცით ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია?

 

სამოქალაქო ფორმები ეცვათ. ციხეში დასაკითხად რომ მოვიდნენ, ვკითხე ვინ ბრძანდებით-მეთქი, ვერ ხვდები ვინ ვიქნებიო. არც სახელი უთქვამთ, არც გვარი, არც თანამდებობა. სასამართლო პროცესებამდე, ანუ ხუთი თვის განმავლობაში ერთხელ მოვიდა გამომძიებელი, მერე ის ადამიანი არასდროს მინახავს.

 

დაჭერის დღესვე თბილისის გზაზე მითხრეს, ვიცით უდანაშაულო ხარ, მაგრამ თუ გასვლა გინდა, დანაშაული უნდა აღიაროო. ვუთხარი, რომ შეეძლოთ დავეხვრიტე, მაგრამ ბრალს არ ვაღიარებდი. დაკავების დღეს დამირეკა ჩემი ესკადრილიის მეთაურმა, კაპიტანმა სერგო ნინუამ – ვერტმფრენთან მიდი, დავალების შესასრულებლად დაგირეკავენო. 3-4 საათი ველოდი. დავურეკე ნინუას და ვუთხარი, ცუდი ამინდია, ფრენა არ იქნება დღეს, მშია, გავალ ქალაქში შევჭამ-მეთქი… არა, იყავი მანდო. მერე მოვიდნენ და დამაკავეს.

 

უსტალიშვილისა და დევრიშაძის აღიარება-გათავისუფლების შემდეგ თქვენ არ გაგიჩნდათ აღიარების სურვილი?

 

გელა კაკაბაძე
გელა კაკაბაძე

არა. მე ორი ბიჭი მყავს, ამხელა სანათესავო… მზად ვიყავი 11 წელი დამეყო ციხეში და მერე დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, თუ ცოცხალი გამოვიდოდი. ეს საქმე სრულიად აბსურდი მგონია და გეტყვით რატომაც – ჩვენ ბრალი წაგვიყენეს ჯაშუშობაზე, მაგრამ პროკურორს სასამართლოზე არც ერთხელ უხსენებია ჯაშუშობა. მეკითხებოდნენ ასლან აბაშიძე ვინ იყო, ვერტმფრენები ვის ბალანსზეა. სასამართლო ისე დასრულდა, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ. ჩემს განაჩენში წერია დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებაში მოვიპოვებდი დაუდგენელ ინფორმაციას და გადავცემდი დაუდგენელ პირს.

 

მოსამართლე რას გეკითხებოდათ?

 

მოსამართლეს ვუხსნიდი, რომ არ ვიცოდი კომპიუტერი. მან არ დაიჯერა, ვერტმფრენით დაფრინავ, ამხელა აპარატთან შეხება გაქვს და კომპიუტერი როგორ არ იციო. მას ავუხსენი, რომ ვერტმფრენი მექანიკური აპარატია და არა კომპიუტერული. ვერ დავამტკიცე, რომ არ ვიცოდი კომპიუტერი.

 

რა ინფორმაცია იყო ფლეშკაზე, რომელიც თქვენი სახლიდან ამოიღეს?

 

ვერტმფრენის აგებულება, იმიტაციები პოლიგონზე, 26 მაისის აღლუმისთვის ვემზადებოდით და ნახაზი გვქონდა გაკეთებული, რომელ საჰაერო აპარატს როდის უნდა ეფრინა, ეს იყო ჩემს სახლში დადებულ ფლეშკაზე – პირველად გადიოდა M-24, მერე M-8, მერე SU-25, ბომბდამშენები. ეს საიდუმლო ინფორმაცია არ არის. ჩვენამდე დააკავეს დაგეგმარების სამსახურის უფროსი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი. გეგმები, სავარჯიშო ფრენები მას ჰქონდა კომპიუტერში. დაკავების მერე მისი კომპიუტერი წაიღეს და ეტყობა, იქიდან ჩაწერეს ინფორმაცია ფლეშკებში.

 

პეტრე დევრიშაძესთან, რომელმაც ბრალი აღიარა, თუ გქონდათ შეხება?

 

როცა ბათუმში ჩამოგვიყვანეს, მაშინ ვნახე პირველად.

 

დევრიშაძის ჩვენების საფუძველზე ვის წაუყენეს ბრალი ჯგუფიდან?

 

რუსლან გალოგრეს. მან თქვა, რომ გალოგრე რუსული ეკლესიის წინ პირჯვრის გადაწერით აწვდიდა ვიღაცას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო. ეს თქვა სიტყვა სიტყვით სასამართლოში. პირჯვრის გადაწერა კონკრეტულ დროს კონკრეტულ საათზე… ვის გადასცემდა ინფორმაციას, უცნობია.

 

კიდევ ერთი მოწმის, გენადი ჰაიდაროვის ჩვენება რამდენად შეგეხოთ მფრინავებს?

 

მან სასამართლოზე თქვა, რომ იყო ორმაგი აგენტი. პროკურორმა ჰკითხა, ჩვენს შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია. ჰაიდაროვმა უპასუხა – რუსეთში ყოფნის დროს ერთმა მზვერავმა თქვა, რომ ბათუმში მფრინავებთან მაქვს კონტაქტიო. ჩემმა ადვოკატმა ჰკითხა, დაკავებული 5 მფრინავიდან რომელიმეზე თუ ჰქონდა მითითება. მან თქვა – არა. ისიც კი არ იციან, მფრინავებზეა საუბარი თუ მფრინავზე. ჰაიდაროვს კონკრეტული გვარი არ დაუსახელებია.

 

დევრიშაძე რატომ გამოუშვეს?

 

მისი ჩვენებით სხვები დააკავეს… მოწმედ ჰყავდათ უსტალიშვილიც, მაგრამ ხელი არც მას დაუდია ჩვენზე – მან მხოლოდ ეს თქვა, მე თუ კონტრაქტზე მაქვს ხელი მოწერილი, შეიძლება ამათაც ჰქონდეთო.

 

რას აპირებთ?

 

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ხელახალი გამოძიების თხოვნით. ეს ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ჯაშუში ვარ. უზარმაზარი ტვირთი მადევს, 2008 წელს საბრძოლო დავალებებს ვასრულებდი – ტყვია-წამალს ვეზიდებოდი ბათუმიდან თბილისში… ისეთი ბრალდება წამიყენეს, არ ვიცი, როგორ შევხედო ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, შვილებს, ნათესავებს. საქმეს გრიფით საიდუმლო უნდა მოხსნან, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არაფრის გამო დამაკავეს. ასევე მივმართავ იმ ადამიანს, რომელმაც ფლეშკა ჩამიდო, გვარი არ ვიცი, სიმართლე თქვას პროკურატურასთან.

 

დაპატიმრების კადრები სად გადაგიღეს?

 

ადლიაში, “ობეერის” ჭიშკართან. სამი “დუბლი” გადაიღეს. ოპერატორი იძახდა, არ ვარგა ეს კადრიო – მომხსნიდნენ ბორკილებს, ჩაირთვებოდა კამერა, ხელახლა დამადებდნენ ბორკილებს და ასე იყო.

 

ციხეში როგორ გექცეოდნენ?

 

როცა პირველად მიმიყვანეს, ღია კორიდორში პატიმრებს სცემდნენ და მე ამას მასმენინებდნენ. დამთავრდებოდა ცემა, დაშლიდნენ ამ 150-200 კაცს და მე ისევ მაბრუნებდნენ კარანტინში, სადაც 21 დღე გავატარე. იმ 21 დღიდან ე.წ. ფუქსებში, სადაც სასამართლოში წასაყვანი ხალხი ჰყავდათ, 15 დღე გამაჩერეს. მხოლოდ დაბეტონებული ვიწრო სკამი იყო. არც ერთი ღამე არ მიძინია. კამერაში 35-
40 კაცი ჰყავდათ. მიხაროდა ბევრი ხალხის შემოყვანა, რადგან 13 ოქტომბრის მერე სიცივე დაიწყო. თუმცა, სუნთქვა გვიჭირდა. ჩემზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ისეთ კამერაში შეჰყავხარ, სადაც სისხლია და კივილი გესმის. ჩემი თვალით ვნახე ბორკილებით დაბმული ადამიანები საკანში, თავგატეხილები.

 

სრულიად უმიზეზოდ გცემდნენ?

 

ლაპარაკის უფლება არ გაქვს. კონტროლიორი ყურს გიგდებს და ოდნავი ხმამაღალი ლაპარაკი თუ ისმის, გეკითხება – რატომ ხმაურობ? იღება კარები და წავიდა…

 

ვინმეს დასახელება შეგიძლიათ, ვინც პატიმრებს სცემდა?

 

ვინც პირადად მე შემეხო, იმას გეტყვით – მაიორი ოლეგ ფაცაცია, ის არასდროს დამავიწყდება. სხვა ოფიცრების გვარები არ მახსოვს. როცა ის კორპუსში ამოვიდოდა, ბუზის ხმას გაიგონებდი, ყველას ეშინოდა კარები არ გაეღო და არ შემოსულიყო. სცემდნენ ყველაფრით – ხელით, ფეხით, რაციების ანტენებით… გაუპატიურების სცენა არ მინახავს, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი კარანტინის დაშლის დროს პლასტმასის ტრუბებით როგორ სცემეს ხალხს… როცა ცემისთვის შემოდიოდნენ, მე მაჩერებდნენ კარებთან და ჩემს თვალწინ სცემდნენ სხვებს. წითელი ჯვრიდან იყვნენ ფრანგები მოსული და აინტერესებდათ როგორ მექცეოდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო არ მეხებოდნენ მე ფიზიკურად. ვისაც საშინელი მუხლი ჰქონდა, იმას საშინლად უსწორდებოდნენ.

 

საშინელ მუხლში რა გადიოდა?

 

20 წლის ბიჭი იქნებოდა, ძროხის მოპარვაზე იჯდა. ისე სცემეს, ორმა კაცმა შემოიტანა და დააგდო იატაკზე.

 

სამედიცინო მომსახურება როგორი იყო?

 

პატიმარი სანამ არ დავარდებოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა. ექიმები კამერაში ნორმალურად გვექცეოდნენ, მაგრამ “რეზბალნიცაზე” რა ხდებოდა, ვერ გეტყვით, არ მინახავს, თუმცა მესმოდა პატიმრების ყვირილი – მიშველე, ცუდად ვარ, წამალი
მინდა. ეს ხმები 2-3 დღის შემდეგ ქრებოდა. რა მოსდიოდათ ამ პატიმრებს, არ ვიცი, სცემდნენ, კვდებოდნენ, სადმე გადაჰყავდათ თუ მკურნალობდნენ.

 

პარლამენტი ბევრ ადამიანს უშვებს ამნისტიით, რის გამოც საზოგადოებას ეშინია. როგორ ფიქრობთ, კრიმინალი გაიზრდება?

 

არა მგონია. სულ ცოტას თუ მოუნდება უკან დაბრუნება. 21 ათასი პატიმრიდან 15-16 ათასი მგონია, რომ უდანაშაულოა. ისეთი პატიმრები იყვნენ, ვისაც პური ჰქონდა მოპარული.

მასალების გადაბეჭდვის წესი