სამართალი

2012 წლის გახმაურებული საქმეების ათეული და ადამიანის უფლებები

26 დეკემბერი, 2012 • • 2091
2012 წლის გახმაურებული საქმეების ათეული და ადამიანის უფლებები

1.  პატიმართა წამება ციხეში


2012 წლის სექტემბერში გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცვალა სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, დააპატიმრა ციხის 20–მდე თანამშრომელი. სტუდენტთა საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა. ისინი დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ. საქმის გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაეყენება იუსტიციის ყოფილ მინისტრს – ზურაბ ადეიშვილს.

2. პირადი ცხოვრება და სატელეფონო მოსმენები

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა მთავრობის პირობებში არსებობდა ათასობით ადამიანის სია, რომლებსაც უკანონოდ უსმენდნენ, თუმცა ახალმა მთავრობამ უკანონო მოსმენების მხოლოდ ერთი ეპიზოდი გამოიძია, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის – ბესო სურმავას მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერებს, სადაც მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სატელეფონო საუბრები იყო თავმოყრილი. აღნიშნული ეპიზოდის გამო დააკავეს კუდ-ის მაღალჩინოსნები და შსს-ს თანამშრომლები, მთლიანობაში 10-ზე მეტი პირი, მათ შორის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და შემდეგში თბილისის ვიცე მერი შოთა ხიზანიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ახალმა მთავრობამ პირველად გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის და სხვების საქმეზე, რომელიც უკავშირდება სს “თელასის” საქმეს. ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვები ფარულ მოსმენებზე. სასამართლოში აცხადებენ, რომ მათ გვარამიას მოსმენაზე ნებართვა არ გაუციათ, თუმცა ნებართვა გაცემულია იმ ნომერზე, რომლითაც გვარამია სარგებლობდა.

3. პოლიტპატიმრები და ამნისტია

საქართველოს ახალმა პარლამენტმა ოფიციალურად აღიარა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა. საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დადგენილება  „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“, რომელსაც თან ახლავს პოლიტპატიმრების 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია. პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად იქნენ მიჩნეულნი მუხროვანის ამბოხის, ასევე სპეცოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებულები და სხვები. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ დადგენილებას მხარი არ დაუჭირა.

ამას გარდა, ახალმა პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის საფუძველზე საპყრობილეებს დატოვებს 3000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიტპატიმრებად აღიარებული პირები. ასევე, სასჯელის შემცირება შეეხება თითქმის ყველა კატეგორიის პატიმარს. პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიას შესაძლოა გარკვეული დროით მოჰყვეს კრიმინალის ზრდა, რასაც საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს.

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

4. პოლიტიკური საქმეები

2012 წელს  კვალვ აქტუალური იყო ბიძინა ივანიშვილისთვის 2011 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ბრძანებულებით შეწყვეტილი საქართველოს მოქალაქეობის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძეს აღუდგინა მოქალაქეობა, ივანიშვილს კი – არა. პარლამენტმა 2012 წელს მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და მაღალი თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.

ამას გარდა, მთელი წლის მანძილზე აუდიტის სამსახურის მოთხოვნით ქართულმა სასამართლოებმა ათეულობით პირი დააჯარიმეს პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის ბრალდებით, მათი უმრავლესობა კი “ქართულ ოცნებასთან” იყო კავშირში. თავად ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ 80 მილიონ ლარს მიაღწია. ხელისუფლების გადაბარებამდე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ამ მუხლით დაჯარიმებულ მოქალაქეებს ქონება დაუბრუნდათ და ყადაღა მოეხნათ. გადახდილი ჯარიმა დაუბრუნდა ივანიშვილსაც.

წლის მანძილზე არაერთი ადამიანი დაითხოვეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან, მათ შორის იყვნენ პედაგოგებიც. ყოფილი მმართველი და ამჟამად ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურებიდან, განსაკუთრებით თვითმმართველობებში, არაერთი ადამიანი დაითხოვეს, ასევე, მათი განცხადებით, ხდება პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნა და დაკავებები. ამ დროისთვის პროკურატურის მიერ ბრალი რამდენიმე ათეულ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წაყენებული, მათ შორისაა ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

5. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

2012 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია “გლობალ ტვ”–მ გადაწყვიტა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს რეგიონებში სატელიტური ანტენები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად გადაეცა, თუმცა პროკურატურამ 200 ათასზე მეტი სატელიტური თეფში დააყადაღა. სამართალდამცავმა უწყებამ მოგვიანებით ასევე დააყადაღა “მაესტროს” ანტენები. 2012 წელს მაუწყებლობა დაიწყო ივანიშვილის ოჯახის კუთვნილმა “მეცხრე არხმა”, ასევე, საინფრომაციო სააგენტო “ინფო 9”–მ. საბაჟოზე არაერთხელ დაზიანდა “მეცხრე არხის” კუთვნილი აპარატურა. აპარატურის დაზიანების ფაქტზე არჩევნების შემდეგ პროკურატურამ დააკავა კუდ-ის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

2012 წლის ზაფხულში პარლამენტმმა დაამტკიცა Must Carry-ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები ვალდებული გახდნენ, წინასაარჩევნოდ ყველა საინფორმცაიო ტელეარხი გადაეცათ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიხურა “რეალ ტვ”, ტელეკომპანია “პიკ”–მა შეაჩერა საინფორმაციო გამოშვებები, ხოლო ტელეკომპანია “იმედი” დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს.

2012 წელს დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის არაერთი ფაქტი, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას არც ერთი ეს საქმე არ გამოუძიებია. 

6. სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. თავდაპირველ ვერსიად ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეიარაღებული დივერსანტები საქართველოში რუსეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. ლიკვიდირებულთა შორის იყვნენ- საქართველოს მოქალაქეები, პანკისელი ქისტები, ასევე ჩეჩნები.

პანკისის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა წინასაარჩევნოდ პროვოკაცია მოაწყვეს. რამდენიმე დღის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლეს ამ საქმეზე წინა მთავრობის მიერ დაკავებული ახმედ ჩატაევი, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და ახალ მთავრობას საქმის განსხვავებული ვერსია ჯერ არ წარმოუდგენია.

7. ლგბტ აქტივისტების ცემა თბილისში

2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა თბილისში, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა იმის გამო, რომ მსვლელობის მონაწილეებს მოქლაქეთა ნაწილმა სასულიერო პირებთან ერთად გზა გადაუკეტა. მსვლელობის მონაწილეებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცავებს ჩხუბის ინიციატორები არ დაუკავებია. მოგვიანებით “იდენტობამ” სამართალდამცავ ორგანოებს პოლიციელთა უმოქმედობის გამოძიების თხოვნით მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

8.  თენგიზ გუნავას საქმე

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. გუნავა მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებდა.

თენგიზ გუნავამ მთავარ პროკურატურას მისი დაკავების გარემოებების შესწავლის თხოვნით მიმართა. საქმის გამოძიება იუსტიციის სამინსიტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი უწყების გენინსპექციის მოკვლევის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლა 5 პოლიციელი გუნავას საქმეზე გამოვლენილი დარღვევისათვის. შსს–ს დამატებითი დეტალები ამ საქმეზე არ გაუვრცელებია.

9. სოსო ქიმერიძის საქმე

47 წლის სოსო ქიმერიძე 2012 წლის 28 თებერვალს სოფელ ქვიშხეთში, საკუთარი სახლიდან  პოლიციელებმა გასასაუბრელად ხაშურის პოლიციის შენობაში წაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ოჯახს მისი ცხედარი მიუსვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან თავისით გადმოვარდა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ ქიმერიძე პოლიციელთა ძალადობას ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძებას ჯერჯერობით მომხდარის განსხვავებული ვერსიის შესახებ არაფერი უთქვამს.

10. მასობრივი გაფიცვები

2012 წლის შემოდგომაზე საქართველოს სხვადასხვა დიდი საწარმო მასობრივმა გაფიცვებმა მოიცვა. გაიფიცნენ ჭიათურის მაღაროების თანამშრომლები, ასევე, ფოთის პორტში, ტყიბულის მაღაროებსა და თელასში დასაქმებულები. გაფიცვები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდა იყო. მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პრემიერ-მინისტრთან შეიქმნა სპეციალური კომისია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტში შესულია ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი