სამართალი

ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა

18 დეკემბერი, 2012 • 1068
ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა

შსს წინააღმდეგია, რომ  260-ე მუხლის მესამე ნაწილით და 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებული პირები სასჯელისგან გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, ხოლო პროკურატურა ამნისტიის შესახებ კანონპროექტიდან 180-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს.

 

260–ე მუხლი განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკების გადაზიდვასა და მოხმარებას ეხება. 353-ე მუხლის მეორე ნაწილი  პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ეხება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ჯგუფის მიერ იძულებას და იძულებით მუქარას.

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ამნისტიის შედეგები უნდა გაითვალსიწინოს:

 

“ზოგადად სამართლებრივად ამნისტია ჰუმანური აქტია და ძნელია წინააღმდეგ წახვიდე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გასათვალისწინებელია ის შედეგები საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც  შეიძლება ასეთი მასშტაბის ამნისტიამ გამოიწვიოს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი კაკო ბობოხიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობა ამნისტიის დროს კონკრეტულ მუხლებს არჩევს:

 

“ისინი ამნისტიის დროს არჩევენ მუხლებს იმ კატეგორიის პატიმრების მიმართ, რომელთა მიმართ, როგორც ჩანს, აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული და მაქსიმალურად ცდილობენ არ გამოიყენონ და ამნისტია არ შეახონ იმ მუხლებს, რომლებიც შეიძლება დღეს და მომავალში გამოყენებული იქნეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დევნის საფუძვლად.”

 

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამნისტია ეხება ყველა კატეგორიის პატიმარს, გარდა სამუდამო პატიმრებისა. 

 

“ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სასჯელი შეუმსუბუქდეს ერთი მეოთხედით ყველას, ვინც ამნისტიის ქვეშ ვერ ხვდებოდა. ცალკეა ამნისტიის მუხლები. ეს არის ყველაზე უნიკალური ჩანაწერი, როდესაც ამნისტია ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხება სხვადასხვა დონით,” – ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება – მეოთხედით ყველასთვის სასჯელის შემცირება- პატიმრებზე განხორციელებილი ზეწოლის და წამების ერთგვარი კონპენსაციაა.

 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დადგენილებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ამ კვირაში პარლამენტის სასესიო სხდომაზე განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი