სამართალი

ხელისუფლების საარჩევნო დაპირება და რეალობა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით

3 დეკემბერი, 2012 • • 1696
ხელისუფლების საარჩევნო დაპირება და რეალობა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა პოზიციის გაგებას შეეცადა, თუმცა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვიპასუხა:

 

“თქვენ, ეტყობა, ასე აღიქვით ეს დაპირება, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით რეაქცია არ იქნებოდა საერთოდ? ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის წინასაარჩევნო დაპირებასთან. როდესაც არის კონკრეტული დანაშაული, როცა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იყო ამოღებული, რას ფიქრობთ თქვენ, არ უნდა მოხდეს მათი დაკავება?”

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულისთვის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფო მოხელეების დაკავება ემსახურება მოქმედი ხელისუფლების ოპონენტის დასუსტებასა და დისკრედიტაციას.

“ნარკოდანაშაულისადმი ზოგადი იდეოლოგიურ–ფილოსოფიური დამოკიდებულება არანაირად არ ჩანს. ამ კოალიციაში იმდენად ჭრელი შემადგენლობაა, რომ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ წარმომადგენელს სურდეს ამ კუთხით ლიბერალური პოლიტიკის წარმოება. როგორც ჩანს, ეს წარმომადგენლები ჯერჯერობით ამინდს ვერ ქმნიან”, – განუცხადა დავით დარჩიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

დარჩიაშვილი ამბობს, რომ როცა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყო, ხშირად იყო დისკუსია ნარკოდანაშაულისადმი სახელმწიფოს მიდგომის ლიბერალიზებაზე.

“მე მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო მიდგომის ლიბერალიზება ნარკომომხმარებლების მიმართ, მაგრამ იმდენად იყო გადაჯაჭვული მოხმარება და სხვა დანაშაული, რომ ძალიან ძნელი იყო მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. თუმცა იმ მიღწევების ფონზე, როდესაც სერიოზულად შემცირდა ნარკოდანაშაული და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, შეიძლებოდა ამაზე ფიქრი, თუმცა ხალხმა არჩევნებზე სხვა არჩევანი გააკეთა. ამ ეტაპზე ერთადერთს ვატყობ, რომ ახალი მთავრობა დაკავებულია თავისი დანაპირებების მივიწყებით, ჩვენი დისკრედიტაციითა და ზეწოლით”, – ამბობს დარჩიაშვილი.

შსს–მ ახალი მინისტრის პირობებში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი პირველად 5 ნოემბერს ქუთაისში დააკავა. პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა ნონა ბერეკაშვლი, ვასილ ბაზაძე და ზურაბ სალდაძე დაკავეს.  ნონა ბერეკაშვილმა დაავადებული  ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების მორფინის 5 ამპულა ვასილ ბაზაძეს გადასცა. ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემა ზურაბ სალდაძის ავტომანქანაში მოხდა. ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღებას” და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11 წლამდე.

 

შსს–ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნოემბრის ბოლოს გორში სამი სახელმწიფო მოხელე დააკავეს: რევაზ კახნიაშვილი – შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ივანე მიდოდაშვილი – ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი; ალექსანდრე ზანგალაძე – შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი; მათთან ერთად ასევე დაკავეს კიდევ ერთი მოქალაქე.

 

პოლიციის ცნობით, რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 20-გრამიანი შპრიცი, რომელშიც, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით: „ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7–დან და 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

ამავე ბრალდებით სამართალდამცავებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი 29 ნოემბერს დააკავეს. პოლიციის ცნობით, მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა 0.021  გრამი დეზომორფინი.

 

პოლიციელებმა 30 ნოემბერს დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც ჩხრეკისას 5 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.

 

ნარკოტიკის მოხმარება ფიგურირებს შსს–ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საქმეში. სამართალდამცავთა ცნობით, მას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება მორფინი აღმოაჩნდა. გუნავა ამტკიცებს, რომ მას აღნიშნული ნივთიერება წყალში გაურიეს და იძულებით დაალევინეს დაკითხვისას. გუნავამ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა, რომლის შედეგადაც გაირკვევა, არის თუ არა გუნავა ნარკოტიკების მომხარებელი.

 

“ქართული ოცნება” თავის საარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ “მხოლოდ სასამართლო სისტემის რეფორმა საკმარისი არ არის ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად. ამისათვის აუცილებელია, აგრეთვე, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირება და არსებული უსამართლო თუ არაეფექტიანი წინასწარი  გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სამართალწარმოების კატასტროფულად მძიმე შედეგების აღმოფხვრა.

 

ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია აცხადებდა, რომ გადაიხედებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე, პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი