სამართალი

როგორ აპირებს ხელისუფლება შრომის კოდექსის შეცვლას

26 ოქტომბერი, 2012 • • 1362
როგორ აპირებს ხელისუფლება შრომის კოდექსის შეცვლას

პარლამენტის წევრის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის მოადგილის, კობა დავითაშვილის თქმით, შრომით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებენ იურიდიულ კომიტეტთან ერთად. თუმცა, კონკრეტულად როდის მოხდება ეს ცვლილებები, ჯერჯერობით ზუსტ დროს ვერ ასახელებს. კობა დავითაშვილის თქმით, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის კონკრეტული მუხლები როგორ უნდა შეიცვალოს, თუმცა ზოგად ტენდენციაზე საუბრობს:

 

“შესაცვლელია ის მიდგომა, რომელიც აქამდე არსებობდა. ამჟამად დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლება შეუძლია ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ეს შესაცვლელია. ასევე შესაცვლელია ერთთვიანი ხელშეკრულებების პრაქტიკა”.

 

დავითაშვილის თქმით, ერთთვიან ხელშეკრულებებს დამსაქმებელი იმიტომ მიმართავს, რომ გაუადვილდეს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება და კონტრაქტის არგაგრძელება მისი სამსახურიდან გაგდებად რომ არ ჩაეთვალოს.

 

“ჩვენთან პრაქტიკულად არსებობს ნებაყოფლობითი მონობა, ე.წ. უვადო სტაჟირება. სხვადასხვა ორგანიზაციები,

გაფიცული მაღაროელი. ჭიათურა. ფოტო:თაზო კუპრეიშვილი
გაფიცული მაღაროელი. ჭიათურა. ფოტო:თაზო კუპრეიშვილი

როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, სტაჟიორებს სამსახურში იღებდნენ ნახევარი წლით, ან მეტი ხნითაც. შემდეგ მათ უშვებენ ორგანიზაციიდან და სტაჟიორთა ახალ ნაკადს იყვანენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ეს არის სისტემური ხასიათის პრობლემა, ამას ჰქვია მონობა და დაუშვებელია. სტაჟირების გავლის წესები უნდა დარეგულირდეს შრომის კოდექსით”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი.

 

დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან დასაბუთების გარეშე გაშვება არსებული შრომის კოდექსის მთავარ პრობლემად მიაჩნია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესა და საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს.

ირაკლი პეტრიაშვილის მოსაზრებით, ამჟამინდელი შრომის კოდექსი გადასაგდებია და ხელახლაა დასაწერი.

“დიდი სარკოფაგია გასათხრელი და როგორც რადიაციულ ნივთიერებებს აბეტონებენ, ისე არის შრომის კოდექსი იქ დასამარხი, რადგან მონობას, უუფლებობასა და არასტაბილურობას ამკვიდრებს. ეს კი იწვევს დესტაბილიზაციასა და საწარმო კონფლიქტებს, რაც პირველ რიგში ეკონომიკას უქმნის დიდ პრობლემას”, – განუცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

ირაკლი პეტრიაშვილის მოსაზრებით, მოსაძებნია ოქროს შუალედი, ასევე დასაწესებელია მინიმალური სტანდარტები ისე, რომ არც დასაქმებული ჩავარდეს მძიმე დღეში და არც დამსაქმებელს შეექმნას პრობლემები და არ თქვას ბიზნესის კეთებაზე უარი.

“თუ ბიზნესმა არ იმუშავა, დასაქმებულებიც არ იქნებიან. აქედან გამომდინარე, ამ ოქროს შუალედის პოვნა შესაძლებელია კლექტიური მოლაპარაკებით”, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე.

აღნიშნულს ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი. სწორედ მისი კომიტეტი იმუშავებს შრომის კოდექსის შეცვლაზე. დავითაშვილის აზრით, დაუშვებელია, რომ დამსაქმებლის, ასევე ინვესტორის ინტერესებს შეეწიროს დასაქმებულთა უფლებები.

“რისთვის გვინდა ეკონომიკის წინსვლა და ინვესტორის შემოსვლა? მსოფლიო ბანკის ანგარიშებში რომ მაღალ ადგილზე მოვხვდეთ, თუ ადამიანებისთვის გვინდა? თუ ადამიანების მდგომარეობა არ შეიცვალა და ისინი მონური შრომის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, არა მგონია, რომ კანონზომიერი მიზანი იყოს მსგავსი ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური განვითარების სიკეთე უნდა მიიღოს მთელმა საზოგადოებამ – როგორც ბიზნესმენმა, ისე დაქირავებულმა”, – მიიჩნევს კობა დავითაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, გარდა ბიზნესის ინტერესისა, არსებობს დასაქმებულ ადამიანთა ინტერესი და უნდა იყოს ბალანსი ამ ინტერესებს შორის.

 

“ცენტრისტული პოზიცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ დასაქმებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, დამსაქმებელს მისი სამსახურიდან გაშვების უფლება აქვს. არ შეიძლება დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება მხოლოდ დამსაქმებლის პირადი მოსაზრებით. გათავისუფლება უნდა იყოს მოტივირებული და საფუძვლიანი”, – ამბობს კობა დავითაშვილი.

 

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბალანსი მიიღწევა მოლაპარაკებებით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ხელისუფლების, ისე დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლები.

პეტრიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა საუბარი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შრომითი კოდექსის შეცვლის თაობაზე.

“აქამდე საუბარი რომ არ ყოფილიყო, “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში არ იქნებოდა ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით წლების მანძილზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთანაც ერთად მუშაობა დაიწყება ალტერნატიულ კანონმდებლობაზე, რომელზეც ყველა მხარე, მათ შორის ბიზნესიც იმუშავებს”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

მისი მოსაზრებით, ჭიათურელი მაღაროელების, თელასისა და ბორჯომის თანამშრომლების გაფიცვა შედეგია იმ შრომითი კანონმდებლობისა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა უფლებებს და რომელიც ვერ აგვარებს მათ პრობლემებს.

 

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ პავლე კუბლაშვილის მოსაზრებით, საქართველოში დღეს მოქმედი შრომის კოდექსში შეცვლას და, მით უმეტეს, ხელახლა დაწერას არ საჭიროებს.

მისი მოსაზრებით, ის პრობლემები, რაც დღესდღეობით გაფიცულებს გააჩნიათ თავიანთ დამსაქმებლებთან, გამოწვეულია ამ კონკრეტულ საწარმოში არსებული პრობლემებით და ამას საერთო არაფერი აქვს შრომითი კანონმდებლობის ნაკლოვანებებთან.

“მე არ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მუშების გაფიცვის მთავარი მიზეზი არის შრომის კოდექსი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უნდა რეგულირდებოდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ძალიან კონსტრუქციულ, მშვიდ გარემოში. აქედან გამომდინარე, თუ სადმე პრობლემებია, როგორც ჩანს, აი, ამ ურთიერთობის ნაკლებობის შედეგია.

 

როგორ შეიძლება ადამიანებმა თვითონ ვერ დაარეგულირონ თავიანთი ურთიერთობები და სადღაც უფრო ჭკვიანი ხალხი იყოს, რომლებიც მივლენ, ჩაერევიან და დაარეგულირებენ?“ –განუცხადა “ნეტგაზეთს” პავლე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში უკვე ერთ კვირაზე მეტია გაფიცულია “ჯორჯიან მანგანეზის” 3 600–მდე თანამშრომელი. გამაფრთხილებელი გაფიცვები მოაწყვეს “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებმა, ასევე გაიფიცნენ “ბორჯომის” ერთ–ერთი ქარხნის მუშები. გაფიცულთა ძირითადი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა, სამუშაო პირობებისა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი